ტრანსფერ-ONLINE: 31 ივლისის ტრანსფერები და ხმები

AutoSharing Option
13:03. რამდენიმე უარის შემდეგ "იუვენტუსმა" მაინც დაიწყო მოლაპარაკებები "ბარსელონასთან" დიბალას თაობაზე, - ამის შესახებ იტყობინება Radio Marca. ტურინელებს არგენტინელის სანაცვლოდ 110-დან 150-მდე მილიონი ევრო სურთ.

13:05. "მანჩესტერ იუნაიტედი" მოელაპარაკა კონტრაქტზე სერჟ ორიეს. როგორც Paris United წერს, ამ მომენტისთვის ფრანგი ელოდება ბრიტანეთში მუშაობის უფლებას. პსჟ-ს ორიე დანი ალვეშის შეძენის შემდეგ აღარ სჭირდება. "იუნაიტედი" მცველში 25 მილიონ ევროს იხდის.

13:17. არსენ ვენგერი ისევ აქტიურად იგერიებს ჭორებს ალექსის სანჩესთან დაკავშირებით: "არანაირი სიახლე არ არის. ყველაფერი ძველებურადაა. ის რჩება. მას გრიპი აქვს, მაგრამ ძალიან
მალე, კერძოდ, სამშაბათს დაბრუნდება მოედანზე. მოთამაშეებმა, რომლებსაც ერთი წელი დარჩათ კონტრაქტის მიხედვით, პატივი უნდა სცენ ხელშეკრულებას და ბოლომდე შეასრულონ ის", - თქვა ფრანგმა Sky Sports-თან კომენტარში.

13:21. "არსენალის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, კირან გიბზს თავის რიგებში აქტიურად ეპატიჟება "უოტფორდი". Sky-ს მონაცემებით, "არსენალმა" უკვე თქვა უარი 13-მილიონიან წინადადებაზე, თუმცა, "უოტფორდმა" უკვე მეორე შეთავაზება მოამზადა.

13:23. "ვესტ ბრომვიჩი" დაინტერესებულია ტომას ვერმალენის შეძენით, რომელსაც ჯერ კიდევ ორი წელი აკავშირებს კონტრაქტით "ბარსელონასთან".

13:25. თითქმის დარწმუნებით წერენ, რომ ნემანია მატიჩი 60 მილიონ ევროდ "ჩელსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. სერბმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ბასტიან შვაინშტაიგერის ნომერი - 31 აირჩია.

13:29. Don Ballon წერს, რომ თუ "ბარსელონას" არ გამოუვა ფილიპე კოუტინიოს ან პაულო დიბალას გაფორმება, მესუთ იოზილს მიადგება, რომლისთვისაც კატალონიელებს 60 მილიონი ევრო ემეტებათ.

13:42. სანამ ვენგერი პუბლიკას აწყნარებს, The Teleraph იუწყება, რომ ალექსის სანჩესი ტრანსფერზე თხოვნას ამზადებს. "არსენალს" შეუძლია ეს თხოვნა უარყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიიღებს მთელი წლით უკმაყოფილო ლათინოამერიკელს და ცუდ ატმოსფეროს გასახდელში.

14:05. მასიმილიანო ალეგრი ამტკიცებს, რომ ალექს სანდრო დარჩება "იუვენტუსში". "ის ექსტრაორდინარული ფეხბურთელია, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია "იუვენტუსში" და კიდევ შეუძლია აქ ზრდა. მარსელოსთან ერთად, ის ყველაზე ძლიერი მარცხენა მცველია მსოფლიოში. ალექსი - "იუვენტუსის" ფეხბურთელია და აქ დარჩება", - განაცხადა "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა.

14:15. წერენ, რომ "ჩელსიმ" პრაქტიკულად ცხვირწინ ააცალა რენატო სანჩესი მდიდარ "მილანს". fichajes.net-ის ცნობით, ინგლისის ჩემპიონი უკვე მოელაპარაკა "ბაიერნს" პორტუგალიელზე, რომელშიც ანტონიო კონტე მატიჩის შემცვლელს ხედავს. "ჩელსის" ერთწლიანი იჯარით აჰყავს სანჩესი.

14:25. "ლესტერი" ცდილობს "ქოვენთრის" ფორვარდის შეძენას. "მელიებმა" უკვე მეორე წინადადება გაგზავნეს 20 წლის ჯორჯ ტომასზე. "ქოვენთრი" არ ყიდის ფეხბურთელს, რადგან მეტი თანხა სურს - ტომასი ადგილობრივი აკადემიის აღზრდილია. კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მთავრდება. გასულ სეზონში ბიჭმა 36 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

14:36. ამბობენ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" ბაზაზე მივიდა თანაგუნდელებთან გამოსათხოვებლად.

14:39. იოჰან ჯურუ, რომელიც იანვარში 30 წლის ხდება, კარიერას "შეფილდ უენსდიში" გაგრძელებს. ამის შესახებ წერს The Mirror.

15:05. ჰოლგერ ბადშტუბერმა უარი უთხრა მოსკოვის "სპარტაკს". 28 წლის გერმანელმა ივნისში დატოვა "ბაიერნი" თავისუფალი აგენტის რანგში.

15:17. The Mirror წერს, რომ რიად მაჰრეზი მზად არის "რომაში" სამედიცინო შემოწმების გასავლელად. Corriere dello Sport აზუსტებს, რომ "ლესტერი", როგორც იქნა, მოელაპარაკა "რომას" თანხაზე, რომლის ოდენობაც უცნობია.

15:22. Le10Sport წერს, რომ ტომას ლემარმა, რომელიც "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში შედის, შესაძლოა, "არსენალში" ამოჰყოს თავი. "მონაკოს" მარცხენა გარემარბი 24 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

15:23. "ინტერს" დაგეგმილი აქვს "ნიცას" 23 წლის მარცხენა მცველის, დალერტის შეძენა. ტრანსფერის თანხა 5 მილიონი ევრო იქნება. გასულ სეზონში ბრაზილიელს ოთხი პასი ჰქონდა 38 მატჩში.

15:44. მოსკოვის "ლოკომოტივი" ტრავმირებული ბრაზილიელის, არის შემცვლელს ეძებს და თვალი დაადგა ბელგიის "სტანდარდის" ფორვარდ ორლანდო სას. 29 წლის თავდამსხმელი 2.2 მილიონი ევრო ღირს. გასულ სეზონში პორტუგალიელმა ბელგიის ლიგაში 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

15:50. "ევერტონისა" და "ტოტენჰემის" მოლაპარაკებები როს ბარკლისთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა: The Mirror წერს, რომ "ტოტენჰემს" არ აწყობს ბარკლის მოთხოვნა - კვირაში 120 ათასი ფუნტი ხელფასის სახით.

16:15. ოფიციალურად! "გიოზთეფემ" გაიფორმა პორტუგალიის ნაკრებისა და "სპორტინგის" მეკარე ბეტუ. 35 წლის გოლკიპერმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

16:27. MEN წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" განაახლა მოლაპარაკებები ალექსის სანჩესზე. ამბობენ, რომ ბონუსის სახით "არსენალს" 50 მილიონ ფუნტს მისცემენ.

16:40. ოფიციალურად! "ფულჰემმა" გაიფორმა "ამიენის" ფორვარდი აბუბაქარ კამარა. ტრანსფერის თანხაა - 6.5 მილიონი ევრო. კონტრაქტი ოთხწლიანია.

17:41. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან "სიტის" თინეიჯერისთვის, 17 წლის ჯეიდონ სანჩოსთვის. გასულ სეზონში მან ახალგაზრდულ პრემიერლიგაში 12 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი შეასრულა.

18:00. როგორც South Wales Evening Post წერს, "ევერტონი" ამზადებს წინადადებას "სუონსის" მოთამაშე გილფი სიგურდსონზე. წესით, უელსურ კლუბს თანხაც უნდა მოეწონოს - 60 მილიონი ევრო.

18:27. ალვარო მორატას შეძენამ გაამყარა დიეგო კოშტას "ჩელსიდან" წასვლის სურვილი. Talk Sport-ის ინფორმაციით, კოშტა ეძებს ვარიანტებს, არადა, ადრე ამბობდა, რომ მხოლოდ "ატლეტიკოში" გადავიდოდა.

18:32. იურგენ კლოპი კოუტინიოს გადასვლაზე: "აქ არ არსებობს არანაირი ვარიანტი - ის არ იყიდება. სიტყვა "არა" ნიშნავს, რომ სხვა ინტერპრეტაციები არ არსებობს. ახალი არაფერი. აი, ასე", - თქვა გერმანელმა The Mirror-თან კომენტარში.

18:35. მატიას ვესინო სამედიცინო შემოწმებას გადის "ინტერში". "ფიორენტინამ" გამოაცხადა, რომ მილანელებმა გაააქტიურეს ნახევარმცველის გამოსყიდვის პუნქტი (24 მილიონი ევრო). კონტრაქტი ოთხწლიანია, სეზონში 2.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

18:59. "მონპელიეს" 27 წლის ალჟირელი გამთამაშებელი რიად ბედებუზი ძალიან პოპულარულია ამ ზაფხულს. ამ გუნდით დაინტერესებულები არიან - "ჯენოა", "ლევერკუზენი", "სამპდორია" და "ვესტ ჰემი", თუმცა მათ აჯობა "ბეტისმა", რომელმაც უკვე შესთავაზა "მონპელიეს" 7 მილიონი.

19:02. სამირ ნასრის აღარ აქვს მომავალი "მანჩესტერ სიტიში". ფრანგი ახალი კლუბის ძიებაშია.

19:20. ოფიციალურად! ნემანია მატიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა და ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Transfermarkt-ის მონაცემებით, "ჩელსიმ" სერბის სანაცვლოდ 44 მილიონი ევრო მიიღო.

19:31. ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა. Tuttosport წერს, რომ შვედი განიხილავს "მილანში" დაბრუნების ვარიანტს.

19:37. დემარაი გრეი "ლესტერს" სთხოვს ტრანსფერზე დაყენებას. Sky Sports წერს, რომ 21 წლის ფეხბურთელით "ევერტონი", "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" არიან დაინტერესებულები.

19:42. "მანჩესტერ იუნაიტედმა" იჯარით "სკანთორფში" გაუშვა რედმონდი.

20:05. ვერმალენზე პრეტენზიას აცხადებს "ვესტ ბრომვიჩი", მაგრამ "ბარსელონაში" მოხიბლულნი არიან ბელგიელის მუშაობით და ტომასს სათამაშო დროს მისცემენ, - წერს AS.

20:19. "ინდეპენდიენტეს" ნახევარმცველი ემილიანო რიგონი "ზენიტს" მოელაპარაკა და სამშაბათს ან ოთხშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

20:46. ჰასან სალიჰამიჯიჩი - "ბაიერნის" ახალი სპორტული დირექტორია. მანამდე გაჩნდა ჭორი, რომ მიუნხენელები ამ პოსტზე მიროსლავ კლოზეს აიყვანდნენ, მაგრამ ლეგენდარული ფორვარდი ბუნდესნაკრებში მწვრთნელად დარჩა.

20:58. ოფიციალურად! მცველი ემანუელ მამანა "ზენიტში" გადავიდა. გარიგება 5-წლიანია. "რივერ პლეიტის" აღზრდილი "ლიონში" 2016 წელს ჩაირიცხა 8.5 მილიონ ევროდ, იქ 25 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. რუსულმა კლუბმა მასში 16 მილიონი გადაიხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული