გოგა გახოკიძე: ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში...

AutoSharing Option
გოგა გახოკიძე ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი იყო. მან სახელი, ძირითადად, ჰოლანდიაში გატარებული კარგი პერიოდით გაითქვა.

ამჟამად გახოკიძე საფეხბურთო აგენტია და ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში წასვლაში ეხმარება. სწორედ მის სახელს უკავშირდება გიორგი ჩაკვეტაძისა და სხვა ჩვენთვის ცნობილი ფეხბურთელების უცხოეთში წასვლა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, არის რაღაც, რაც ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გაუკეთებია და რასაც ძალიან ნანობს. ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ იწყებოდა თქვენი საფეხბურთო კარიერა?
- 6 წლის ასაკში შემიყვანეს "ნორჩ დინამოში" მშობლებმა. ჩემი ოცნება
იყო, ფეხბურთელი გამოვსულიყავი.

- რამდენად რთული იყო გზა, გამხდარიყავით პროფესიონალი ფეხბურთელი?
- ნამდვილად რთული გზა გავიარე, მაგრამ ჩემი შრომით და მიზანდასახულობით მივაღწიე მიზანს. მიუხედავად რთული პერიოდისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია. დიდი შრომის ფასად, ბევრი გულისტკენისა და ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, კარგ გუნდებში ვითამაშე.

- პერიოდი, როდესაც საქართველოდან წახვედით...
- მაგ პერიოდში ვეკუთვნოდი თბილისის "დინამოს". მათ გამანათხოვრეს ფოთის "კოლხეთში" 1 წლით. მინდა აღვნიშნო ჩემი გატარებული 6 თვე გუნდში, სადაც დიდი სითბო ვიგრძენი.

სწორედ ამ გუნდიდან გადავედი ვლადიკავკაზის "ალანიაში". ამისთვის ვლადიმერ გუცაევის დიდი მადლიერი ვარ. რაც შეეხება "ალანიას", კარგად მახსენდება ეს პერიოდი. გუნდში რამდენიმე ქართველი ვიყავით და კარგადაც ვთამაშობდით, რის შემდგომაც პსვ-ში გადავედი.

- თქვენი კარიერის პიკი, ალბათ, სწორედ ჰოლანდიაში გატარებული პერიოდი იყო...
- ჩემს კარიერაში დიდი წინსვლა იყო "ალანიიდან" პსვ-ში გადასვლა. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო შეგუება... ამას თან ტრავმაც დაერთო. შემდგომ ნელ-ნელა ყველაფერი დაეწყო. პსვ-ში დავყავი 4 წელი, მოვიგეთ ორჯერ ჩემპიონატი და ერთხელ თასი. შემდეგ გადავედი "ტვენტეში" და მინდა აღვნიშნო, რომ პირველი წელი ძალიან კარგად ჩავატარე... გავედით თასის ფინალში და ჩემპიონატში 23 საგოლე პასი გავაკეთე.

- ასპარეზობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში...
- ეროვნულ ნაკრებში თამაში არის ყველა ფეხბურთელის ოცნება. ძალიან დიდი ემოცია და პასუხისმგებლობაა, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემთვისაც დიდი პატივი და სიამაყე იყო ნაკრებში თამაში. დღესაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იტალიასთან გატანილ გოლს და ხალხის სიხარულს. ეს ნამდვილად არასოდეს არ დამავიწყდება.

- "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ არა აზარტული თამაშები, კარიერაში უფრო ბევრს მივაღწევდიო... როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში აზარტული თამაშები?
- ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა მთელ ჩემს საფეხბურთო კარიერაში... არც სიგარეტს ვეწეოდი და არც სასმელს ვეტანებოდი. მოკლედ, დამრღვევი არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც გამიკეთებია, ეს არის, რომ აზარტული თამაშების მოყვარული ვიყავი, რასაც ძალიან ვნანობ. მართლა გულწრფელად გეუბნებით, ძალიან უკან დამხია. ამიტომ ყველა ფეხბურთელს მინდა ვუთხრა, რომ არ გაეკარონ აზარტულ თამაშებს.

- ქართველ ფეხბურთელებს დღეს ბევრს ედავებიან, რომ პირველი ჰონორარის აღების შემდეგ უბრალოდ თამაშის ინტერესი ეკარგებათ. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში, რას ნიშნავდა თქვენთვის თქვენი შრომით აღებული პირველი ხელფასი და რა შეგძინათ მან?
- ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ფიქრობს და არ უნდა წინსვლა, მისი კარიერა ხანმოკლე იქნება და ვთვლი, ეს მიდგომა არაპროფესიონალურია.

- როდის მიხვდით, რომ ფეხბურთის თამაში აღარ გსურდათ და კარიერა უნდა დაგესრულებინათ?
- წელი მაწუხებდა ჯერ კიდევ "ალანიაში" ყოფნის დროს არასწორი მიდგომის გამო. ბევრჯერ მითამაშია გამაყუჩებლით, რამაც შემდგომ გამოიწვია დიდი გართულება პსვ-ში გადასვლისას. ექიმების გადაწყვეტილებით გამიკეთდა 5-წლიანი ბლოკადა...

მართლაც, 5-6 წელი წელს არ შევუწუხებივარ, მაგრამ 6 წლის მერე ისევ გამიმეორდა და უკვე არანაირი მკურნალობა აღარ მშველიდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ფეხბურთისთვის დამენებებინა თავი.

- კარიერის დასრულების შემდეგ...
- მინდოდა, ისევ ფეხბურთის გარშემო ვყოფილიყავი და ამიტომაც გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ფეხბურთელების აგენტი.

- ოჯახი...
- 1997 წელს დავოჯახდი... მყავს მეუღლე თამუნა და 3 შვილი: 19 წლის ქალიშვილი ქეთა, 14 წლის ნიკო და 9 წლის ანდრეა. ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი ყველა ნაბიჯი უკავშირდება და ემსახურება ჩემი ოჯახის კეთილდღეობას და შვილების ბედნიერ მომავალს. ოჯახი ჩემთვის სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.

- მიზანი...
- გოგა გახოკიძეს ძალიან უნდა, ბევრ ფეხბურთელს შეუწყოს ხელი და კარგ გუნდებში მოახვედროს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრ ფეხბურთელს შეუწყოს ხელი - რომელიც ნახევარს შენ მოგცემს, თორემ ისე ხომ არავის გაუკეთებ რამეს.
anano
14:45 20-02-2018
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული