აქტუალური თემა: შეწყვიტეთ გიორგი ჯიქიაზე ზეწოლა!

AutoSharing Option
უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელების თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ეს საღერღელი ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას გამოჩენამ აგვიშალა. მაგრამ გუშინ კიდევ უფრო მგრძნობიარე ფაქტს შევეჯახეთ.

დიდი ხანია, რაც არსებობს ინტერესი პერმის "ამკარის" 22 წლის მცველის, გიორგი ჯიქიას მიმართ.

ეროვნულ ნაკრებში მისი მოწვევის შესახებ მოლაპარაკება ჯერ კიდევ კახა ცხადაძემ დაიწყო, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა, რადგან ჯიქია ფეხს ითრევდა...

რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველთან მოლაპარაკების მეორე ეტაპი ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ილაპარაკა:

"აკაკი გოგიაც საინტერესო
ფეხბურთელია და გიორგი ჯიქიაც, რომელიც რუსეთში თამაშობს. ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭები არიან. მე ორივესთან მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ ორივეს სხვადასხვა პრობლემა აქვს. მაგრამ ითამაშებენ თუ არა საქართველოს ნაკრებში, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ", - თქვა იაშვილმა.

როგორც ჩანს, ეს საკითხი რუსეთში აქტუალური სწორედ იაშვილის ამ განცხადების შემდეგ გახდა.

გუშინ რუსული მედიიდან შევიტყვეთ, რომ ჯიქიას გამოძახებას იქაურ ნაკრებში აპირებენ.

ამის შესახებ რუსულ გამოცემა "რ-სპორტთან" ინტერვიუში პერმის "ამკარის" მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა ილაპარაკა:

"როგორც ჩანს, ჯიქიათი საქართველოს ნაკრებიც ინტერესდება. ვესაუბრე სტანისლავ ჩერჩესოვს (რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს), რომელმაც მითხრა, რომ ჯიქია ნაკრების კანდიდატთა გაფართოებულ სიაშია და შეკრებაზე მის გამოძახებას მომდევნო წელს აპირებს.

არ ვიცი, "ამკარის" სხვა ფეხბურთელებს თუ გამოიძახებს. ჩვენ მხოლოდ ჯიქიას საკითხს შევეხეთ. მას ის თვისებები აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს, გაიხსნას და კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს. ხოლო თუ რომელი ნაკრებისკენ გადაიხრება ჯიქია, ეს უკვე მისი პირადი საქმეა", - თქვა გაჯიევმა.

ჯიქია, რომელიც რუსეთში დაიბადა და იქაური პასპორტი აქვს, "ამკარში" 2015 წელს ჩაირიცხა და წლეულს რუსულ პრემიერლიგაში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ამბობენ, რომ ჯიქია საქართველოს ნაკრებში თამაშზე მოსაფიქრებლად დროს ითხოვს.

იაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა პრობლემები აქვს ფეხბურთელს და რა უშლის ხელს საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაში.

ამ კუთხით, საინტერესო ქვეტექსტების შემცველი იყო "ამკარის" ყოფილი კაპიტნის, ალექსანდრ პოპოვის კომენტარი. ის ამბობს, რომ ამჟამად ფეხბურთელზე ზეწოლაა:

"ჯიქია პერსპექტიული მოთამაშეა, კარგი სისწრაფითა და დარტყმით. ის ახალგაზრდაა და შესაძლოა, მისგან კარგი პროფესიონალი დადგეს. ახლა მას ორ ნაკრებში იწვევენ. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და იმ ქვეყნის სახელით ითამაშოს, რომელიც მისთვის უფრო მშობლიურია.

ასეთ დროს ზეწოლა საჭირო არ არის. მთავარია, მას ევროპაში თამაში შეუძლია. იქ კი რუს მოთამაშეებზე დიდი მოთხოვნა არ არის, მით უფრო, რომ პრემიერლიგაში დიდ ხელფასებს იღებენ და ბევრ ფეხბურთელს ვერ ნახავთ, ვისაც ევროპაში თამაში სურს".

პოპოვი არ აკონკრეტებს ან არ არის საქმის კურსში, ვისგან არის ფეხბურთელზე ზეწოლა. ფაქტია, საქართველოს ფედერაციას საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ლოგიკურად პოპოვი რუსულ მხარეს უნდა გულისხმობდეს.

ამას გვაფიქრებინებს გია გრიგალავას მაგალითი. ის რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და საბოლოოდ, არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა. მას კლუბში ქართული ფედერაციისგან მიწვევას უმალავდნენ და ყველანაირად უშლიდნენ ხელს, რომ მოქალაქეობა დაებრუნებინა. მაგრამ ამას მაინც ნუ შევხედავთ პოლიტიკურ ჭრილში - ფეხბურთში გადაბირება ჩვეულებრივი ამბავია. ასეთ შემთხვევაში, მთავარი ფეხბურთელის სურვილია.

რა დონის მოთამაშეა ჯიქია და რა დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ რუს ფანებს, ამას მათი კომენტარებიდან გაიგებთ:

..."დიდი ხანია, ასე უნდა ექნათ. ბიჭი მოედანზე სულსა და გულს დებს. ახალი ნაკრები უნდა ჩამოვაყალიბოთ"...

..."მარცხენა ფლანგზე დიდი პრობლემები გვაქვს. 2018 წელს ჟირკოვი კარგ ფორმაში არ იქნება. ჯიქია კი 22 წლისაა და მომავალი წინ აქვს, სხვა საინტერესო მცველი არც ჩანს"...

..."სტატისტიკის ვებგვერდის ცნობით, ჯიქია "ამკარის" საუკეთესო მოთამაშეა და რატომაც არა"?..

..."ხისტი მცველია, ჩვენ კი ასეთების პრობლემა გვაქვს. სანამ დროა, ახლები მოვსინჯოთ"...

..."მალე რუსეთის ნაკრებში რუსი აღარ დარჩება: სამედოვი აზერბაიჯანელია, იგნაშევიჩი - ბელორუსი, ძიუბა - უკრაინელი"...

..."სამაგიეროდ, მებრძოლი იქნება და არა ახლანდელებივით - მშიშარა"...

..."ჯიქიას რუსეთის ნაკრებში შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს, თორემ ახლა დაცვაში დინოზავრებივით გადაადგილდებიან"...

..."ათამაშებენ და მერე მიაგდებენ. უკეთესია, საქართველოში წავიდეს"...

..."ამკარის" თამაშებში უდავოდ კარგია. მისი დონე რომ გავიგოთ, ნაკრებში უნდა გამოვცადოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით ადამიანს ეროვნულ ნაკრებში თამაშს რო შესთავაზებენ და ეს ადამიანი მოსაფიქრებლად დროს მოითხოვს მასთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტო რადგან ეს ადამიანი მედროვეა ხოდა იყოს ამკარში რუსები მაგას ნაკრებში არ ათამაშებენ 100 წელი.
mero
12:28 27-10-2016
0
au tu fexs itrevs sheeshvit ra. pirdapir xom ar getyvit, rom ar unda saqartvelo?
levani
11:30 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული