
ზურაბ სოტკილავამ საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სოხუმის "დინამოში" დაიწყო. 1955 წელს თბილისის "დინამოში" გადავიდა. მისი დებიუტი დონეცკის "შახტიორთან" მატჩში შედგა. ერთი წლის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახდა.
1958 წელს იუგოსლავიაში და 1959 წელს ჩეხოსლოვაკიაში ზურაბ სოტკილავამ მძიმე ტრავმები მიიღო და იძულებული გახდა, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა.
ზურაბ სოტკილავა ყველაზე მეტად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტნობით ამაყობდა, რომელიც სსრკ-ის ჩემპიონი გახდა.
ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა…
ეტყობა კი არა, დანამდვილებით არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სოტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის „დინამოშიც“ კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.
51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, მარადონა ჩაატარა.
ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული სიფათები, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა.
მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: „საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.
მასალა აღებულია ღია წყაროდან „დიდი ქართველები“