კვარაცხელიასთან მაინც ინანებ - შეფასების კრიტერიუმები, მწვრთნელის როლი და მომავალი პენალტისტის ამბავი...

AutoSharing Option
"მარჯვნივ წახვალ - ინანებ, მარცხნივ წახვალ - მაინც ინანებ“ - "ნაპოლის“ მატჩების წინ, დაახლოებით, ასეთია მათი მოწინააღმდეგეების მთავარი მწვრთნელების დილემა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. "აინტრახტის" თავკაცმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ქართველი გარემარბი თამაშიდან გამოეთიშა, რისთვისაც საგანგებოდ ბევრს იმუშავებდა, თუმცა ამის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია!..

Sportall.Ge

"კვარას" არ გაუმართლა, თორემ შეხვედრაში გატანა (პენალტის გარდა) ორჯერ შეეძლო. ამავდროულად კი, ვნახეთ ის, რაც ხვიჩას ყოფილ კლუბში ნაკლებად შეგვინიშნავს - თანაგუნდელებმა ამ გარემოებით შექმნილი სივრცეებით მშვენივრად ისარგებლეს.

ბედნიერებაა, როცა "ლივერპულისა" და "რეალის" ზღაპრული მატჩის ინტერესი
საქართველოში შენელებული იყო, რადგან "ნაპოლისა" და ჩვენებურის შეხვედრას ერთი წამითაც ვერ მოვწყდებით. დეტალური განხილვაც ძალიან გვაინტერესებს. გასაგებია იტალიური გამოხმაურებები, გვსიამოვნებს ცნობილი ფეხბურთელების შეფასებები, თუმცა "ჩვენი" მაქსიმალურად ბევრი უნდა ვთქვათ, უკეთესი სამსჯელო რა გვაქვს?!

Sportall.Ge

რას ამბობს ქულები?!

Sofascore-ის შეფასებას თუ ჩავხედავთ, ერთი შეხედვით უცნაური ისაა, რომ როგორც ნეაპოლელთა მარცხენაფლანგელებს (ოლივერა/კვარაცხელია), ასევე მათ საპირისპირო მხარეს მოთამაშე გერმანელებს დაბალი ქულები აქვთ. საინტერესოა, რატომ? ვითარება უფრო ცხადად ავხსნათ. ფრანკფურტელები 3 ცენტრალური მცველით თამაშობდნენ. ასეთ დროს რომელიმე ფეხბურთელს მთელი ფლანგის კონტროლი, ანუ დაცვასა და შეტევაში თამაში ევალება. "აინტრახტის" პორტუგალიელი ფლანგელი ბუტა, რომელიც ბუნდესლიგაში გამამწვავებელ კომპონენტში საკმაოდ ეფექტურია (გოლებიც გააქვს), მთლიანად კვარაცხელიას ნეიტრალიზებით და ამ საქმეში ბრაზილიელი ტუტას დახმარებით იყო დაკავებული. მიუხედავად ოლივერას საკმაოდ არადამაჯერებელი თამაშისა, ხვიჩას გამოისობით, გერმანელები მარჯვენა ფლანგიდან შეტევის განვითარებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, შეხვედრის მასპინძლებმა აქ ხეირი ვერ ნახეს. ის, რომ მაღალი შეფასება არც კვარაცხელიას აქვს, ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. შესაძლოა, ჩვენებურს არ უმართლებდა და ერთიანი ასპექტებით ამ პოპულარულ ვებგვერდზე 6.6 აქვს, თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად, გენიალური საგოლე პასით მატჩის შედეგი საბოლოოდ გადაწყვიტა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფრანკფურტელთა მობილიზება კვარაცხელია-ოსიმენის ირგვლივ იყო გადანაწილებული, ეს თავისუფალ ზონებს მარჯვენა ფლანგსა და ირვინ ლოსანოს აძლევდა, რადგან მარცხენაფლანგელ მაქსს მის წინააღმდეგ დამზღვევი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა. კოლო მუანის გაძევების შემდეგ ეს პრობლემა უფრო წარმოიშვა. მექსიკელმა ბოლო დროს მოუმატა და პოლიტანოსთან კონკურენციაც დაძლია. მის გარჯას არავინ აკნინებს და ლოსანო მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა "მთელი" ფრანკფურტი რომ მეტოქის მარცხენა ფლანგზე ფიქრობდა, ვერც ამას გავექცევით.

Sportall.Ge

სპალეტის გარდატეხა

მატჩის მიმდინარეობისას თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. გამოუყენებელი პენალტის შემდეგ, როგორც მისი შემსრულებლის (ამ შემთხვევაში, კვარაცხელია), ასევე გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნეგატიური ხდება. ის, რაც ამ ეპიზოდის შემდეგ ვნახეთ (ოსიმენმა კვარაცხელიას თავი მაღლა ააწევინა) და შემდეგ, გუნდმა თამაში ისე განაგრძო, თითქოს ეს ერთგვარი დარტყმა (თანაც, 0:0-ზე) არ მიუღიათ. ამაში მთავარი მწვრთველის როლი დიდია.

უკანასკნელ მატჩებში სპალეტის გუნდი მეორე ტაიმს უკეთ ატარებს, ვიდრე პირველს. ერთია მწვრთნელის ჩარევა პროცესში და სიტუაციის მისთვის სასარგებლოდ შეცვლა, მეორე კი ის ფაქტორი, რომ ნეაპოლელებს მეტოქეები მჭიდროთ ეთამაშებიან და ასეთ დროს არაერთი ვარიაციაა საჭირო. პირველ გოლზე აქცენტი მნიშვნელოვანი ხდება, რადგან შემდეგ მოწინააღმდეგეები იძულებული არიან, ზემოთ ამოიწიონ და ამით მეტ შანსს იღებ.

სპალეტის გუნდმა წელს უკვე საკმაოდ ბევრი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ლუჩანოსთვის ნდობა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ზელინსკიმ, ასევე ოსიმენმა და პოლიტანომ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანების შემდეგ ეს ადგილი სხვას დაუთმეს. საინტერესოა, კვარაცხელიას შემთხვევაში რა იქნება?! გამოცდილი მთავარი მწვრთნელი "კვარადონასთან" პირველივე დღიდან ძალიან სწორად მუშაობს, ქებაც ძალიან აწონილი აქვს და კრიტიკაც. ამ შეხვედრაშიც ვნახეთ, რომ ქართველ გარემარბს მაქსიმალური დრო მისცა, რათა მაინც ერთგვარი შებოჭილობისგან ბოლომდე გახსნილიყო, მით უმეტეს, გენიალური პასის შემდეგ.

Sportall.Ge

ანგისას ფაქტორი

ობიექტურობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვაქებთ სტანისლავ ლობოტკას, რომელიც ტრადიციულად, დამაჯერებელი იყო, თუმცა აღვნიშნავდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, ზამბო ანგისა საკუთარ თავს არ ჰგავდა. დაახლოებით სამთვიანი არასტაბილურობის შემდეგ კამერუნელმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ველით.

ზამბო ფიზიკურად ძლიერია და დაუღლელად, ბევრი მოძრაობა შეუძლია. დი ლორენცოს გოლამდე ანგისას კვარაცხელიასთან ძალიან კარგი ურთიერთქმედება ჰქონდა. 99-ე ნომერს ჩემპიონთა ლიგაზე 3 საგოლე პასი აქვს. თუკი იტალიის ჩემპიონატში ნახევარმცველებიდან ამ კომპონენტში უფრო პიოტრ ზელინსკი გამოირჩევა, აქ ანგისა ლიდერობს. მთლიან სიას ზემოდან ვინ გადმოჰყურებს? - მესი, კვარაცხელია, ჟოტა და კანსელუ...

Sportall.Ge

ხვიჩას ესთეტიკა

ადრეც აღგვინიშნავს, ზოგჯერ საგოლე პასი გოლზე მეტად ფასობს. კვარაცხელიას მიერ დი ლორენცოსთვის "მირთმეული“ ბურთი მთელი სიამოვნება და ესთეტიკა იყო. ამის გამოცაა, "კვარა" ძალიან რომ ფასობს. ამ ეპიზოდის შემდეგ ხვიჩამ უფრო გაილაღა. ქართველი საკუთარ თავსა და ძალებში ბოლომდე დარწმუნებულია, ემოციების მართვაც ეხერხება, თუმცა, ადამიანურად, თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა მაინც განიცადა. მან იმისგან განსხვავებულად დაარტყა, ვიდრე აქამდე გვინახავს და არ გამოუვიდა. ეს მართლაც ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ნერვიულობა არც ღირს.

Sportall.Ge

ზოგჯერ წარმოუდგენელია, რომ ისეთი ინდივიდუალისტური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა, პასებზე ასე მომართულია. სპალეტის ამაში თავისი წვლილი აქვს, თუმცა ჩვენებურის გენეტიკაში რაც დევს, იმის დასწავლა არ ხდება. საერთო გუნდურ ვითარებას ბევრს ვაქებთ, მაგრამ ამ შეხვედრაშიც იყო ეპიზოდი, როცა ლოსანოს კვარაცხელიაზე პასის გაკეთება მოეთხოვებოდა. ვიქტორ ოსიმენი ასეთ დროს ემოციურია, 77-ე ნომერს კი ამის გამო ვერც წყენას შეამჩნევ და არც ისე ხდება, ამ მიზეზით საკუთარ ფასეულობებს გადახედოს.

Sportall.Ge

ასე იწერება ისტორია

ამასობაში, "ნაპოლი" ისტორიაში პირველადაა ახლოს, მეოთხედფინალში გავიდეს. წარმოიდგინეთ, ამას მარადონას დიდების წლებშიც ვერ მიაღწიეს. მერვედფინალურ ეტაპზე პირველ გასვლით გამარჯვებასაც ათწლეულების შემდეგაც გაიხსენებენ. სკუდეტოსთან მიახლოება ყოველ კვირაში იზრდება, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი შემდეგი ეტაპიდან დასაკარგი რა უნდა იყოს. ეს ნეაპოლური კლუბია, მისი ერთი-ერთი მთავარი ძალა კი ქართველი ფეხბურთელია!..

altკვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

alt"თუ ხვიჩას ფანი აღარ ჰყავს, მაშინ მე ცოცხალი აღარ ვარ" - "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი "ტვიტერზე" წერილს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
"ამას მარადონას დიდების წლებშიც ვერ მიაღწიეს"- ამ ფრაზამ ემოციურად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრია გუნდური თამაში, კოლექტივიზმი, ხოლო თუ ჩემპიონობა გინდა, ამას უნდა დაამატო კვარას მსგავსი ტალანტები, რომლებიც გუნდის ინტერესებს არგებენ თავის ნიჭს.
ჰაჰა
23 თებერვალი 2023 12:57
1
ეს ბიჭი არაჩვეულებრივად წერს, სასიამოვნო საკითხავია.
არჩი
23 თებერვალი 2023 12:56
0
წიგნიერი რომ არის,ეტყობა აშკარად მისი წერის სტილს.მეც მომწონს.
:-)
23 თებერვალი 2023 16:38
0
ძმა ძმისთვისაო...ყოჩაღ,ვიქტორ,კაცი ხარ კაცური.მადლობა!
კოტე
23 თებერვალი 2023 13:29
0
ხვიჩა ლიგის ფინალს ითამაშებს,მათ ეს დაიმსახურეს!!!
ზაზა
23 თებერვალი 2023 12:19
0
მატიას ოლივერამ ყველაზე ცუდად ითამაშა და მას ვეღარ აჯობა? არ მჯერა ასეთი ობიექტური შეფასების!
ისე ნაპოლის თამაშებისადმი ინტერესი მსოფლიოში გაცილებით გაიზარდა...
ნაპოლი ფინალს ნამდვილად ითამაშებს და ვინძლო მოიგოს. ლივერპული-რეალის მატჩში რეალს უფრო გაუმართლა, თორე ნაპოლიც მოიგებდა არამხოლოდ ორბურთიანი უპირატესობით, არამედ გაცილებით დიდი ანგარიშით, რომ არა კვარას არგამართლება რიგ მომენტებში.
ლაშა
23 თებერვალი 2023 12:38
0
თუ დაახია ბურთი თავზე ლიგის ფინალში რეალს,მერე ვნახოთ ხვიჩიტას ფასი!!! რაცხა მაგ სუნი ტრიალებს ლიგის სამზარეულოში ასე მგონია მე!!! მიდი უბერე ქართველო!!! მიდი გაგვაცოცხლე!!! დღეს "ფეოლა" და "ბურთი და მოედანი" ჩავრთე, ახლა კი "პირველი მერცხალი' უნდა ვნახო ხვიჩა შენს გამო!!!
ნიკოლოზი
23 თებერვალი 2023 18:13
1
მინდა პენალტზე შტაბეჭდილება გამოვხატო: ხვიჩამ დიდი სიჩქარე აკრიფა, თან სირბილში რკალი მოხაზა. დარტყმისას მეკარეს ვეღარ მოატყუებდა(დიდი სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი და მეკარისგან მარცხნივ დარტყმა ალბათ გაუჭირდებოდა). ჩემი მოკლე ჭკუით მეკარემ ამით ისარგებლა (თუ გამოიცნო?) მადლობელი ვიქნები, თუ გამომეხმაურებით. ხვიჩასადმი დიდი სიყვარულით.
ჯონდო
23 თებერვალი 2023 17:46
0
აქაც, სიახლის სურათშიც ჩანს, რომ გადახრილია მარცხნივ, მთელი ტანით და მეკარეც ფეხებისა და ბურთის ფარგლებში აკვირდება. რთულია ასე გადზნექილზე, სხვა მიმართულებით დაარტყა. უნდა მოჭრა მაშინ. რაც, კარგ კონტროლსა და სიზუსტეს მოითხოვს და ჩანაფიქრშივე მოზომილი უნდა გქონდეს. ცოტა კრეატივი და გამოცდილება დააკლდა ჩვენს ბიჭს, მაგრამ არაუშავს, გამოცდილება დაუგროვდება და ისწავლის.
BENDELA
23 თებერვალი 2023 19:01
0
ჯონდო, თუ დააკვირდებით სურათს, ხვიჩა ბურთს დაჰყურებს დარტყმის მომენტში...
აი მაგ მომენტში თავი აწეული რომ ქონოდა, შეეძლო ბურთის მოპირდაპირე მხარეს გაგზავნა...

დიდი პენალტისტები ამას აკეთებენ და, ვფიქრობ, ეს კომპონენტი დასახვეწია
თამაზი
23 თებერვალი 2023 20:12
0
ყველა გამოხმაურება
სამი დღეა ამ თამაშზე ყველგან ყველაფერი წავიკითხე და მაგალითად ანგისას როლზე არსად არაფერი თქმულა. კარგი ანალიზია, გაზეთის გარდა არამგონია იტალაიში ასე წერდნენ
რომაელი
23 თებერვალი 2023 16:26
0
რა აჟიოტაჟი ატეხეთ ხალხო? პენალტი ვის არ გაუფუჭებია, დამისახელეთ თუნდაც ერთი დიდი ფეხბურთელი! მერე რა რომ ვერ გაიტანა? განა მატჩის ბედი წყდებოდა იმ პენალტით? ანდა რა მოხდა? გუნდმა წააგო თამაში? ყველაფერი ძალიან კარგად არის, გუნდმა გასვლა მოიგო, რა არის აქ ცხვირჩამოსაშვები? ბიჭი ძალიან მონდომებული და ძალიან ნიჭიერია, ყველაფერი წინ აქვს, ასე მოკლე დროში საოცარი შედეგები აქვს.
Ანზორი
23 თებერვალი 2023 17:13
0
ფაქტობრივად სამი კაცის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ფლანგზე არაფრის საშუალება არ მისცეს.ფსიქოლოგიური დაძაბულობაც იგრძნობოდა,განსაკუთრებით გაფუჭებული პენალტის შემდეგ.ბურთსაც იშვიათად იღებდა,მაგრამ დრიბლინგით ცენტრისკენ შემოიწია და საგოლე პასი გააკეთა.სამი კაცი,ყველგან ვერ დაუწყებდა დევნას.ცუდი(შედარებით)თამაშის ფონზე,შედეგის დადება!სწორედ ეს არის კლასი!
სოსო
23 თებერვალი 2023 17:33
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული