დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ ვლაშიჩმა 21-ე წუთზე მიზანს ვერ უწია. შემდეგ შესანიშნავი შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა, როდესაც რასპადორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქის გარემარბები კვარაცხელია და პოლიტანო განეიტრალებული ჰყავდათ, შეტევაშიც უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და სანაბრიამ გოლინის კარი დალაშქრა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული „ნაპოლის“ ახალწვეული მცველი მაცოკი მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა, ცოტა ხანში გოლინის ვლაშიჩმა გაუტანა და მაცარის გუნდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მერე სანაბრიამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ბონჯორნომ მესამე გაიტანა. 76-ე წუთზე „ტორინოში“ შეცვლაზე საზონოვი შევიდა. კაცნაკლული „ნაპოლი“ იერიშზე გადავიდა, ხვიჩას გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:0 დასრულდა.
„ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. „ტორინო“ კი 27 ქულით მეათე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას იმავე დღეს გასვლაზე „ჯენოასთან“ ჩაატარებს.
ტორინო. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 სანაბრია (43), 2:0 ვლაშიჩი 52), 3:0 ბონჯორნო (66)
გაძევება: მაცოკი (49, ნაპოლი)