ფუტსალში საქართველოს საუნივერისტეტო პირველობის უცვლელმა ჩემპიონმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რიხიანად დაიწყო. დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-მ პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში დაწყებულ ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში 11:0 გაანადგურა შვეიცარიის ჩემპიონი - ბერნის უნივერსიტეტის გუნდი.
გასული წლის ანალოგიური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ნიკოლოზ კურტანიძემ შვეიცარიელებს 3 გოლი შეუგდო. 2-2 გოლი მიითვალეს თორნიკე კვიტატიანმა, ლუკა ლავზარაშვილმა და თორნიკე ტურავამ. თითო ბურთი ნოდარ ქურცაძისა და გიორგი ჭოხონელიძის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ შარშან თურქეთის ქალაქ ჩორუმში გამართულ ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატში თსუ-მ ვერცხლის
მედლები მოიპოვა. წლევანდელ ჩემპიონატში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქეები ჯგუფში არიან: შვეიცარული ბერნის უნივერსიტეტი, ფრანგული შამპან-რეიმსისა და ფინური ტამპერეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტები.
კალენდრის მიხედვით, თსუ მორიგ შეხვედრას 22 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე რეიმსის უნივერსიტეტთან ჩაატარებს, ხოლო 23-ში ფინელებს დაუპირისპირდება.