"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველი მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - კუხიანიძისა და ქიმაძის ნაცვლად მოედანზე კუტალია და კაპანაძე გაიყვანა, ანუ შემადგენლობა უფრო შემტევი გახადა. ეს პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე ლოგიკური გახლდათ.
მატჩმა ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 8 808-იანი სტადიონზე ძალიან ცოტა მაყურებელი მივიდა.
"ლუდოგორეცმა" უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, მისი სტრატეგია დაცვითი ფეხბურთი და სწრაფი კონტრშეტევებია და ამჯერადაც ასე ითამაშა - ბურთი მეტოქეს დაუთმო და ლამის პირველივე იერიშისას მისიჯანმა გახსნა ანგარიში. ცოტა ხანში მასვე შეეძლო მეორე გოლის გატანა, როდესაც მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, მაგრამ გოლის გატანის 100%-იანი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
"ტორპედოს" პირველი მომენტი მე-20 წუთზე ჰქონდა - ლაჩნის თავური მეკარე რენანმა მოიგერია, შემდეგ კი ქუთაისელთა კარის აღების კარგი შესაძლებლობა დიაკოვმა და ვანდერსონმა ვერ გამოიყენეს.
ამას "ტორპედოს" შეტევები მოყვა და გათამაშებული საჯარიმოდან დოლიძე მახვილი კუთხიდან შეიჭრა ბულგარელთა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი კამპანიარომ მეორე გოლი გაიტანა და "ტორპედო" მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ბოლოს ქუთაისელებმა შეუტიეს, დოლიძე მცველმა მოცელა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხოლო კაპანაძის მიერ ლამაზ ნახტომში დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაშის ტემპი დააგდეს, სასურველ რიტმში გადაიყვანეს, "ტორპედოს" დაცვამ ისევ დაუშვა შეცდომები, რასაც ზედიზედ ორი გაშვებული გოლი მოჰყვა. ბულგარულ გუნდს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ ლუკოკსა და მარსელინიოს კვასხვაძემ არ მისცა ამის საშუალება.
მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა რეალურად აისახა ტაბლოზე და რეზიუმეს სახით სათქმელიც არაფერია.
რაზგრადი. "ლუდოგორეც არენა".
ლუდოგორეცი - ტორპედო 4:0
გოლები: 1:0 მისიჯანი (6), 2:0 კამპანიარო (37), 3:0 კამპანიარო (59), 4:0 ვანდერსონი (62)
ლუდოგორეცი: რენანი, სისინიო, მოტი, ნედლიაკოვი, ნატანიელი, დიაკოვი (გორალსკი 72), კამპანიარო, მარსელინიო, მისიჯანი (ლუკოკი 70), კესერუ, ვანდერსონი (ბაკალოვი 88)
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, დოლიძე (ქიმაძე 77), კუტალია (დაფე 46), ლაჩნი (კუხიანიძე 58), კაპანაძე
ინციდენტი "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" გულშემატკივრებს შორის [VIDEO]
"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები