"შევარდენის" მწვრთნელი: ნაკლებად მოდიან ისეთი ბავშვები, რომლებიც სულითა და გულით სპორტსმენები არიან

AutoSharing Option
ვოვა ვაშაძე "შევარდენის" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია. "იუნკერების" ამ ასაკის გუნდს წელს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. ისინი თავის ზონაში პირველ ადგილზე არიან.

"შევარდენის" 19-წლამდელთა გუნდი "დინამო თბილისსა" და "საბურთალოსაც" უსწრებს.

ვაშაძე 2005 წლიდან მოყოლებული ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწეობს და იქ არსებულ პრობლემებში ჩახედულია.

Sportall.ge მას დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- "შევარდენს" მიმდინარე სეზონში კარგი შედეგი აქვს... ეს რისი დამსახურებაა?
- ფეხბურთელების, კარგი სელექციისა და გუნდის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. უკეთესი სელექციაც შეიძლებოდა, მაგრ
ამ შედეგებიდან გამომდინარე კარგად ვმუშაობთ.

საწვრთნელი პროცესიც ნორმალურად მიმდინარეობს და ალბათ ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგი.

- თქვენ "დინამო თბილისის" ახალგაზრდულ გუნდს მოუგეთ, რომელიც ამ ასაკში საკმაოდ ძლიერია...
- გვქონდა კარგი მომზადების საშუალება. "დინამოსთან" პირველი თამაში წავაგეთ და გავაკეთეთ ანალიზი. ჩვენი გუნდი პრაქტიკულად ახალი შექმნილია და თავიდან დრო შეთამაშებისთვის და დალაგებისთვის დაგვჭირდა.

შეცდომების გამოსწორებით, სწორი ანალიზით, შევძელით, რომ "დინამო" დაგვემარცხებინა. საერთო ჯამში უკეთესად  ვითამაშეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

- "შევარდენის" ხელმძღვანელობაზე რას გვეტყოდით...
- სულ გვაქცევენ ყურადღებას. მოდიან ვარჯიშებზე, თამაშებზე... ინვერტარზე პრობლემა არ გვაქვს და სავარჯიშო პროცესში ხელი არ შემშლია.

ერთად ვართ ფაქტიურად და პირველი გუნდის თამაშზეც ერთად დავდივართ. ისეთი სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი, რომ უნდა მოხდეს პირველი გუნდის გაახალგაზრდავებმა და შემდეგში ამ ბიჭებმა გადაინაცვლონ პირველ გუნდში.

სწორედ ეს გზა გვაქვს არჩეული, რომ ამ ბიჭებმა მაქსიმალურად მოუმატონ და კარგი თამაში ანახონ.

- ასაკობრივ ნაკრებებში "შევარდენიდან" რამდენ ფეხბურთელს იძახებენ?
- ბოლო გამოძახებაზე ერთი ფეხბურთელი გამოიძახეს, წინაზე 4. ფეხბურთელები ყურადღების ქვეშ არიან და მე ნაკრების მწვრთნელებთან კომუნიკაცია მაქვს.

- თქვენ როგორც ვიცით "ლოკომოტივში" მუშაობდით და 17-წლამდელთა ლიგაში ჩემპიონები გახდით...
-  2005 წელს 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყო მწვრთნელობა. შემდეგ გადავედი "ლოკომოტივში", სადაც 35-ე სკოლიდან 9 ფეხბურთელი გადავიყვანეთ.

ამ ფეხბურთელებითა და იქაური საკმაოდ კარგი კონტიგენტით შევძელით 17-წლამდელთა ლიგის მოგება.

შემდეგ რეგიონალიგაში გადამიყვანეს, ანუ ლოკომოტივის მე-2 გუნდში. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდი მე-2 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფი ითამაშა, სადაც დუშეთის "არაგვთან" პენალტებში დავმარცხდით.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შემდეგ წამოვედი და ახლა "შევარდენში" ვმუშაობ.

- ჭაბუკთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე, რომ გვითხრათ... რა არის შესაცვლელი და რა პრობლემებს ვხვდებით აქ ძირითადად?
- პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მასობრიობა არ არის. ძალიან ცოტა ფეხბურთელია იმასთან შედარებით, ვიდრე 10-15 წლის წინ იყო.

ასევე ფასიანია ფეხბურთი და ბევრი ვერ ახერხებს სიარულს. არ არის ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები, რომელიც გავლენას ახდენს.

მასობრიობიდან გამომდინარე ისეთი ნიჭიერი თაობა აღარ მოდის, როგორც ადრე იყო.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სულ 10 000 ბავშვი ფეხბურთელია მგონი რეგისტრირებული, როცა ადრე 27 000-იც ყოფილა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ აღარც ქუჩის ფეხბურთია და ბავშვი ეზოში არ ჩადის ბურთის სათამაშოდ.

მენტალიტეტზეც ვიტყოდი... ნაკლებად მოდიან ისეთი ბავშვები, რომლებიც სულით და გულით სპორტსმენები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული