ვისაც 1981 წლის "დინამოს" წარმატება არ გაგვიზიარებია, რა ვქნათ?!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი სეზონი ჩააგდო და "განვითარებას" იმავე ტემპში აგრძელებს. ამჯერად კლუბმა "დუნაისკა სტრედას" ბარიერი ვერ გადალახა და ისედაც დაცემული მისი სათამაშო თამასა საერთაშორისო დონეზე უფრო დაეცა.

24 წლის ვარ და ჩემთვის უცხოა ის წარმატება, რასაც "დინამომ" 1981 წელს მიაღწია. ჩემთვის უცხოა დავით ყიფიანის, ალექსანდრე ჩივაძის, მიხეილ მესხის, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიას და სხვების თამაში. მე მხოლოდ ინტერნეტში ვიდეოებზე მიმიწვდება ხელი, რომელიც ჩემში იმ ემოციას ვერ აღძრავს, რაც იმ ათასობით ადამიანში, ვინც მათ შეხვედრებს რეალურად უყურებდა.

მე ვიცნობ ძალიან
ბევრ ადამიანს, რომელიც მაშინდელი თბილისის "დინამოს" ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ მე დღევანდელ თბილისის "დინამოს" ვხედავ და იმას, რაც რეალურად ხდება. ზოგადად, ჩემს თაობას ქართული ფეხბურთის წარმატება არ უნახავს. ერთადერთ წარმატებად ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ასპარეზობას მივიჩნევ, ხოლო მეორე წარმატებად - ქართველი ფეხბურთელის,  კახი კალაძის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

"დინამოს" ყველაფერი აქვს, რათა საშუალო დონის ევროპული კლუბი იყოს, რომელიც სტაბილურად იასპარეზებს ევროთასებზე: სტადიონი, ბაზა, აკადემია, მრავალრიცხოვანი ქალაქი, სადაც მცირე წარმატებაა საჭირო, რომ ხალხი სტადიონზე მოიყვანო.

კლუბში რომან ფიფიას მოსვლას დიდი იმედით შეხვდნენ. მან გარკვეული ძვრები მოახდინა გუნდში, თუმცა კლუბი, საფეხბურთო თვალსაზრისით, აღორძინების ნაცვლად დაბლა წავიდა. იყო ესპანური პროექტი, რაც, ვთვლი, რომ საუკეთესო იყო და ბოლომდე ამ ტემპში უნდა გაეგრძელებინა კლუბს, რადგან მაშინ თბილისელებმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს და პლეი ოფში აეკ-ის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. კლუბს რომ ჩისკო მუნიოსის დონის ლეგიონერების ჩამოყვანა გაეგრძელებინა და ნიჭიერი ქართველებით შეევსო, ნამდვილად არ იქნებოდა მათთვის უცხო ევროთასები.

ჩაიარა ამ ყველაფერმა და გუნდი ახალ სისტემაზე გადაერთო. ეს იყო გაახალგაზრდავების და აკადემიის ბავშვებით გუნდის შევსება. ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილებაც არ იყო ურიგო, კლუბი რომ ბოლომდე მიჰყოლოდა აღებულ ტემპს, თუმცა დღემდე, როგორც კი რომელიმე ფეხბურთელი კარგად თამაშს დაიწყებს, "დინამო" საშუალოზე ნაკლები დონის ევროპულ კლუბს უთმობს. მიზეზად ხშირად ფეხბურთელის სურვილი სახელდება, თუმცა აქ გაურკვეველი სახის ფინანსური ინტერესიც დგას, რადგან ნებისმიერ კლუბს ძალუძს ნორმალური კონტრაქტით ფეხბურთელის კლუბში დატოვება.

წარმოიდგინეთ, თუ როგორი იქნებოდა თბილისის "დინამო" ევროთასებზე, კლუბს რომ არ გაეშვა ამ ფეხბურთელთა ნაწილი მაინც: ოთარ კაკაბაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, მათე ცინცაძე, გიორგი პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ბაჩანა არაბული და ა.შ.

ჩემი პირადი აზრია, რომ კლუბი მინიმუმ ევროპა ლიგაზე მოხვედრას მაინც შეძლებდა და გაცილებით ძვირად გაყიდდა ამ ფეხბურთელებს.

რა ვნახეთ ჩვენ?
"დუნაისკა სტრედასთან" წარუმატებლობა ყველაზე ნაკლებად ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა დააბრალო, რადგან მათი გამოცდილება მინიმალურია, თუ ეროვნულ ლიგაში მთელი სეზონის განმავლობაში მათ შეცდომებს მეტოქე ალღოს ვერ უღებდა და ამის მიუხედავად, გამარჯვებას აღწევდნენ. ამ შეცდომების აღმოსაჩენად ზუსტად რამდენიმე წუთი დასჭირდა ახალგაზრდა 21 წლის ბაიოს, რომლის ორმა თავურმა დაამტკიცა, თუ რამდენად ჩამოვრჩებით სლოვაკეთსა და მსგავს ქვეყნებს ჩემპიონატში არსებული სათამაშო დონით.

თუ წარუმატებლობაზე ვსაუბრობთ, მაშინ გვერდს ვერ ავუვლით კლუბისა და გუნდის მესაჭეებს. კახა კაჭარავა არ საუბრობს პრობლემებზე და "დინამოს" ხელძღვანელობის ყველა გადაწყვეტილებას ამართლებს. ის გვეუბნება, რომ შეცდომები რომ არ დაეშვათ, შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ.


ბატონო კახა, თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეცდომა რომ არ დაუშვას, გვერდით კვალიფიციური ფეხბურთელი უნდა ედგას, რომლისგანაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას ისწავლის.

ფეხბურთელის მეირ დაშვებული შეცდომა მწვრთნელის ისეთივე ბრალია, როგორიც მოთამაშის, რადგან ეს შეხვედრა თქვენ "დუნაისკა სტრედასთან" წააგეთ და არა აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან", რომელსაც ნამდვილად უკეთესი გუნდი ჰყავს.

რაც შეეხება რომან ფიფიას, არ მჯერა იმის, რომ ის ფეხბურთში ვერ ერკვევა და მენეჯერები "სიცრუეში" აცხოვრებენ, მაგრამ მის მიერ გუნდის განვითარებისთვის ნაბიჯები არ იდგმება. გუნდის სათამაშო დონე წლიდან წლამდე ეცემა; მიდიან ფეხბურთელები და ყოველდღიურად მცირდება იმ ასეული გულშემატკივრის რაოდენობა, რომელიც "დინამო არენაზე" დადის. მაგრამ რა უნდა თქვა, ეს ყველაფერი ოფიციალურად კერძოა და ბიზნესსაკუთრებას წარმოადგენს. "დინამო" წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ამას კაბინეტებში წყვეტენ და არა მოედანზე.

მკითხველის კომენტარები / 57 /
სათაურის პასუხად: რა პრეტენზია გაქვთ, რომ გვიან დაიბადეთ
vax-vax
11:05 17-08-2018
1
რა პრეტენზიები გაქვთ
vax-vax
11:01 17-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული