12 ივლისს თბილისში ტურინის "იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა. 7-დან 16 წლამდე ასაკის ქართველ ბავშვებს ყოველწლიურად 5-დღიანი მასტერკლასის გავლა შეეძლებათ.
მასტერკლასებს კი ბავშვებს იტალიელი მწვრთნელები ჩაუტარებენ. კონკრეტულად კი, ტურინიდან 3 მწვრთნელი ჩამოვა.
Sportall.ge "იუვენტუსის" ქართული ფან-კლუბის პრეზიდენტ ლევან ბეგლარიშვილს დეტალების შესახებ დაეკითხა.
"ბანაკის შექმნის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთისგან" წამოვიდა, რომელსაც მსგავსი ბანაკების ჩატარების გამოცდილება აქვს.
ისინი მუშაობდნენ "იუვენტუსთან". შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში ტურინული კლუბის ფან-კლუბი არსებობდა. მოხდა დაკავშირება და ასე შეიქმნა ეს ბანაკი.
ბანაკში ბავშვების მიღების რაოდენობა შეზღუდულია. მაქსიმუმ 100
ამ ბანაკის გავლის შემდეგ ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, 12 სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლებსაც რეგიონალური ფედერაციები შეარჩევენ, უფასოდ გაივლიან მომზადებას.
"იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკი 11-16 სექტემბერს გაიმართება. კემპის მონაწილე 100 ბავშვს, "იუვენტუსის" მწვრთნელების ხელმძღვანელობით, ერთი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ვარჯიშები ჩაუტარდებათ. საუკეთესო მონაცემების მქონე რამდენიმე ბავშვი კი ტურინის გრანდის საწვრთნელ ბაზა "ვინოვოზე" ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.
რაც შეეხება "იუვენტუსის" ბანაკში მონაწილეობის მსურველთა გადასახდელ თანხას, ფასი, სავარაუდოდ, 300 ევრომდე იქნება, თუმცა ზუსტი ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის", - აღნიშნა ბეგლარიშვილმა.
თბილისში "იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა