Rinnovo. ესაა კვარაცხელიას და ოსიმენის პრობლემის მიზეზი? - იტალიური მედია გაოგნებულია

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ამ სეზონში საკუთარ თავს აღარ ჰგავს, სადღაც გაქრა მისი შემართება, ნახევარდაცვა დაცვისგან გათიშულია, დაცვა კიმ მინ ჯეს გარეშე დასუსტებული, შეტევა არაეფექტური და შედეგიც სახეზეა. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეატყო რა სიტუაციას, დაღლილობის მომიზეზებით სამუშაო დატოვა და მალე ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. გუნდს ისეთი პირი უჩანს, სპალეტის მემკვიდრე რუდი გარსია კი არა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მართავს და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს.

დე ლაურენტისი გასული სეზონის ტრიუმფატორებს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც თვით დიეგო მარადონას ადარებდნენ და ვიქტორ ოსიმენს
კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას დაჰპირდა, მაგრამ ჯერ სიტყვა არ შეასრულა - როდესაც უპატივცემულოდ გეპყრობიან, ბუნებრივია ეს საპასუხო, ადეკვატურ რეაქციას იწვევს. კვარაცხელია აღარაა ძველებურად ბრძოლისუნარიანი, ოსიმენიც აღარ იკლავს მოედანზე თავს. შესაძლოა, ამას განზრახ არ აკეთებს, მაგრამ, ალბათ, ენთუზიაზმი გაუნელდა. ამიტომ იტალიურ მედიაში მათთან მიმართებაში ხშირად აღინიშნება, რომ პრობლემა Rinnovo-შია (ხელშეკრულების განახლებაში). ამ დროს „ნაპოლის“ წარმატება მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

„ჯენოასთან“ მატჩის დასასრულს ხვიჩას ალესიო ძერბინით შეცვლა რაღაც პროვოკაციული გახლდათ, ხოლო ქართველის პასუხი ყველასთვის მოულოდნელი“ - „კორიერე დელო სპორტი“ ხაზს უსვამს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართველისგან ეს პირველი პროტესტი იყო, ზედმეტი არასოდეს არაფერი უთქვამს და მომხდარი ფაქტი კარგად არ აღიქმება. დაახლოებით იგივეს წერს calcionapoli24: „კვარაცხელიას ჟესტი სასოამოვნოთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. გარსიას გადაწყვეტილება საკამათოა, თუმცა სახალხოდ მსგავსი რეაგირებაც არაა კარგი“.

ამავე თემას განავრცობს „გაძეტა დელო სპორტი: „ბევრმა ვერც გაიგო, რა გააკეთა გარსიამ კვარაცხელიას ძერბინით შეცვლით. „კვარა“ ხომ საჩემპიონო ტიტულის ერთ-ერთი სიმბოლოა და რბილად რომ ვთქვათ, რის შეცვლა შეეძლო ძერბინის?

CalcioMercato აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას უკვე 182 დღეა გოლი არ გაუტანია, გარსიას ხელმძღვანელობით სეზონის სტარტი მთლად დადებითი არ გამოუვიდა, „ჯენოასთან“ მცირედით გაიბრწყინა, თავის საუკეთესო თამაშამდე ბევრი უკლია და ესაა მისი ჟესტი გარსიასადმი და განახლებისადმი: „ვინც გადამწყვეტი მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო, ეს ვერ მოახერხა, მაგრამ არსებობს ტექნიკური ასპექტები და გარსიასადმი დამოკიდებულება. „ლაციოსთან“ „კვარას“ შეცვლის (ზოგიერთი თვალსაზრისით გასაგებიც იყო) შემდეგ, მისი „ჯენოასთან“ შეხვედრის დასასრულს მოედნიდან გაყვანა რაღაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ნეაპოლელები გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოდნენ და ამ დროს საკვანძო მოთამაშეს გასვლა მოუწია. თვითონ ფეხბურთელიც გაკვირვებული დარჩა და ჟესტებით ჰკითხა: „რატომ? რას აკეთებ?“

Sportall.Ge

გარსიას გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად მოჩანდა, რამეთუ ხვიჩა ძერბინიმ შეცვალა, რომელიც როგორც წესი, მატჩში გარდატეხის შემტანი არაა. განახლება - თუ მოედანზე „ნაპოლისა“ და კვარაცხელიასთვის საქმეები არცთუ კარგად მიდის, მოედანს მიღმა დე ლაურენტისი თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ქართველთან კლუბს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. რა თქმა უნდა, არსებობს მოლოდინი, რომ კორექტირება შეიძლება გასული სუპერსეზონიდან გამომდინარე მოხდეს. ამჟამად „კვარას“ სეზონური გასამრჯელო მხოლოდ 1.3 მილიონი ევროა და მისი გაზრდის სურვილი არსებობს. „ნაპოლისთვის“ ეს პრიორიტეტული არაა, მაგრამ არაა გამორიცხული, მალე რამე შეიცვალოს. სეზონი გრძელია, მას ძალუძს მთავარი გმირი გახდეს და გარსია მოედანზე თავის აუცილებლობაში დაარწმუნოს. თუ ეს მართლაც საჭიროებას წარმოადგენს“.

ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში რუდი გარსია გააკრიტიკა: „თუ რუდი გარსიას სურს ნეაპოლში ტიპიური ფრანგული ქედმაღლობა გადმონერგოს, ის ძალიან ცდება. უნდა აგვიხსნას, რა აზრი ჰქონდა კვარაცხელიას შეცვლას? კოჭლობითაც და ცალი ფეხითაც რომ თამაშობდეს ქართველი, ალესიოს მისთვის ჩანთის მიტანის გარდა მეტი არაფერი შეუძლია... ვის ჯიბრზე აკეთებს მწვრთნელი ამას? ჩენ დავუბრუნდით ოსიმენის გუნდში პირველ პერიოდს და იმდენად, რომ უსარგებლო გახდა. „კვარას“ კარგ გრძელ პასს ვერ უკეთებენ... ეს „ნაპოლის“ ორ საუკეთესო ფეხბურთელს ეხება და ეს უნდა აგვიხსნას.

რთულ ქალაქში შიშის ქვეშ ვიმყოფებით, არ ვიცით, რა მოხდება, საკუთარი მოვალეობის იმაზე უკეთ შესრულებას ვცდილობთ, ვიდრე სადმე სხვაგან. მე არასოდეს არ მინდოდა ნეაპოლის დატოვება, რამეთუ ამ ქალაქს უფრო მაღალი ღირებულებები გააჩნია. გარსია, შენ ან გეყოფა გამბედაობა აქ იცხოვრო, ან ჩვენთვის არ ხარ შექმნილი“.

კვარაცხელიასა და ოსიმენის შესახებ კიდევ მრავალი გამოცემისა და ჟურნალისტის გამონათქვამის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა ძირითადად ყველა ზემოთ აღნიშნულ პოზიციას იზიარებს. იტალიური მედია ხვიჩას ბოლო მატჩებს დადებითად არ აფასებს, ანალიტიკური სპორტული საიტები პირიქით, რადგან ისინი ფეხბურთელების მიერ შესრულებული სამუშაოს მაჩვენებლებით ხელმძღვანელობენ. საკითხში საკვანძო გუნდის ლიდერებისთვის ანაზღაურების მომატებაა, რასაც, სავარაუდოდ, დე ლაურენტისი არ დაუშვებს, ვინაიდან ეს პრეცენდენტი და სიგნალი იქნება სხვებისთვის, რომ მათაც მოითხოვონ ჯამაგირის გაზრდა. დრო კი არ ითმენს, სერია A-ში უხეირო სტარტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაც იწყება, პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია და თუ რაიმე არ შეიცვალა, „ნაპოლი“ საბოლოოდ ისეთივე საშუალო დონის გუნდი გახდება, როგორიც 2022/23-ის სეზონმდე, ანუ ხვიჩა კვარაცხელიას მისვლამდე იყო.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხალხო რა გინდათ თვითონაც კმაყოფილია ხელფასით და ოჯახიც და აგენტიც -ამას წინათ რომ გამოვიდნენ ჯუღელი და მამამისი და ლაურენტისი რომ აქეს ადიდეს და მადლობები უხადეს და ალბათ ლაურენტისმა იფიქრა რა კაი კაცი ვყოფილვარო და ზურგი გაისიუნჯა ფრთები ხომ არ ამომდისო DD ფილმ"დაკარგულ სამოთხეში" რომაა არისტო ღორს რო მოკლავს და რომ ეჩხუბებიან და ის რომ პასუხობს--პატრონს უხარია და თქვენ ვინ გკითხავთოო DD
zura222
22:34 19-09-2023
0
შარშან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, ლაურენტისმა უეფა გააკრიტიკა. მეოთხედფინალში მილანთან ორივე თამაშზე აღმოსავლეთ ევროპელი მსაჯები, რუმინელი და პოლონელი დაუნიშნეს. მსაჯების ამ კატეგორიას უეფა იქ უშვებს, სადაც სასურველი შედეგი სჭირდებათ. ასე დასაჯა უეფამ ხეპრე, ძუნწი და ხარბი ლაურენტისი, რომელიც საბოლოოდ ნაპოლის დაღუპავს. თუ არაფერი შეიცვლება, ჩემპიონატზე ხუთეულში მოხვედრა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდება.
ძერბინი
18:27 18-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული