ახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ში მეორე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი ელიტიდან გავარდა, თუმცა აქ გიორგი კვერნაძე და მისი "ფროზინონე" იქნებიან. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ იქნებ კიდევ ერთმა ჩვენებურმა შეძლოს და აპენინებზე თავისი სიტყვა თქვას.

ბევრს კვერნაძის ტრანსფერი გაუკვირდა კიდეც,  რადგან 20 წლის მოთამაშე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ ყოფილა. გიორგი თითქმის არ თამაშობდა ბათუმის "დინამოში", სადაც გადასვლის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ მისით იტალიური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი.

კვარაცხელიამ ევროპაში მართლაც სერიოზული ფანჯარა გაგვიჭრა და ტოპ-ლიგებში ჩვენებურთა რაოდენობამ უნდა მოიმატოს. კვერნაძე იტალიაში საქართველოს
ისტორიული კლუბის, ამ ეტაპზე ქვედა ლიგაში მოთამაშე, ფოთის "კოლხეთის" რიგებიდან, იჯარით გადავიდა. აუცილებლად უნდა აღვნიშვნოთ, რომ გიორგის საფეხბურთო საქმეებს ის ხალხი განაგებს, ვინც კვარაცხელიას უკავშირდება (მამუკა ჯუღელი, ნუკრი რევიშვილი). ასე რომ, იტალიური გზა ხსნილია. შეგახსენებთ, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი წარმატება კახა კალაძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ლევან მჭედლიძე ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში გამოდიოდა.

Sportall.Ge

როგორი მოთამაშეა კვერნაძე?

გიორგი ზუსტად იმავე პოზიციაზე თამაშობს, სადაც ხვიჩა - მარცხენა გარემარბია. კვერნაძე სწრაფია და მოხდენილი მოძრაობები აქვს. 187 სმ სიმაღლის ფეხბურთელს ფორვარდის უნარებიც გამოარჩევს - ზუსტად გრძნობს ბურთის მიმართულებას და პოზიციას არჩევს.

"ფროზინონეს" ახალწვეული იტალიის ჩემპიონატით მოხიბლული იყო, პატარაობაში კახა კალაძეს (წარმოშობით კვერნაძეც სამტრედიელია) გულშემატკივრობდა. მას იცნობენ, როგორც ძალიან მონდომებულ, მიზანდასახულ და ერუდირებულ ფეხბურთელს და იმედი გვაქვს, თავის დამკვიდრებას იოლად შეძლებს!.. "კვარამ" სხვა მასშტაბებზე აგვიყვანა, მაგრამ იოლი არაა, იტალიის ჩემპიონატში პირდაპირ სასტარტოში ითამაშო.

კვერნაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, იქაც და ეროვნულ ლიგაშიც დაამტკიცა, რომ მოკლე დროშიც შეუძლია, დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნას. 

Sportall.Ge

ფროზინონე

ფროზინონე რომთან ახლოს მდებარეობს. ის ლაციოს რეგიონს ეკუთვნის. საფეხბურთო მატჩი "ლაციოსა" და "ფროზინონეს" შორის ერთგვარი დერბია. ფროზინონეში აღმოჩენილი ყველაზე ძველი დასახლებები გვიან ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ამის შემდეგ აქ იყო ბევრი ბრძოლა, მიწისძვრა, ნგრევა, თანამედროვე ქალაქი კი კომერციულ დასახლებად იქცა.

ამ ქალაქის გუნდი სერია "ა"-ში 2015/16 და 2017/18 წლებში ასპარეზობდა და ელიტას ახლა დაუბრუნდა. ისინი ძალიან დამაჯერებელი იყვნენ და უახლოეს მდევრებს დიდი უპირატესობით გაუსწრეს. 1906 წლის შემდეგ, სერია "ბ"-ში გამარჯვება მათი ყველაზე დიდი მიღწევაა. "ფროზინონეს" მოკრძალებული სტადიონი აქვს - "ბენიტო სტირპზე" 16 227 მაყურებელი ეტევა. 

"ფროზინონეს" ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, ფაბიო გროსო წვრთნიდა, რომელიც გუნდს დაემშვიდობა. ახლა მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩისკოა. ის ყველაზე ცნობილ კლუბს, "რომას" თავკაცობდა. 53 წლის სპეციალისტი ბოლო ორი წელი უმუშევარი იყო.

ელიტაში დაწინაურებულ "ფროზინონეში" სხვა ცვლილებებიცაა. მაგალითად, გუნდი დატოვა მეკარე ლეონარდო ლორიამ, რომელიც კარიერას "იუვენტუსში" იწყებდა და პერსპექტიულ კიპერად მიიჩნეოდა. გიორგის მთავარი კონკურენტი ჯუზეპე კასო იქნება, გუნდში კიდევ ერთი მარცხენა შემტევია - მაროკოელი ბიდაუ.

Sportall.Ge

ინსინიე

თუკი კვერნაძემ მარცხნიდან უნდა შეუტიოს, მარჯვნიდან ეს საქმე "ნაპოლის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმამ, რობერტომ უნდა ითავოს. კარიერას ისიც ნეპაოლურ კლუბში იწყებდა და არაერთი წელი აქ იყო, თუმცა, ლორენცოსგან განსხვავებით, დასამახსოვრებელი ბევრი ვერაფერი შექმნა.

მწვრთნელ დი ფრანჩესკოს საბაზისო ტაქტიკად 3-4-2-1 მიიჩნევა, ასეთ შემთხვევაში როგორც გიორგის (თუკი სასტარტოში დამკვიდრდება), ასევე რობერტოს მეტი სამოქმედო არეალი ექნებათ.

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო სეზონის დაწყებას კიდევ უფრო დიდი ინტერესით ველოდებით, ქართული გოლები რაოდენობრივად უნდა გაიზარდოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს!..

altგაიცანით სერია A-ს ქართველი ახალწვეული - ინტერვიუ გიორგი კვერნაძესთან [VIDEO]

alt"ჩვენი ახალი ლომი" - "ფროზინონე" კვერნაძის ტრანსფერს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბევრი რამ იქნება კვერნაძეზე დამოკიდებული, ესეც თუ გვარიანად ათამაშდა, მერე ნახეთ თქვენ სკაუტების ბუმი საქართველოში, როგორც საფეხბურთო ტალანტების ქვეყანას ისე შეგვხედავენ და არა როგორც ერთეული ტალანტების გამონათებას. ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაეხსნება გზა წამყვან ტოპ 5 ჩემპიონატში.
Anti
14:50 05-07-2023
1
რომადან მახსოვს დიფრანჩესკო კარგი მწვრთნელია. კვერნას კი წარმატებებს ვუსურვებ და სერია ა ში დამკვდრებას
ტოტტი
13:28 05-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული