ვინ შეუწყვილდება კვარაცხელიას? - ოსიმენის წასვლაზე გადაწყვეტილად წერენ...

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლაზე, როგორც გადაწყვეტილ ამბავზე, ისე წერენ. ეს კი ქართველ გულშემატკივრებს, პირველ რიგში, იმაზე აფიქრებს, ვინ შეიძლება შეცვალოს ნიგერიელი ბომბარდირი და მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას (თუკი ის დარჩება) შეუწყვილდეს. ლუჩანო სპალეტის გუნდი 3 შემტევით თამაშობს, თუმცა მათი შედეგებისა და შეთამაშებიდან გამომდინარე, "კვარასა" და ვიქტორს წყვილად მოიხსენიებენ.

ქართველი გარემარბი მის წინააღმდეგ რამდენიმე მეტოქის თამაშს შეეჩვია. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, მცველების ყურადღება სხვაზეც გადაერთოს და ჩვენებურს მეტი თავისუფალი სივრცე დარჩეს. როცა ოსიმენი არ იყო, ვნახეთ, ეს როგორ გაჭირდა და
საინტერესოა, თუ ვინ შეცვლის მას.

"ნაპოლი" ჩემპიონობას იფორმებს, მაგრამ ამ გუნდს მაინც ნაკლები შანსი აქვს, მოთამაშეები გრანდებიდან გადაიბიროს. ნეაპოლურ კლუბს არც განსაკუთრებულად მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლია და სატრანსფერო თანხებშიც მოზომილია. გარდა ამისა, წლევანდელ სეზონში ტრიუმფის მიუხედავად, იტალიაში ის ყველაზე პოპულარული კლუბი ნამდვილად არაა, როგორიც "იუვენტუსი" თუ "მილანი"... კვარაცხელიასა და კიმის ტრანსფერები ის გზაა, რომელიც ხელმძღვანელობის კარგ მუშაობაზე მეტყველებს და ამას ხშირად აღვნიშნავთ - მცირე თანხებით მომავალი ლიდერების შეძენა!..

იტალიის ჩემპიონობის რანგში ფორვარდის ძიება ბევრგან შეიძლება და ამის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი დაიწერება. ჯერჯერობით, რაც წავიკითხეთ, ფრანგი კოლო მუანის ვარიანტია. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რამდენიმე შემტევზე ვიმსჯელოთ. იქნებიან თუ არა ისინი სიაში და ვინ დაემატება მათ, ერთად ვნახავთ.

Sportall.Ge

რანდალ კოლო მუანი ("აინტრახტი", სატრანსფერო ფასი 65 მლნ. ევრო) - ფრანგ ფორვარდს შეეძლო, მსოფლიო ჩემპიონატის გმირი გამხდარიყო, თუმცა არგენტინის ნაკრებს პენალტების სერიამდე ცოტათი ადრე ვერ გაუტანა. ის წელს განსაკუთრებით შედეგიანია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბევრი საგოლე პასი აქვს (13 გოლი, 10 "ასისტი"). 24 წლის შემტევი მოძრავია და ზონების გათავისუფლებას კარგად ახერხებს, მასთან ურთიერთქმედება კვარაცხელიას კარგად უნდა გამოუვიდეს.

"ნაპოლი" რანდალისთვის ცუდი მოგონებაა. ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში გააძევეს. ზოგადად, დისციპლინა ფრანგის სუსტი წერტილია, მან მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი ბუნდესლიგაშიც მიიღო და საკმაოდ ხშირად აფრთხილებენ. მეორე მხრივ კი, ეს მის ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. კოლო მუანის სიმაღლე 187 სმ-ია.

Sportall.Ge

მარკუს ტურამი ("გლადბახი", 32 მლნ) - ლეგენდარული ფრანგის, ლილიენ ტურამის ვაჟი კარგი შემტევია, მოძრავია და გოლების ალღოც აქვს, ტანმაღალია (192 სმ), თუმცა ფლანგზე თამაშიც გამოსდის. 25 წლის ფეხბურთელის მიმართ სულ არის განცდა, რომ უკეთესი კარიერა უნდა ჰქონდეს, ის კი საშუალო გაქანების გლადბახის "ბორუსიაში" უკვე მეოთხე სეზონს ატარებს.

13 გოლი და 5 შედეგიანი პასი, ასეთია წელს მარკუსის მონაგარი, მისი გუნდი კი ცხრილის შუაშია. ტურამისა და კვარაცხელიას ერთად გამოსვლის შემთხვევაში, ისინი პოზიციების შეცვლასაც შეძლებენ.

Sportall.Ge

ადელომა ლუკმენი ("ატალანტა", 30 მლნ) - ნიგერიელის ნიგერიელითვე ჩანაცვლება რამდენად მოხდება, რთული სათქმელია, მაგრამ 25 წლის ლუკმენის მთავარი პლუსი ახლა ისაა, რომ სერია "ა"-ში მშვენივრად ათამაშდა, 13 გოლი, 3 საგოლე პასი აქვს და მხოლოდ ოსიმენსა და ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება.

ადელომა ცენტრალური თავდამსხმელი არაა, ის უფრო მეორე ფორვარდად ან ფლანგზე თამაშობს, ტაქტიკური ვარიაციებისთვის კი მშვენიერი არჩევანია. ნიგერიელი კლუბს ხშირად იცვლის. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბერგამოელებამდე "ლესტერში", "ფულემში", "ლაიფციგსა" და "ევერტონში" გამოდიოდა, ყველაზე შედეგიანი კი "ატალანტაშია". მისი სიმაღლე 172 სმ-ია.

Sportall.Ge

მ'ბალა ნზოლა ("სპეცია", 6.5 მლნ) - ლუკმენის მსგავსად, მოკრძალებულ "სპეციაში" მოთამაშე ნზოლასაც იტალიის ჩემპიონატში 13 შედეგიანი დარტყმა აქვს (2 საგოლე პასი). სერია "ა"-სთან ადაპტირება მისი დადებითი მხარეა, რასაც ყურადღება მიექცევა. ის იმ მასშტაბის ფორვარდი არაა, ოსიმენის შემცვლელი დავარქვათ, თუმცა წინა წლებში განსაკუთრებული შედეგიანობა არც "ნაპოლის" დღევანდელ "ცხრიანს" ჰქონდა. 26 წლის ანგოლელი, ცენტრფორვარდთან ერთად, მარჯვენა გარემარბადაც თამაშობს, სადაც გაძლიერება "ნაპოლის" ასევე სჭირდება. მ'ბალას სიმაღლე 185 სმ-ია.

შეგახსენებთ, იტალიის სერია "ა" ივნისის დასაწყისში დასრულდება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი მუდამ საინტერესოა.

alt"მართლა მაგარი ბიჭია, ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია" - "რეინჯერსის" ლეგენდები "კვარაზე"

altთუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩა - როგორ შეინარჩუნებს გუნდი ამბიციებს და ექნება თუ არა რესურსი?!

alt"ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

მკითხველის კომენტარები / 13 /
გიორგი მიქაუტაძე არის ის ფეხბურთელი, რომელიც მაგრად ათამაშდება ნაპოლიში და ბევრსაც გაიტანს!თუ ჭკუა აქვთ ნაპოლის ხელმძღვანელობას ახლავე უნდა გადაიბირონ!!!7
ზაზა
15:39 27-04-2023
7
ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩეს ხვიჩა ნაპოლიში და შემდეგ უნდა გადავიდეს უფრო ძლიერ გუნდში, ვფიქრობ მომავალ წელს საგრძნობლად მოუმატებს და ფიზიკურადაც მოძლიერდება, პირველუ წელი მაინც უფრო შეგუების პროცესში იყო. ხვიჩა თუ კითხულობ კომენტატებს ვარჯიშთან ერთად უცხო ენები ისწავლე, კომუნიკაცია მწვრთნელთან და გუნდელებთან უმთავრესია წარმატების მიღწევაში
მამუკა
16:40 27-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული