"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი
ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...
რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა. ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე; ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.
ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..
კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.
არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...
მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...
უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უამრავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..
ხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]
"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია
ხოდა ხვიჩა, თუ გინდა ყველაფერი კარგად იყოს, უპირველეს ყოვლისა დაწყნარდი, არ მიაქციო ყურადღება მაყურებლებს და ჟურნალისტებს, მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე იფიქრე და ივარჯიშე, შენი სისუსტეების გამოსწორებაზე იმუშავე. დანარჩენი კი.. წერონ და იკითხონ.