"ბორდოს" საიტი გულშემატკივრებს სიხარულით ატყობინებს, რომ 22 წლის ქართველ ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილთან ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ჟირონდულმა კლუბმა ოფციით ისარგებლა და ბათუმის "დინამოსგან" დავითაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა:
"ქართველი "ბორდოს" 2022 წლის აგვისტოს ბოლოს შეუერთდა, მაშინვე გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, სეზონი სრულად ჩაატარა, ყველა ტურნირზე 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კერძოდ, "მატმიუტ-ატლანტიკზე" "დიჟონთან" (2:1), "სოშოსთან" (2:1) და "ლავალთან" (3:0) გადამწყვეტი გოლები გაიტანა.
სწრაფი შემტევი საქართველოს ნაკრების წევრია. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 26 შეხვედრაში 4 გოლია, ამჟამად 21-წლამდელთა
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს, სადაც საქართველო მეოთხედფინალში გავიდა.
კლუბი მოხარულია, რომ მომავალ სეზონებში ზურიკოს იმედი შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ მას ევროპირველობის ფინიშზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ და მოუთმენლად ველით მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე!"
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბორდოს" ტრანსფერი 1.25 მილიონი ევრო დაუჯდა.