მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა და ჩვენი გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა, მისი სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა. ამის თაობაზე კატალონიური El Nacional-ი იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ "ბარსელონა" "ატლეტიკოდან" იჯარით აყვანილ ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის, რადგან ეს ძალიან ძვირი დაუჯდება და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
აღნიშნულია, რომ "ბარსა" ადვილად ქართველის გადაბირებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფინანსური პრობლემები თითქმის მოაგვარა, ტრანსფერის განსახორციელებელი თანხის გადასახდელად მზად იქნება და "ნაპოლის"
100 მილიონ ევროს შესთავაზებს.
"ბარსელონა" ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშს დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს. ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული.
გავრცელებულ ინფორმაციას Forbes-ი და ნეაპოლური სპორტული საიტები ადასტურებენ.