10-ბალიანი სისტემა - "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "დუნაისკა სტრედასთან" მატჩში

AutoSharing Option
12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის "დინამო" "დუნაისკა სტრედას" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

alt"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერცერთმა ვერ შეძლო.

გთავაზობთ "დინამოს" ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს:

დემეტრე ბულისკერია 6.0 - შეიძლება ვიღაცას მაღალი შეფასება მოეჩვენოს იმის ფონზე, თუ რა კრიტიკაც დაატყდა სოციალურ ქსელებში ბულისკერიას. ახალგაზრდა ქართველ მეკარეს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი კარგი თამაში, როცა რამდენიმე მომენტში გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა და

საბოლოოდ 6 "სეივი" დაუგროვდა. 18 წელი მეკარისთვის ძალიან პატარა ასაკია და ის ახლა ვითარდება, მისი ასეთი შეცდომები მოსალოდნელი იყო.

გუჯა რუხაია 6.0 - რუხაია დაცვაში კარგი იყო, მის ფლანგზე მეტოქის შეტევები თითქმის არ იყო, მაგრამ რამდენადაც კარგი იყო დაცვაში, იმდენად ცუდად ერთვებოდა შეტევებში.

ლუკა ლოჩოშვილი 6.5 - ლუკა სტაბილურად თანაშობდა, კარგად იდგა დაცვაში, თუმცა მცირე შეცდომებიც ჰქონდა. რიგ მომენტებში ცოტა მეტი აქტიურობაც მართებდა ჰუკისა და პაჩინდას წინააღმდეგ.

დავით კობოური 6.5 - დავითმაც ნორმალური შეხვედრა ჩაატარა და რაც შეეძლო, თავის მაქსიმუმს აკეთებდა. იყო მომენტები, როცა მეტი მოეთხოვებოდა, თუმცა მის შეცდომებს თამაშის მიმდინარეობაში ცვლილებები არ შეუტანია.

ლევან ხარაბაძე 7.0 - ლევანს გაცილებით მაღალ შეფასებას მივანიჭებდი, დაცვაშიც ისე რომ ეთამაშა, როგორც შეტევაში. ხარაბაძე ფლანგზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ის სისწრაფეში ნამდვილად ჯობნიდა მეტოქეებს, მაგრამ დაცვაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ.

დმიტრო ივანისენია 5.0 - უკრაინელი ნახევარმცველის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. ალბათ, ჯობდა, მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს ეთამაშა, სამომავლოდ კი თბილისელებს აუცილებლად ესაჭიროებათ მის პოზიციაზე ალტერნატიული ფეხბურთელი.

ნიკა ნინუა 7.0 - 19 წლის ფეხბურთელმა შეტევაში კარგად წარმოაჩინა თავი. მეორე ტაიმის განმავლობაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მიუძღვის წვლილი. პირველ შემთხვევაში მისი და ერგემლიძის აქტიურობას მოჰყვა გოლი, რომელზეც მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა; ხოლო მეორე მომენტში მატჩის დასასრულისას მან შექმნა გადამწყვეტი შეტევა, რომელიც მათე ვაწაძემ ვერ დააგვირგვინა.

აკაკი შულაია 5.5 - ეს დღე შულაიასი არ იყო, მან ამ შეხვედრაში ღირებული ვერაფერი ვერ შექმნა. პირიქით, რამდენჯერმე შეტევა შეაფერხა და შესაბამისი გაგრძელება ვერ მოუნახა. ის ხშირად სწორხაზოვნად მოძრაობდა, რაც "დუნაისკა სტრედას" მცველებისთვის ადვილი ამოსაცნობი იყო.

ოთარ კიტეიშვილი 7.5 - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გუნდის კაპიტანი საუკეთესო იყო. ეგ არის, რომ თანაგუნდელები ხშირად ვერ უბამდნენ მხარს. გოლიც მისი აქტიურობის შედეგი იყო და თითქმის ყველა შეტევაში ის მონაწილეობდა.

გიორგი ივანიშვილი 5.0 - პირველი ტაიმის შემდეგ კითხვა მაწუხებდა, იყო თუ არა მოედანზე გიორგი ივანიშვილი? ივანიშვილის პასიურობა კაჭარავამაც შეამჩნია და პირველი ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიყვანა.

ბუდუ ზივზივაძე 7.0
- ზივზივაძემ თავისი საქმე გააკეთა. გადამწყვეტ მომენტში ოთარ კიტეიშვილის პასს შესაბამისად უპასუხა და თბილისელები დააწინაურა. სხვა შემთხვევაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა, ნახევარმცველებს ეხსნებოდა და აქტიურობდა.

შეცვლები

მიხეილ ერგემლიძე - 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ივანიშვილის ნაცვლად კარგად ჩაერთო თამაშში, აქტიურიც იყო და შეტევების გამწვავებას ცდილობდა.

მათე ვაწაძე - ალბათ, შეთამაშება არ არის საჭირო იმასთვის, რომ 100%-იანი საგოლე მომენტი გამოიყენო. მათე კარგი ფორვარდია და ვიმედოვნოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

ბაქარ ქარდავა - ქარდავა ბოლო 10 წუთში ჩაერთო და დიდი დატვირთვა არ ჰქონია, ნორმალურად გამოიყურებოდა.

მთავარი მწვრთნელი - კახა კაჭარავა 7.0 - სასტარტო შემადგენლობამ ბევრი კითხვა დატოვა, რაც შემდეგ თამაშზეც აისახა. ეროვნულ ლიგაში "დინამოს" კარგი სერიის მიუხედავად, მოედანზე იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ამ შეხვედრებშიც ვერ წარმოაჩინეს თავი: დმიტრო ივანისენია და გიორგი ივანიშვილი. აგრეთვე, სასტარტო შემადგენლობაში იყო თითქმის ერთი თვის უთამაშებელი აკაკი შულაია. როცა გუნდი დაწინაურდა, საკითხავია, რატომ გაკეთდა აქცენტი დაცვაზე, როცა ამის საჭიროება არ იყო. მიუხედავად ამისა, ფრე 1:1 კარგი შედეგია, რადგან სტუმრად გატანილი გოლი თბილისელებს გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

 

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნაისკა სტრადას" კარში [VIDEO]

altკახა კაჭარავა: გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოთარ კიტეიშვილი მშვენივრად ითამაშა სულ მოძრაობს შეტევებში კარგია
ogafa
16 ივლისი 2018 10:50
1
ერგემლიძის კარგი ჩართვა რაში გამოიხატა? ერთი მომენტი მაინც გამახსენეთ ვინმემ
lado
13 ივლისი 2018 21:47
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული