ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წლიდან დაიწყო, რომლის თანახმად, თბილისსა და ქუთაისში სულ საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს.
ქუთაისის ახალ სპორტულ ბაზებზე ფეხბურთისა და რაგბის 2 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა,
შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში 10 სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში ახალი ბაზები ექსპლოატაციაში შევა, 7 თბილისში მოეწყობა, 3 კი ქუთაისში.
ამჯერად ქუთაისში ვიმყოფებით და სამშენებლო პროცესს ვათვალიერებთ. ეს მოედნები მოემსახურება როგორც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე სხვადასხვა გუნდს, როგორც სათამაშო, ასევე საწვრთნელი პროცესების გასავლელად ფეხბურთსა და რაგბიში.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ახალი სპორტის სასახლეების გახსნა იგეგმება ბათუმში, გორსა და თელავში".
ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "გავეცანით ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებს. ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება კიდეც ახალი მოედნების მშენებლობა.
მსურს, ხაზი გავუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ჩვენს მთავრობას, ასევე სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომლის წვლილი ძალიან დიდია ამ პროექტის განხორციელებაში.
ახალი ინფრასტრუქტურა ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ მოედნებზე არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გაიზრდება".
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით