ფიფამ ნოდარ ახალკაცი ავსტრალიაში რთული მისიით გაგზავნა

AutoSharing Option
ავსტრალიური გამოცემა "სიდნეი მორნინგ ჰერალდი" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: ფიფას დელეგაცია ავსტრალიაში ჩადის, რათა ფეხბურთთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მოაგვაროს. ამ ამბავში ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის 4-კაციან დელეგაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობს.

სფფ-ის ყოფილ თავკაცს რთული მისია ეკისრება - ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის საბჭოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს. საქმე ისაა, რომ არსებული პრობლემების გამო ფედერაცია ფიფადან გარიცხვის კანდიდატი გახდა.

სამი დღის განმავლობაში ახალკაცმა და დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ A ლიგის კლუბებთან, სახელმწიფო
ფედერაციებთან, ფეხბურთელთა პროფესიულ კავშირთან და ეროვნული პრემიერლიგის კლუბებთან, რათა ავსტრალიური ფეხბურთის მმართველობა გახდეს უფრო დემოკრატიული და ფიფას მკაცრი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველები ითხოვენ, რომ დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა და ის უფრო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი სისტემით შეიცვალოს.

თუ შეთანხმება 30 ნოემბრამდე ვერ მოხერხდა, ფიფა იძულებული გახდება, ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციას უფლებამოსილება შეუჩეროს, მის ნაცვლად კი დროებითი კომიტეტი დანიშნოს, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიფას დამოუკიდებელი წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უწყებაში სერიოზული რეფორმები დაიწყო, რათა კორუფციული სკანდალის შემდეგ სახელშელახული ორგანიზაციის საქმიანობა გამჭვირვალე გახდეს და ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დადგეს.

ამ მიზნით ფიფას ახალმა ხელმძღვანელობამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების წესდებების რევიზია დაიწყო. საქმე ისაა, რომ არაერთ ეროვნულ ფედერაციაში არიან ფორმალური სუბიექტები, რომელთა დანიშნულებაც არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერაა, რეალურად კი ისინი არაფერს აკეთებენ. აღნიშნული რეფორმის მიზნით, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ფიფამ ყირგიზეთშიც მიავლინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ფიფაში სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს - ის ეროვნული ასოციაციების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფიფა წარმოადგენდა და ეხლაც წარმოადგენს კარგად ამუშავებულ კორუფციულ მექანიზმს. ნოდარ ახალკაციც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკია.
დავითი
11:35 09-08-2017
1
გოგა გეთანხმები,მეტსაც გეტყვი ამან დაღუპა ქართული ფეხბურთი.ახალკაცმა თავის ამფსონებთან ერთად სათავე დაუდო კორუფციას ნაკრებში,გაიხსენეთ დარსაძის ნაკრები.ის ფეხბურთელები რომლებიც მათ ბიჭებად არ მოიხსენიებოდნენ ვერც ნაკრებში ხვდებოდნენ და ვერც უცხოეთში მიდიოდნენ სათამაშოდ,ამიტომაც გვქონდა ნაკრებში კარგი ფეხბურთელების წყვეტა.ამ ბატონების ადგილი სანაგვეზეა და არა ფეხბურთში!
zura
15:11 09-08-2017
2

სიახლეები პოპულარული