"კვარა" "ნაპოლის" მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ... - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

AutoSharing Option
„ნაპოლის“ მიერ „ბოლონიას“ დამაჯერებლად დამარცხებას ფართოდ გამოეხმაურა იტალიური მედია. აღნიშნულია, რომ „კვარამ“ შოუ დადგა და გუნდის მომავალი უკვე ოპტიმიზმის საფუძველს იწვევს.

„კორიერე დელო სპორტის“ პირველ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას სურათია გამოტანილი წარწერით: „კონტეს ხელი, „ნაპოლი“ გარდაისახა, „კვარა“ გიგანტურად თამაშობს“.

Ilmattino წერს: „ჩვენ დავბრუნდით, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ანადგურებს, გადამწყვეტი სიტყვა „კვარამ“ და დი ლორენცომ“ თქვეს“.

Il Roma-ს საფეხბურთო მიმომხილველი ჯოვანი სკოტო ქართველისა და კაპიტნის კარგ თამაშს უსვამს ხაზს: „შემთხვევითი როდია, რომ გამარჯვებაში მთავარი როლი დი ლორენცომ
და კვარაცხელიამ შეიტანეს, რომელთა გუნდში დატოვება მტანჯველი და სანერვიულო ზაფხულის შემდეგ მოხდა. გუშინ მათგან „ნაპოლის“ აღორძინების გზავნილები მოდიოდა. მეტოქის თავისუფალი სივრცეები კარგად გამოიყენეს. „ვერონასთან“ წაგება დაივიწყეს და როგორც იქნა, ნეაპოლში სეზონი მოგებით დაიწყო. ამას გარდა, სატრანსფერო ფანჯრიდან კონტესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლები მოვიდეს, რომელიც თავის ძველ შეგირდს, ლუკაკუს ელის“.

კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო „ბოლონიას“ ძლევამ იმედიანად განაწყო: „ვერონასთან“ წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება უეცრად გაქრა, რამეთუ „დიეგო მარადონაზე“ ვიხილეთ ერთიანი და გაუტეხელი გუნდი. ვნახეთ ხვიჩას ტალანტი, ვინაც გუნდს მარადონას ნამდვილი ძალით ამოძრავებდა. ალბათ, ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რატომ ითხოვდა კონტე გამუდმებით დი ლორენცოსა და კვარაცხელიას ხელშეუხებლობას. ვისაც სხვა რამის იმედი ჰქონდა, მწარედ შეცდა!“

„ნაპოლის“ ყოფილ ნახევარმცველს, მასიმო მაუროს მიაჩნია, რომ ქართველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მსაჯებთან ხშირად არ უნდა იკამათოს: „ჩვენს თამაშს თან ახლდა წვალება და ამავდროულად ხარისხი, ეს იყო ძალიან კომპაქტური „ნაპოლი“, რომელიც „ბოლონიას“ შეტევებს უნაყოფოს ხდიდა, თავს კარგად იცავდა და იერიშებს უნარიანად წარმართავდა. ჩემი აზრი „კვარას“ პირველ გოლზე? მან პასი მიიღო, წამით შეჩერდა, წინ წაიწია და იდეალურად დაარტყა მარცხენა ფეხით. მძიმე კვირის მერე „ნაპოლი“ კონკრეტულად მოქმედებდა, რასაც ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგეზე.

თუ კვარაცხელია ფორმაშია, შეუძლია იქ ითამაშოს, სადაც სურს, რადგან მოედნის ხედვა აქვს. ნახეთ, როგორი გადაცემა გაუკეთა დი ლორენცოს? მას ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია. თავი ფიზიკურად კარგად უნდა იგრძნოს და გუნდის ლიდერი თავისი ქცევითაც გახდეს. ვთვლი, რომ მსაჯებთან ნაკლებად კამათი და მოედანზე უფრო იშვიათად წაქცევა მართებს, რათა „ნაპოლის“ შეტევათა წინამძღოლი იყოს“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმ ბრაზილიელმა ბიჭმა უფრო მეტი პასი მისცა კვარას, ვიდრე პოლიტანომ მთელ თამაშში
გიგა
23:14 26-08-2024
2
კვარა რო მაგარი და გუნდის ლიდერია ამას მტკიცება არ უნდა. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ, დავიდ მერეშმა და კვარამ უცებ გაუგეს ერთმანეთს და მგონია პოლიტანოს მაგივრად მერეში უნდა დააყენოს კონტემ და მიიღებს ორ მაგარ შეტამაშებულ დუეტს თავდასხმაში, პლუს დამატებული ცენტრფორვარდით, ლუკაკუთი. მე მაინც ის ძველი მერჩივნა, ჩვენი ოსიმენი.
მალხაზ ჯობავა
21:23 26-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული