აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის გაშვების შემდეგ ერთგვარ ექსპერიმენტულ რეჟიმში გადაერთო. ახლაც ახალ-ძველ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მხოლოდ 7-თვიანი ხელშეკრულება აქვს, გაგრძელების პერსპექტივის გარეშე. ეს გვაფიქრებინებს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი ზაფხულში მწვრთნელისთვის უფრო მეტი თანხის გადახდას აპირებს. საუბარია ანტონიო კონტეზე. იმედია, ივნისში ხვიჩა კვარაცხელია უფრო სახელოვან და ამბიციურ კლუბში გადავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!..
ვალტერ მაცარის სამწვრთნელო კარიერა მაინც "ნაპოლითა" და მის გარეშე უნდა შევაფასოთ. ამბიციური, ლამაზად მოთამაშე გუნდი, რამდენიმე დიდი ფეხბურთელის მის თვალწინ "აფეთქება"... უკვე 9 წელია, რაც მან აქაურობა დატოვა და ფაქტობრივად, წარმატებას ვერსად მიაღწია. მანამდე იყო კარგი "სამპდორია" და წარმატება "რეჯინაში". როცა ვალტერი ნეაპოლელებისგან მილანის "ინტერში" გადავიდა, დე ლაურენტისმა მასზე თქვა, რომ იმ შეყვარებულს ჰგავს, თავზე რაც უნდა ევლებოდე, თუ სხვა მოსწონს, მაინც მას აირჩევსო. მაცარის მილანური კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი იყო. მან იქაურ გულშემატკივრებს თავი ვერაფრით შეაყვარა.
თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული რომ იყო, ტაქტიკური მრავალფეროვნება უნდა გაგაჩნდეს და ყოველდღიურად უმჯობესდებოდე. "კვარას" მომავალი თავკაცი ამის ნაკლებობას რომ განიცდის, იქნებ ამიტომაც ტკბება ძველი დიდების ნაშთებით. მაცარის საბაზისო ტაქტიკა სამ ცენტრალურ მცველს ეფუძნება, შემდეგ კი სხვადასხვა ვარიაციაა (3-5-2, 3-4-3). 62 წლის სპეციალისტი "ნაპოლიში" 3-4-2-1 განლაგებას იყენებდა. თეორიულად რომ დავუშვათ, იტალიის მოქმედი ჩემპიონები ისევ ამ სტრატეგიით ითამაშებენ. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთან როგორც უკეთესი, ისე უარესი ვარიანტი შეიძლება იყოს. თუკი ხვიჩა ცენტრფორვარდთან (ოსიმენი) ახლოს იმოქმედებს, შედეგიანობის მხრივ, კარგი იქნება; თუმცა, თუკი მაცარის აქ რასპადორი და პოლიტანო წარმოუდგენია, მაშინ ქართველს მთელი მარცხენა ფლანგის კონტროლი უნდა დაევალოს, რაც იდეალურ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება. ახალ თავკაცს კარგად ექნება გათავისებული, რომ ლიდერების აზრი მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს - კვარაცხელიასთან და ოსიმენთან გაუგებრობები გარსიასთვის ბოლოს ცუდად რომ დამთავრდებოდა, მაშინვე ვივარაუდეთ.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ნეაპოლელებს ურთულესი კალენდარი აქვთ. "ფარით ან ფარზე" - საკითხი დაახლოებით ასე დგას. ან ამ დონის მოწინააღმდეგეების პირობებში გუნდი კრიზისს საბოლოოდ დაძლევს და შარშანდელი ამბიციები მოეძალება, ან იქნებ ოთხეულისთვის ბრძოლაში უარის თქმა საბოლოოდ დასჭირდეს. მაცარის გუნდში დაბრუნება ისე უნდოდა, პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგაზეც მაქსიმალურად შორს გასვლას შეჰპირდა.
ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო. ალბათ, არც დე ლაურენტისსა და არც მაცარის მაინდამაინც არ წარმოედგინათ, მათი თანამშრომლობა ისევ თუ შედგებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ნამდვილად ბედნიერებაა, 9-წლიანი დაულაგებელი კარიერის შემდეგ წვრთნიდე ისეთ ფეხბურთელს, როგორიც თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიაა.
დაბოლოს, მაცარის "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობას წარმოგიდგენთ:
(3-4-2-1) მერეტი - ოსტიგორი, რაჰმანი, ნათანი - დი ლორენცო (C), ლობოტკა (ან
ანგისა), ზელინსკი, ოლივერა (ან რუი) - კვარაცხელია, პოლიტანო - ოსიმენი.