გიორგი დევდარიანი: ვის უნდა მოუგო, სლოვაკებს თუ აზერბაიჯანელებს? ვერავის ვერ მოუგებ

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ბავშვთა ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. როგორც თავად გვითხრა, მისი სურვილია, თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს და საქართველოს მომავალი თაობა გაუზარდოს.

პარალელურად, დევდარიანი მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამაშიცაა ჩართული და დამწყებ სპეციალისტებს რჩევებს აძლევს.

Sportall.ge მას დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- ისევ ფეხბურთით ვარ დაინტერესებული, ოღონდ სხვა კუთხით და სხვა განხრით. 14-დან 18 წლამდე ფეხბურთელებთან ვიმუშავე თბილისის "თბილისში" და მივიღეთ გადასარევი შედეგი.

მერე იყო 93 წელს დაბადებულები, სადაც იგივე 14-დან 18 წლამდე
ბავშვებთან ჩავატარეთ ფეხბურთელების განვითარების პროცესი. შესანიშნავი შედეგი მივიღეთ, რადგან შვიდმა 18 წლის ფეხბურთელმა უცხოურ კლუბებთან მოაწერა კონტრაქტს ხელი, რაც ერთი მწვრთნელისთვის კი არა, სკოლისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ვაპირებ, რომ ახლაც ეს გავაკეთო... ვთვლი, რომ ჯობია, ჩემი ცოდნა ბავშვებს მოვახმარო. ფაქტია, რომ ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში და უცხოურ კლუბებში თამაშობენ.

ის ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენთან ადრე 14-დან 18 წლამდე მომზადება გაიარეს, მზად იყვნენ, რომ უცხოურ გუნდებში კონკურენცია გაეწიათ თავიანთი კონკურენტებისთვის. თავიდან, მე მეორე მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ ფაქტი არის, რომ შედეგი გაკეთდა.

ახლაც მინდა, რომ რაღაც მსგავსი გავაკეთო... მინდა, რომ მოვიძიო სპონსორები, რომ გუნდში მყავდეს წამყვანი ფსიქოლოგები, დიეტოლოგები, ანალიტიკოსები და ტექნიკური სტაფი.

მინდა, რომ ამ ყველაფერს ორგანიზება გავუკეთო და პატიოსანი საქმე გავაკეთო. პარალელურად, ჩართული ვარ მწვრთნელთა ლიცენზიის პროგრამაში. ვარ დამხმარე სპეციალისტი სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად, რომლებსაც ეს ლიცენზირების პროგრამა გავლილი აქვთ.

- ერთა ლიგის წილისყრას როგორ შეფასებდით, რა შანსები აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?
- ყველა ჯგუფი ძლიერია. თუ შენს ნაკრებში, კლუბებში სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელები არ ასპარეზობენ, იქ შედეგის დადება ძალიან ძნელია.

თუ ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაიწყებენ თამაშს და გადალახავენ იმ პრობლემებს, რომლებიც აქამდე ჰქონდათ, უფრო კარგი იქნება. მაგალითად, ვიღაცისთვის წონაა პრობლემა, ვიღაცისთვის სიზარმაცე...

შედეგი სწორედ ამ ფეხბურთელების გასაკეთებელია და ძალიან რთულია, მათ თუ თავიანთ გუნდებში თამაში არ დაიწყეს.

- საქართველოს ეროვნული ლიგის ახალ სეზონზე რას იტყოდით, როგორ შეაფასებდით გუნდების სატრანსფერო პოლიტიკას და ვინ არიან ჩემპიონატის ფავორიტები?
- რა ვიცი, აბა... როგორ უნდა ვთქვა, რომ კარგად ჩაატარეს გუნდებმა სატრანსფერო პოლიტიკა, როდესაც ოდნავ მაინც გამორჩეული ფეხბურთელი მაშინვე ტოვებს ეროვნულ ჩემპიონატს.

რომელ ევროთასებზე გინდათ მელაპარაკოთ? რომელ ევროთასებზე გინდათ გახვიდეთ, როდესაც, მაგალითად, მე შარშან ვწვრთნიდი "ლოკომოტივს", 6 თვე მყავდა კარგი შემადგენლობა, როდესაც დავიმატეთ კობახიძე, გვალია და გოროზია.

6 თვეში გუნდი დატოვა წამყვანმა მეგოლემ, ირაკლი სიხარულიძემ, ქავთარაძემ, დიასამიძემ და დაიწყო ახალი გუნდის შენება და ჩვენც გვგონია, რომ ერთ წელში აშენებული გუნდიდან, საიდანაც ყველა ლიდერი გარბის, მაგ გუნდით შევძლებთ უეფას ტურნირებზე გასვლას.

ვის უნდა მოუგო, სლოვაკებს თუ აზერბაიჯანელებს? ვერავის ვერ მოუგებ. თუ გვინდა, ვიყოთ რეალურები და ვთქვათ სიმართლე, ერთწლიანი კლუბებით ევროსარბიელზე არაფერი არ გვესაქმება.

წარმოიდგინეთ, თბილისის "დინამომ" ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი, მიქელთაძე გაუშვა... ამდენი წამყვანი ფეხბურთელი. როგორ გგონიათ ახლა თქვენ, რომ კახა კაჭარავამ თურქეთში წაიყვანა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, ზოგი ბავშვი, ზოგიც დაიმატა და ასე უცბად შევძლებთ 5-6 წლის ტრადიციის მქონე გუნდების დამარცხებას?

იმ კლუბებს ტრადიცია აქვთ, ბირთვი შენარჩუნებული აქვთ და უამრავი პირობა აქვთ მომზადებისთვის. ჩვენი მოგება არ არის რეალური და ტყუილი რატომ უნდა ვთქვათ? მე არ მჯერა მაგის.

- რატომ ხდება თქვენი აზრით, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოჩენილი ფეხბურთელები უცხოეთში გარბიან?
-  იმიტომ, რომ საქართველოში უხდიან 3 000 ლარს, იქ უხდიან 15 000 ევროს მინიმუმ... ამ ფეხბურთელებს ოჯახები ჰყავთ, შვილები ჰყავთ და რამდენიმე წელი აქვთ ფეხბურთის სათამაშოდ, რომლისთვისაც ყველაფერი გადადეს.

სწავლა, განათლება, ჯანმრთელობა... ბევრი სიამოვნება მოიკლო ბევრმა მათგანმა და როგორც კი საშუალება ეძლევა, თუნდაც ფინანსური და კარიერული წინსვლა განიცადოს, ამას აკეთებს.

ეს ყველაფერი ბუნებრივია. აბა, მაგის გარეშე ფეხბურთელი როგორ განვითარდება? ჩვენ ელემენტარულად 1-2 წელი მაინც უნდა შეგვეძლოს ამ ფეხბურთელების შენარჩუნება. ის ფული, რასაც ფეხბურთელებს საქართველოში სთავაზობენ, ევროპაში სასაცილოდ არ ჰყოფნით.

გარბიან მერე ეს ფეხბურთელები, მერე გამოვლენ და იტყვიან, მწვრთნელია სუსტიო... სუსტი კი არ არის მწვრთნელი, რომელიც გეუბნება, რომ ეს ასე არ გამოვა, ასე უეფაზე ვერ გახვალ...

შეიძლება გაგიმართლოს, ისე, როგორც გარინჩა იყო მილიონში ერთი და კოჭლი კაცი ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ პლეი-ოფში შემთხვევით თამაშს ვერ მოიგებ.

- 2014 წელს თქვენ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში დარეკეთ და განაცხადეთ, რომ გრცხვენოდათ, სისტემის ნაწილი რომ იყავით... რას გულისხმობდით მაშინ?
- ეს არ არის ასე ადვილად სასაუბრო. ამას მთელი გადაცემა უნდა დაეთმოს და ასე უცბად, 2 წუთში ვერ ვისაუბრებ... რა ვიცი, რასაც მე ვიძახდი, თქვენ არ გრცხვენიათ, რომ ევროპული სარბიელის პირველ ტურში სამარცხვინოდ ვვარდებით?

ნიშნის მოგებით არ ვიძახი და არავისკენ თითს არ ვიშვერ. ფაქტს გეუბნებით, რაც ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში, თავმოყვარე ადამიანს, დიახაც, უნდა რცხვენოდეს.

კონკრეტულად ერთი ფაქტორი არ არის... მაქვს რამდენიმე ფაქტორი და თუ რამეს გააკეთებენ, ხომ მაგრად გამიხარდება. თუ არა და, მე ვერ ვხედავ და შეუძლებელიცაა უეფას ტურნირებზე წარმატების მიღწევა.

უეფას ტურნირებზე თუ ვერ გახვედი, მართლა სამარცხვინო ხარ, აბა, რა ხარ? ვერასდროს თუ ვერ გახვედი და პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანი იქნება თუ სლოვენია, ანდაც მოლდოვა მეტოქე და პირველ ეტაპზევე გამოგაგდო, ფეხბურთში ეგ არის სამარცხვინო საქციელი.

მე ვგულისხმობდი კონკრეტულად შედეგებს და არავისკენ არ ვიშვერ ხელს. მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ და მეც ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ვცდილობ, რომ უსამართლო არ ვიყო, მომზადებული მივიდე ვარჯიშზე და კომპეტენტური ვიყო...

სხვა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ პირველივე ეტაპიდან ვვარდებით და მე ვერ ვხედავ, სამწუხაროდ, რაიმეს შეცვლის შანსს, რადგან კლუბები ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებენ.

არაფერს ვამბობ ნიშნის მოგებით და აქ პასუხისმგებლობა ჩემიც არის, ისევე, როგორც სხვისი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მწარე რეალობა! ფიფიასაც არ უნდა 15 და 20 ათას ლარიანი ფეხბურთელი გუნდში, რომ ამბობთ რომ არ იცის და ვირაცამ ურჩიეთო. ყველაფერიც ძალიან კარგად იცის
Irakli Apkhaidze
15:03 02-03-2018
0
ეს კაცი საქართველოში არ უნდა მუშაობდეს, ქართველ ხისთავიან ფეხბურთელებს ვერაფერს შეაგნებიებს
ქართული ფეხბურთში ერთადერთი სუფთა ადამიანია
ცქიფოს პერსოფანი
21:32 02-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული