ხვიჩას ახალი გუნდი სჭირდება, მაგრამ სჭირდება პსჟ-ს ქართველი? - შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა ამჟამინდელ სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტია და არა მხოლოდ მისთვის ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს „კვარას“ „რეალში“, „ბარსელონაში“ ან „ლივერპულში“ ნახვა უფრო გაახარებდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გამოვიდა და პარიზული გუნდი სულაც არაა კარიერის გასაგრძელებლად ურიგო შესაძლებლობა.

კვარაცხელია მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ზაფხულში გადაარწმუნა „ნაპოლის“ დატოვებაში, უთხრა, რომ ახალ პროექტს მის ირგვლივ ააგებდა, სინამდვილეში კი სრულიად სხვა რამ მივიღეთ. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მინიმალურადაც არ გაუუმჯობესა პირობები და ცხადია მიზეზი იმისა,
რატომ დატოვეს ადრე გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა. ფაქტია, დე ლაურენტისის კლუბში დიდხანს გაჩერება რთულია და ვისაც შეუძლია, ყველა გაურბის.

არის კიდევ სპორტული მიზეზები. პირველი კონტეს სტრატეგიაა, რომლის მიხედვით ხვიჩას დაცვაშიც უწევდა თამაში, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც, რაც გამთანგველი გახლდათ და ბუნებრივია შედეგიანობაზე გავლენას ახდენდა. მას მეტოქის რამდენიმე მცველი მეურვეობდა და პარტნიორებისგან შეტევაში მხარდაჭერას ნაკლებად გრძნობდა. გადაცემას ხშირად უგვიანებდნენ და ბურთს ფეხში მაშინ აძლევდნენ, როდესაც იერიშის გაგრძელების სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ცალკე საუბრის თემაა ყოველგვარ ზღვარსგადასული უხეშობა, რაზეც მსაჯები ნაკლებად რეაგირებდნენ და კვარაცხელიაზე ხშირად ფაქტიურად ნებადართული ნადირობა მიდიოდა. ასეთ ვითარებაში, არ იყო გამორიცხული მძიმე ტრავმა მიეღო. ყოველივე აქედან გამომდინარე, ის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც ფსიქოლიგიურადაც დამთრგუნველია. თუ კარგად გაირჯებოდა, ეს მთელი გუნდის დამსახურებად ითვლებოდა, ხოლო თუ თამაში არ გამოუვიდოდა, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცეოდა. რას იზამ, ასეთია გამორჩეულთა ხვედრი.

არავინ არაფერი დაუფასა. მაგალითად, იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ სამი წლის წინ ხვიჩას არავინ იცნობდა და „ნაპოლის“ დამსახურებით გახდა დიდი ფეხბურთელი. ნეაპოლური გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოვანი იმპროტამ თქვა, რომ სატრანსფერო საკითხებში ფეხბურთელის წარმომადგენლები ერევიან, რაც მათი სიხარბის გამოხატულებაა და ეს მაშინ, როდესაც სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე და სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღურებადი იყო და თუნდაც კონტრაქტის განუახლებლად, თუნდაც სიმბოლურად ხელფასი მცირედითაც არ მოუმატეს. ერთი სიტყვით, კამათს, მსჯელობას აზრი არ აქვს და ნავსაყუდელის გამოცვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რამეთუ არავითარ შემთხვევაში არაფერს არ დაუფასებენ და თავად უმადურები მაინც უმადურს უწოდებენ.

ვასწრებთ მოვლენებს და უკვე ვმსჯელობთ კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე. ქართველს ახალი გუნდი სჭირდება, მაგრამ სჭირდება პარიზულ კლუბს ქართველი? სჭირდება და თანაც როგორ! ასე რომ არ იყოს, ამხელა თანხას არ გადაიხდიდნენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეს ზამთრის მთავარი ტრანსფერია. პსჟ-ის მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი წლების განმავლობაში ასობით მილიონს ხარჯავს, ხოლო შედეგს ვერ აღწევს და მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონის გარანტირებული ტიტულით კმაყოფილდება, ჩემპიონთა ლიგაზე კი წარმატება მიუღწეველ ოცნებად რჩება. გუნდი ზაფხულში უკანასკნელმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ დატოვა და რაღაც დიდი სიახლეა აუცილებელი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს, ინტერესს გაზრდის. ისიც აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა წამყვანი ფრანგული გამოცემა აღფრთოვანებით წერს და მოლოდინი დიდია. გაუმართლებს ხვიჩა მათ ამ მოლოდინს? ვერ ვიტყვით, რომ 29 წლის შემდეგ რომელიმე ევროტურნირს მოაგებინებს, მაგრამ შეუძლია ტოპ-კლუბის სტატუსის დაბრუნებაში დაეხმაროს და ეს კარიერაში ქართველისთვის წინ დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსია, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 12 /
უდიდესი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს უმაგრეს ბიჭს!!!
ბრაზი
20:01 14-01-2025
1
ხვიჩა ამ ზამთარს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასულიყო ნაპოლიდან. ზაფხულში რიგი ედგებოდა გრანდების. გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. შარშან ისეთი არეული სიტუაცია იყო ნაპოლიში (ყოველ მეორე თვე მწვრთნელებს უცვლიდნენ),გამოვიდნენ ხვიჩას აგენტი და მამა და,როგორ გეკადრებათ,ჩვენ ყველანაირად კმაყოფილები ვართ კლუბისგან და პრეზიდენტისგანო..
რაც შეეხება პსჟს- გავა დრო და ვნახავთ,რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. (სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი არ უნდა გადადიოდეს საფრანგეთის ჩეპიონატში) სად სერია ა და სად ლიგა ერთი!
ჩემის აზრით,ეს ყველაფერი არის ჯუღელის დამსახურება. ასეთი ბრილიანტი ფეხბურთელი გვყავს, "ეპოქალური" და ერთი ნორმალური აგენტი რა გახდა მისთვის!
პ.ს. ძალიან მიყვარს ხვიჩა და ძალიან მწყდება გული პსჟში რო გადადის. წარმატებები ხვიჩას.
gulshematkivari0703
21:58 14-01-2025
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული