კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ სახლში „ბაზელთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გასვლაზე მიღწეული ფრის შემდეგ (2:2) ბრატისლაველებმა თავიდანვე შეუტიეს და აბუბაკარისა და კუცკას გოლებით დაწინაურდნენ. ვერაფერს იტყვი, ასეთ დებიუტს ვერც ინატრებდნენ. ჩაკვეტაძე ძალიან აქტიური იყო, ჯერ საჯარიმოში წააქციეს, შემდეგ საჯარიმოს გარეთ, მაგრამ მსაჯმა პირველ შემთხვევაში პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, ხოლო მეორეში რატომღაც იქით დააჯარიმა. კარგად ირჯებოდნენ კაშია და კანკავა და საერთოდაც უნდა ითქვას, შესვენებამდე „სლოვანი“ დამაჯერებელი გახლდათ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ კოხტა პასით აბუბაკარი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ამას სტუმართა იერიში და კალაფიორის მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა. მერე ნდოიემ მოახერხა და ორიოდ მეტრიდან ვერ გაათანაბრა ანგარიში. მწვრთნელმა ვაისმა დაცვის გასაძლიერებლად ჩაკვეტაძე ლიხით შეცვალა. ცოტა ხანში შვეიცარიელებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ და ამჯერად მიზანს ზეკირიმ ვერ უწია. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში ამდუნიმ დალაშქრა ჩოვანის კარი, 2:2 და ექსტრა-ტაიმი დაინიშნა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის დაწყებამდე ვაისმა მეკარე ჩოვანი ტრნოვსკით შეცვალა. თუმცა თერთმეტმეტრიანები უკეთ "ბაზელმა" შეასრულა და გაიმარჯვა.
სლოვანი - ბაზელი 2:2 (პენ 1:4)
გოლები: 1:0 აბუბაკარი (12), 2:0 კუცკა (18), 2:1 კალაფიორი (52), 2:2 ამდუნი (90+3)
„შახტარი“, რომლის საევროტურნირო განაცხადში არ იყო გიორგი გოჩოლეიშვილი, როტერდამში ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ 1:7 განადგურდა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და გათამაშებას გამოეთიშა.