"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აშშ-შიც კი ძალიან პოპულარულია. ამას წინათ "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი რორი სმიტი ხვიჩას ნეაპოლში ეწვია და ინტერვიუ ჩამოართვა, ახლა კი CBS Sports-ის კორესპონდენტი გილემ ბალაგე ორი დღით თბილისში ჩამოვიდა და კვარაცხელიას ოჯახი მოინახულა.
ამერიკულმა ტელეკომპანიამ "კვარაზე" რეპორტაჟის მომზადება გადაწყვიტა და ბალაგეს სტუმრობის მიზეზიც ეს იყო.
ბალაგეს თბილისში ვიზიტი CBS Sports-მა გააშუქა. გადაცემაში ტიერი ანრი, ჯეიმი კარაგერი და მიკა რიჩარდსი მონაწილეობდნენ. წამყვანმა აღნიშნა, რომ ბალაგემ ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ჩამოსასვლელად 10 ათას კილომეტრზე მეტი დაფარა.