მილანიდან 3740 კილომეტრში პატარა ქართული გუნდის დიდი სიყვარულის ისტორია [PHOTO]

AutoSharing Option
აქ არც დერბი "დელა მადონინა" ტარდებოდა და არც ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ.

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში ქართული კლუბი, წნორის "მილანი" თამაშობდა. ამ ერთ წინადადებაში ალბათ, ბევრი კითხვა გაგიჩნდათ... დიახ, ასეა. რა შუაშია ქართულ კლუბთან სახელი "მილანი"? გუნდი თუ წნორის იყო (წნორი დაბაა, ძველი ანაგიდან 12 კილომეტრის მოშორებით), სოფელ ძველ ანაგაში რატომ თამაშობდა? ამ და სხვა საკითხებზე პასუხს ქვემოთ გაიგებთ...

კლუბის მფლობელი ავთანდილ მანგოშვილი (მეტსახელად "ქაქუცა") იყო. მანგოშვილი "მილანს" დიდ ყურადღებას აქცევდა.

შეგვიძლია გავიხსენოთ ის ძალიან კარგი სტადიონი, სადაც გუნდი ასპარეზობდა...
დღევანდელ ქართულ რეალობაში ძალიან ბევრ გუნდს შეშურდება ისეთი მოედნის საფარი, როგორიც ამ სტადიონს ჰქონდა. ტრიბუნებზე დაახლოებით, 2000 ადამიანი ეტეოდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შევსებული იყო. შესანიშნავი სამგზავრო "ავტობუსი", რომლითაც გუნდი გადაადგილდებოდა. მოკლედ, პირობები ძალიან კარგი იყო და მხოლოდ დადებითი შედეგის ჩვენება იყო საჭირო...

Sportall.Ge

რაც შეეხება კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს... აქტიურ სპორტში დღეს თუ ვინმეს გახსენება შეგვიძლია, ეს მეკარე ზურაბ მამალაძეა. 35 წლის გამოცდილი კარის დარაჯი დღეს მარტვილის "მერანში" ასპარეზობს. კარიერის განმავლობაში მას თბილისის "დინამოში", შესანიშნავად მოასპარეზე "ზესტაფონსა" და სხვა გუნდებში უთამაშია. თუმცა, მამალაძის საფეხბურთო საწყისები პატარა სოფლის პატარა გუნდს უკავშირდება.

Sportall.Ge

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ გიორგი ტოკლიკიშვილი ("ტოკლიკა") და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი და კლუბის კაპიტანი ზაზა მედოევი.

ფეხბურთელების და გულშემატკივართა ურთიერთობა შესანიშნავი იყო. როგორც უკვე გითხარით, ძველი ანაგა კახეთში მდებარეობს და რა თქმა უნდა, ვაზის კულტურა ძალიან განვითარებულია.

ხშირად დაინახავდით კადრებს, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს პატივისცემის ნიშნად ყურძენი და სხვა ხილი მოჰქონდათ. ასევე, ფეხბურთელების ტრავმის შემთხვევებს გულშემატკივრები ძალიან განიცდიდნენ... ისინი მოთამაშეებთან მიდიოდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკითხებოდნენ.

Sportall.Ge

"მილანი" ერთადერთხელ (2002 წელს) იყო საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ეს პერიოდი გულშემატკივრებისთვის შესანიშნავ მოგონებად დარჩა. მართალია, 22 ტურში მოპოვებული 3 გამარჯვებით, 4 ფრითა და 15 მარცხით, 13 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი პატარა სოფლის კლუბი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, უკვე აღსანიშნავი იყო.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას გუნდის სტადიონს გულშემატკივართა ცუდი საქციელის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და "მილანს" საშინაო თამაშების ჩატარება გურჯაანში უხდებოდა. გულშემატკივრებს საყვარელი გუნდი არც მაშინ მიუტოვებიათ და მანქანების კოლონა კლუბის საქომაგოდ მიდიოდა.

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ "მილანს" სახელი ერთხელ გადაუკეთეს და ძველი ანაგის "ღარწყალი" დაარქვეს (ღარწყალი წყაროა ძველ ანაგაში). ამ ფაქტზე საინტერესო და კურიოზული ისტორიაც შეგვიძლია გავიხსენოთ: "ღარწყალი" ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე "დინამოს" უპირისპირდებოდა.

თბილისელთა ერთ-ერთ გულშემატკივარს სტუმარი გუნდის სახელის გაგების შემდეგ გაკვირვებულს უკითხავს - ეს წყაროელები ვინღა არიანო.

Sportall.Ge

თავდაპირველად, გეგმაში იყო, რომ კლუბს წნორში ეთამაშა და სახელიც სწორედ მისი ეწოდა, თუმცა შემდეგ სტადიონი ძველ ანაგაში გაკეთდა, თუმცა გუნდის სახელი აღარ შეცვლილა.

რატომ ერქვა კლუბს "მილანი", დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება...

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კლუბს "მილანი" იმიტომ ერქვა, რომ იმედი ჰქონდათ, იტალიური "მილანის" ხელმძღვანელები დაინტერესდებოდნენ და ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ. თუმცა ეს ხმები ჭორის დონეზე დადიოდა და ოფიციალურად არ გაცხადებულა.

Sportall.Ge

გუნდმა არსებობა 2004 წელს შეწყვიტა. ამის შემდეგ მცდელობები კიდევ იყო, ამ სოფელში ფეხბურთი დაბრუნებულიყო და რამდენიმე კლუბი ჩამოყალიბდა, თუმცა უშედეგოდ...

საინტერესოა, რა მდგომარეობაა დღეს ძველ ანაგაში და მთლიანად სიღნაღის რაიონში სპორტის განვითარების მხრივ. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს გავესაუბრეთ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ სიღნაღის რაიონში სპორტი მკვდარია. ახალგაზრდებს არ ეძლევათ საშუალება, სპორტით დაკავდნენ და ამისთვის არანაირი პირობები არ აქვთ შექმნილი... არ არის სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები გახსნილი, ამიტომ ახალგაზრდების უმეტესობა ადრეული ასაკიდანვე ალკოჰოლის მიღებას და სიგარეტის მოწევას იწყებს...

მათ ერთადერთი დადებითი, სპორტთან დაკავშირებით რაც გვითხრეს, ის არის, რომ სოფელ ძველ ანაგაში ბოლო პერიოდში მინი-სტადიონები ააშენეს.

იმედია, ჩვენი სტატია საჭირო წრეებამდე მიაღწევს და ისინი ამ გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ და სპორტულად ჩამკვდარ სოფელსა და რაიონს ახალ ძალას შთაბერავენ.

ქვემოთ კი ის სურათები შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ჩვენ "მილანის" სტადიონზე გადავიღეთ. "ქართული სან-სირო" საძოვრადაა ქცეული...

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
აი ეს სტადიონია დღევანდელი ჩვენი ფეხბურთის სახე....
0
პირველ სურათზე გეგუჩაძე თავისი სტაფით!
omari73
22:37 05-12-2017
0

სიახლეები პოპულარული