ზამთრის თასი საქართველოს ნაკრებმა მოიგო

AutoSharing Option
ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება ტრადიციულად უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების ტურნირით დასრულდა. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, თურქეთისა და უეფას გუნდები ასპარეზობდნენ.

საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ შეხვედრაში იტალია დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან პოკერით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა, თითო გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა და კახა კალაძემ გაიტანეს, ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში მასიმო პაგანინიმ ჩაჭრა. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა. დაძაბული და საინტერესო მატჩი
ესპანელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან გოლები გიორგი დემეტრაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და „ა“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ესპანეთმა კი საკუთარი მატჩი იტალიასთანაც მოიგო, ანგარიშით - 3:2 და 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

„ბ“ ჯგუფი უკრაინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. უკრაინელებმა ჯგუფში ორივე თამაში მოიგეს და 6 ქულა დააგროვეს. პირველ შეხვედრაში მათ თურქეთს აჯობეს ანგარიშით - 3:2, მეორე მატჩი კი უეფას მოუგეს 4:1. მეორე ადგილზე სწორედ უეფას გუნდი გავიდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გუნდმა თურქეთი დაამარცხა, ანგარიშით 3:2 და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება სამი ქულით მოიპოვა.

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლებით კახა კალაძე (4), მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე იაშვილი გამოირჩნენ. მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები უეფას დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველო და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ჩივაძისა და რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა ჯგუფში განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აიღო, გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქე 6:3 დაამარცხა და ზამთრის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ჩემპიონთა მხრიდან ჰეტ-თრიკით გუნდის კაპიტანი, კახა კალაძე გამოირჩა, თითო გოლი კი, ალექსანდრე ამისულაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილისა და ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ უეფას გუნდის წევრი, მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა, ბომბარდირი 8 გატანილი გოლით საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე გახდა, საუკეთესო მეკარეს წოდება კი ესპანელმა ხულიო იგლესიასმა მიიღო. გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ გადასცეს.

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის საფეხბურთო ვარსკვლავების გათამაშების გამარჯვებულს- საქართველოს ნაკრებს თასი დავით პეტრიაშვილის მეუღლემ - ლიკა იოსელიანმა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ტურნირია,ცოტა მეტი პიარია საჭირო,მონაწილეებთან ერთად ტურისტებიც რომ მოვიზიდოთ.
Giorgi
02:54 15-01-2018
0
ცოტა დაგაგვიანდათ მეგობრებო, ადრე უნდა მოგეგოთ, ნატრებში რომ თამაშობდით და იქნებოდა სუპერ, ეგეთიშედეგებით მინიმუმ ევროპის პრიზიორები ვიქნებოდით :))
grego
19:31 15-01-2018
0

სიახლეები პოპულარული