ჩვენს საფეხბურთო თემში ჩეხეთთან განცდილ მარცხს ძალიან მტკივნეული რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო...
ბიჭებს ნუ დავაბრალებთ!
დიახ, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ჩეხეთი დაგვემარცხებინა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. ვერ მოვახერხეთ გადამწყვეტი მატჩის მოგება, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. ქვემოთ შევეცდები, ავხსნა, თუ რატომ ვფიქრობ ასე. მანამდე კი ამ კონკრეტული ქვეთავისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან.- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 -
ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა არც ერთი ნაკრები, რომელმაც იცოდა გადამწყვეტი მატჩის მოგება. იმ ნაკრებებში იმაზე გაცილებით კლასიანი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ვიდრე ამ გუნდში არიან. ჩემი აზრით, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, ეს იყო, პრაქტიკულად, მათი მაქსიმუმი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ ქართული ფეხბურთის არნახული დაცემის ხანაში სტადიონს მაყურებელი დაუბრუნეს, რწმენის მინავლებული ნაპერწკალი ოდნავ მაინც გააღვივეს და ამისთვის მათ უკვე ეკუთვნით ალალი მადლობა.
არამც და არამც არ შეიძლება, რამე დავაბრალოთ ამ ბიჭებს და მათკენ გავიშვიროთ ხელი მაშინ, როცა არც ერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას...
რატომ უნდა გავსულიყავით?
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, გავსულიყავით ნახევარფინალში, მაგრამ ამ დალოცვილ ფეხბურთში ყველაფერი ლოგიკურად ხდება და გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.ჩვენ ძალიან მწარე მარცხი ვიწვნიეთ პორტუგალიასთან შეხვედრაში და თავისუფლად შეიძლებოდა, ეს მარცხი არ ყოფილიყო, რომ არა... მსაჯი.
- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]
გასაგებია, რომ არბიტრს თავისუფლად შეეძლო, არ დაენიშნა 11-მეტრიანი ჩვენს კარში, მაგრამ საფეხბურთო კანონზომიერება გვეუბნება, რომ პორტუგალია ჩვენზე ძლიერი გუნდია.
ყველაფერს თავი დავანებოთ და, ჯერ მარტო საკადრო რესურსს გადავხედოთ. პორტუგალიელი ფეხბურთელები უკვე სხედან "ბენფიკას", "პორტუსა" და "ვესტ ჰემის" სათადარიგოთა სკამზე. სამწუხაროდ, მათი საკლუბო აწმყო ბევრად უკეთესია იმ ქართველი მოთამაშეებისაზე, რომლებიც დღეს საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ძირითადში თამაშობენ.
ჩეხეთის ნაკრებზეც იგივე ითქმის. თავად ვარ ნამყოფი ამ შუაევროპულ ქვეყანაში და კარგად ვიცი, რამხელა ყურადღება ექცევა იქ ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას. ჩემი აზრით, ჩეხეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მარცხის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ფიზიკურად ვერ გავძელით.
ამასთან, გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ცალკეულ ფეხბურთელებზე ზედმეტი დამოკიდებულება შეგვიძლია ვუწოდოთ. როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეს თამაში არ წაუვიდა, გიორგი არაბიძის გარდა, კაცი არ გამოჩნდა ჩვენს გუნდში, საკუთარ თავზე რომ აიღებდა თამაშს.
ასეთ შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბს ვარირების მეტი საშუალება ექნებოდა...
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს, მის ლიდერებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ფიზიკური მომზადება იმისთვის, რომ თანაბრად ჩაეტარებინათ სამივე შეხვედრა. ეს არამც და არამც არ არის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ბრალი. გნებავთ, პირდაპირ და გნებავთ - ირიბად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კლუბებში ფიზმომზადება არ დგას ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს.
მწვრთნელები
რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ პირადად მე მარცხის უმთავრეს მიზეზად მათ ვერ მივიჩნევ. თუნდაც ჩეხეთთან მატჩი რომ ავიღოთ, ალბათ, ცოტა დაგვიანდა შეცვლები და ჩვენი ლიდერების, ჩაკვეტაძისა და არაბიძის ცენტრში შეწევა, მაგრამ ეს მაინც არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი.მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს - არ ვიცნობ ამ თაობას ძირისძირამდე და უნდა ალალად ვიკითხო: ნუთუ, არ იყო თუნდაც გაფართოებულ სიაში ტანმაღალი, "მოჭიდავე", გნებავთ, "ტარანის" ტიპის ფორვარდი, რომელიც ჩეხების მაღალ, ხისტ და ათლეტურ მცველებთან საჰაერო ორთაბრძოლებისას წარმატებით "იჭიდავებდა"?
გიორგი კოხრეიძის სასაყვედუროდ ენა ვის უნდა მოუბრუნდეს? ბიჭმა მთელი გული და სული ჩადო ყველა თამაშში, ოღონდ, ეგ არის, რომ მას თუნდაც აღნაგობის გამო ვერ მოსთხოვდი ათლეტურ ჩეხებთან თანაბრად ბრძოლას "მეორე სართულზე". ტანმაღალი ფორვარდის არყოფნამ ფლანგების აქტიურობაც წყალში ჩაყარა.
ისე, ერთ კენჭს კი ვისვრი ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ბოსტანში: ჩეხების მეორე გოლის მსგავსს დღევანდელ ფეხბურთში, პრაქტიკულად, აღარავინ უშვებს და ეს არის სხვა არაფერი, თუ არა - კონცენტრაციის დაკარგვა.
სხვა მხრივ, მე ვნახე მწვრთნელთა გუნდი, რომელმაც იცოდა, რა უნდოდა. საქართველოს ამ ნაკრებმა კი ორ შეხვედრაში ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც კარგა ხანია, აღარ უთამაშია არც ერთ ქართულ გუნდსა თუ ნაკრებს...
როცა მთავარი შედეგი არ არის...
რა თქმა უნდა, როცა საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს, როცა იმ ჩემპიონატზე შენი ქვეყნის ნაკრები თამაშობს და ორ შეხვედრას კარგად ატარებს, ბუნებრივად ითხოვ შედეგს. გინდა თუ არა, ის პირველ პლანზე გამოდის. ასეა დღევანდელ საქართველოში, სადაც ძალიან, ძალიან გაგვიძვირდა საფეხბურთო წარმატებები.არადა, ყველა ქვეყანაში, მათ შორის - მთელ საფეხბურთო ევროპაში, იუნიორთა ნაკრებების ასპარეზობას ერთი მთავარი დატვირთვა აქვს - მოუმზადონ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებს. თუ ეს მისია სრულდება, ნაკრები წარმატებულად ითვლება.
სპეციალურად ჩამოვწერე გერმანიის ნაკრების იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც, ჩვენი არ იყოს, ჯგუფში ჩარჩნენ. რამდენიმე წლის მერე უნდა შევამოწმო, მაგრამ ეჭვი ამაში არც ახლა მეპარება - გერმანელები ამ თაობასთან ბოლომდე გააგრძელებენ მუშაობას, განავითარებენ ერთი შეხედვით საშუალო ნიჭის ბიჭებს და რამდენიმე მათგანი წლების შემდეგ აუცილებლად მოხვდება ქვეყნის მთავარ გუნდში...
ჩვენ ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ჩემი აზრით, თუ ასაკის თემას, რომელსაც ყველა მწვრთნელი თავისებურად უყურებს, გვერდზე გადავდებთ, მგონია, რომ არაბიძე და მისი სეხნია ჩაკვეტაძე უკვე მზად არიან საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. ცოტაც და, ამისთვის მზად იქნება კიდევ ერთი - გიორგი კუცია. ეს უკვე კარგია, ეს უკვე ამართლებს ამ ნაკრების არსებობას.
რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, ჩეხები რომ დაგვემარცხებინა, მაგრამ მხოლოდ შედეგზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს და იმ მთავარზეც ვფიქროთ, რასაც იდეაში ემსახურება ასაკობრივი ნაკრებების არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში.
ასე რომ, ამ ძალიან სიმპათიური გუნდის ნაღვაწი ევროფორუმზე მხოლოდ შედეგით არ უნდა განისაზღვროს. მეორეც: გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - განა, ამდენს ველოდით?!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვფიქრობ უკეთ გამოსვლა შეიძლებოდა, რო არა მწვრთნელთა მოქმედება.
ჩეხეთათა თამაშში ჩანდა რომ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც ტექნიკური არსენალით ბევრად ჩამოგვრჩებოდა, სამაგიეროდ მწვრთნელის დავალებების შესრულებით და დისციპლინით, მთელი თავით აღგვეატებოდ - თამაშობდა მარტივ ფეხბურთს და ელოდა შანსს.
ქართველები ძალიან ბევრს ათრევდნენ ბურთს, ფლანგზე ინდივიდუალური გარღვევების შემდეგ ჩაწოდებისას წინ არავინ მიყვებოდა და ხვდებოდა რომ ჩაეკეტა და ა.შ რაც მწვრთნელის ბრალია უპირველეს ყოვლისა!
ar heidzleba amdeni qeba dideb am axalgazrda nihieri bìhebis,amit vgupavt mat da amis uamravi magalitia qartul fexburthi.
ყველაფერი ძალიან კარგად ყოფილა და ტყუილად გვინერვიულია თურმე.
მაგრამ რა ვუყოთ პასუხგაუცემელ კითხვებს, რომელიც აწუხებს ნამდვილ გულშემატკივარს:
რატომ არ ჩატარდა სელექცია ისე, რომ სათადარიგო სკამზე 2-3 ფეხბურთელი მაინც ყოფილიყო თამაშის თავის თავზე ამღები და ფიზიკურად მომზადებული?
რატომ არ იქნა სამწვრთნელო შატბის მიერ გაანალიზებული წინა შეხვედრები და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები სწორი ტაქტიკის განსაზღვრისთვის, რათა გადამწყვეტი მატჩი ღირსეულად ჩაგვეტარებინა?
ამ ყველაფერზე უნდა გაიცეს არგუმენტირებული პასუხები.
რაც შეეხება ჩვენს ფეხბურთელებს, მათ არავინ ადანაშაულებს, მათ ასეთ პირობებში შეუძლებელიც კი შეძლეს, რისთვისაც დაიმსახურეს აპლოდისმენტები და გულშემატკივრის სიყვარული, რასაც ვერ ვიტყვით მწვრთნელებსა და ანალიტიკოსებზე (თუ ასეთები ყავდა ნაკრებს).