უკლებლივ ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავიდა და "ნაპოლის" საჩემპიონო ფილმის პრეზენტაციას დაესწრება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი ეს არაა.
ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ჯუღელი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 5 მილიონ ევრომდე მომატებას მოსთხოვს. თავად დე ლაურენტისი მზადაა ხელფასი ბონუსებიანად 4.5 მილიონამდე გაუზარდოს და სურს, ხელშეკრულებაში გამოსასყიდ ფასად 120-130 მილიონი ჩაწერონ. ანუ დაახლოებით ისეთ ანაზღაურებას შესთავაზებს, როგორიც ვიქტორ ოსიმენს თანამშრომლობის გახანგრძლივებამდე ჰქონდა.
აღნიშნულია,
რომ ხვიჩა "ნაპოლიში" თავს კარგად გრძნობს და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი გახდება. ვრცელდება ინფორმაციები ქართველით "ბარსელონას", "ასტონ ვილას" და "ნიუკასლის" დაინტერესების შესახებ, მაგრამ ცხადია, მათი უმრავლესობა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დასტურად French Football Weekly წერს, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბარსელონას" ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლია და აგენტი ამ ინფორმაციებს "კვარასთვის" უკეთესი კონტრაქტის გასაჩარხად იყენებს.