"ნაპოლი" დამარცხდა, თუმცა ჩემპიონს ჰგავდა; კვარაცხელიას არ გაუმართლა...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა, "ინტერთან" დრამატულად (0:1) დამარცხდა. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე მსჯელობა ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსა, პრობლემები მუდამ ანალოგიურად გამოიყურებოდა, ახლა კი განსხვავებული შეხვედრა ვნახეთ.

პირველ რიგში, ვალტერ მაცარის ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ჩემპიონები თამაშობდნენ, რასაც მთელი სეზონია, ვერ ვგრძნობთ. გუნდი შემართული იყო და ობიექტურად მასზე სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტებულ (თანაც, ოსიმენისა და ანგისას არყოფნაში) საკუთარი ძლიერი მხარეების მოხვევასა და არაფრის დათმობას აპირებდა. რამაც საბოლოოდ ამ საქმეს, ყველაზე დიდი, ხელი შეუშალა, გაძევება იყო, ეს ამბავი კი გუნდს ბოლო დროს
ძალიან მოუხშირდა.

როგორც ჩანს, სამმცველიან ტაქტიკურ სქემასთან ნეაპოლური გუნდი უკეთ ადაპტირდა. მაცოკი მარცხენა ფლანგზე სივრცეებს ითვისებდა, რაც ხვიჩა კვარავხელიას მეტი მოძრაობის, ცენტრში მოქმედებისა და თავისუფალი ზონების დაუფლების საშუალებებს აძლევდა. პირველ ტაიმში "კვარას" საგოლე ეპიზოდი სწორედ ასე შეექმნა - ლობოტკამ ცენტრიდან ბურთი სისწრაფეზე გააყოლა, ხვიჩა რამდენიმე მეურვეს გაუმკლავდა, თუმცა კარში დასარტყმელად იდეალური დრო ვერ შეარჩია. თითქოს კვარაცხელია ბევრს ფიქრობს იმაზე, კიდევ ერთი გამოუყენებელი მომენტი არ ჰქონდეს, დაარტყას ისე, როგორც იდეალურად წარმოუდგენია, ზოგჯერ კი ეს გადაწყვეტილების მარტივად მიღებას ხელს უშლის. ის კი, რომელიც იან ზომერმა მოიგერია, ქართველმა ფეხბურთელმა მართლაც მშვენივრად შეასრულა, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა კიპერები, უბრალოდ, შეუვალნი არიან.

Sportall.Ge

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა 77-ე ნომერმა ჯარიმები როგორც ჩააწოდა, ასევე კარისკენ დაარტყა. ორი წელია, ჩვენებურს ამ კომპონენტში ნდობა ნაკლებად აქვს, გუნდი კი სტანდარტულ სიტუაციებს შედეგიანად ვერ იყენებს. ამჯერად არც ხვიჩას გამოუვიდა, მაგრამ ეს იქნებ რაღაც ახლის დასაწყისი იყოს - მწვრთნელის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლა და თავად მისი მოწადინებაც უკვე კარგია. შესაძლოა, კვარაცხელიამ რაღაცები მეტადაც მოითხოვა, ვიდრე მანამდე... კუთხურებზეც მუდმივად ვწერთ, რომ ხვიჩას მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე არ უნდა იყენებდნენ.

გაძევებაზე ვისაუბრეთ და აქ მწვრთნელის როლს ვერ გავექცევით - გაფრთხილებული სიმეონეს მინდვრიდან გაყვანა მანამდე იკვეთებოდა, თანაც, რასპადორი სათადარიგოთა სკამზე იყო. შემდეგ მაცარიმ პენალტების სერიამდე მისვლა სცადა, მაგრამ როცა დაცვა შენი საუკეთესო მხარე არაა, კვარაცხელიას კი, რომელსაც "ინტერი" ყველაზე მეტად უფრთხოდა, ცვლი, მზად უნდა იყო,  მოწინააღმდეგე უკანმოუხედავად შეგიტევს, რადგან კონტრშეტევის საფრთხესაც კი ვერ გრძნობს. "ნაპოლის" დამრიგებელი პირველი არაა, ვინც ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ პასუხობს...

სუპერთასმა გარკვეული იმედები გააჩინა, ოპტიმიზმი ჩასახა და ახლა გუნდმა რამენაირად უნდა სცადოს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს და ამავე ტურნირზე "ბარსელონას" ღირსეულად ეთამაშოს. უახლოესი გამოწვევა "ლაციოსთან" მატჩია - დისკვალიფიცირებული კვარაცხელიას გარეშე...

altკვარაცხელია შეცვალეს - კაცნაკლული "ნაპოლი" სუპერთასის ფინალში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

altდე ლაურენტისი: მსაჯებმა ისევ სამარცხვინოდ გამოიჩინეს თავი

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხვიჩას ფორმის დაკარგვის მიზეზთ მიზეზი, ჩვენ თავადვე ვართ: ჭკუიდან გადასული , ფანატიზმამდე მისული, უაღრესად ემოციური ქართველი ფანები!პირველი დღიდანვე ნაპოლში გადასულს ამ პატარა ასაკის ბიჭს, ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით და "დავბომბეთ" ისეთი საქებარი სიყუვებით (არ ვუარყობ, რო აეკუთვნოდა) რაც მართლა ამ გასახედოდან უადგილო და ზედმეტიც კი იყო. ბიჭი მოვაქციეთ საშინელ ფსიქოლოგიურ და სტრესულ წნეხში. ამას ემატებოდა აქედან წასული და ჩასული "კოლექტიური ვიზიტიორების" ვიზიტები, ვითომდა საგულშემატკივროდ, როგორ გგონიათ ესეც არ იმოქმედებდდა ხვიჩაზე? როგორია ხან ერთი "მოგადგეს კარებზე, ხან მეორე" და ეს ქართული ზღვარს გადასული "ტრიპაჩობა" მაშინ სასტიკად არ მომწონდა. ერთი სიტყვით ბიჭს არ ვაცალეთ დამტკბარიყო ახალ გუნდში და ახალ გარემოში ცხოვრება! საერთოდ ქართველებს გვჩვევია ემოციებზე აყოლა და იმას ვეღარ ვგრძნობთ, თუ ამით რამხელა ზიანს ვაყენებთ თვითონ ადრესატს და მის მდგომარეობას. არ დაიწყოთ ეხლა "ცოლის" ბრალია, ვიღაცამ ჯადო გაუკეთა და ესეთები, უმრავლესობა ფეხბურთელების დაოჯახებულები არიან და ნამდვილად არაფერში უშლიან ხელს, ლეო მესის მაგალითიც კმარა, თუ როგორ უწყობს ხელს მეუღლე! რაღა დამრჩენია, ჩვენს ხვიჩას ვუსურვოთ ძალების მობილიზება და ხასიათის გამოკეთება! მჯერა ხვიჩა დაიბრუნებს თავის ჩვეულ ფორმას, მთავარია ჩვენ გულშემატკივრებმა არ შევუშალოთ ხელი!
ზურა
14:48 23-01-2024
7
ძალიან სათანადო ანალიზია გუშინდელი თამაშის. ამ სეზონში პირველი ამბიციური თამაში აჩვენა ნაპოლიმ, ამიტომაც გაიბრწყინა ხვიჩამ ერთი ორჯერ. თუ გუნდი არ მოინდმებს ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს. ვეთანხმები ზურას, შეეშვით ხვიჩას ჯერ არა ნორმალურ ქებას და მერე გადამეტებულ კრიტიკას. ამით მხოლოდ დათვურ სამსახურს უწევთ ამ კაცს.
ანაგელი
15:11 23-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული