ყაზახურ სპორტულ საიტზე sports.kz-ზე ინტერვიუ გამოქვეყნდა "რუსთავის" ყოფილ მწვრთნელთან ვლადიმირ გაზაევთან, რომლის რამდენიმე გამონათქვამი ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი მკითხველისთვის.
- ვლადიმირ ვალერის ძევ, "აკტობედან" წასვლის შემდეგ საქართველოში მუშაობის წარმატებული გამოცდილება გქონდათ. თქვენი ხელმძღვანელობით უძლიერესი ლიგის დებიუტანტი "რუსთავი" პირველ ხუთეულში იყო, დღეს კი გასავარდნ ზონაშია. საერთოდ, საიდან წარმოიშვა საქართველოში მუშაობის ვარიანტი?
- რუსთავის მერიასთან შეთანხმებით კლუბში მივიდნენ სპონსორები, რომლებსაც პირველივე წელს უნდოდათ კარგი და პერსპექტიული გუნდის შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ მომენტისთვის თავისუფალი ვიყავი, მათ წინადადებას დავთანხმდი. ვთვლი, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი
პრაქტიკის მიღებისას პროგრესირებს. თუმცა, იმ პერიოდში საქართველოში მუშაობის გეგმები არ მქონია.
- მაშ, რატომ დატოვეთ "რუსთავი"?
- მიმაჩნია, რომ კლუბის განვითარების აბსოლუტურად სწორი ვექტორი გვქონდა. გუნდი ფაქტიურად 95%-ით განახლდა. გუნდში მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელები დარჩნენ. მართლაც შევძელით ძლიერი და პერსპექტიული გუნდის შექმნა.
დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ სპონსორებმა კლუბი დატოვეს. ამიტომ მეც იგივეს გაკეთება გადავწყვიტე. "რუსთავს" და მის ხელმძღვანელს ლევან სილაგაძეს წარმატებას ვუსურვებ. ის გუნდის შექმნაში დიდ ძალას ხარჯავდა.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ვაკვირდები ევროპული და მსოფლიოს ფეხბურთის განვითარებას. სტაჟირებას ესპანეთსა და იტალიაში გავდივარ.
- ერთა ლიგაზე ყაზახეთმა ლიდერობა საქართველოს ნაკრებს დაუთმო. თქვენ ორივე ქვეყნის ჩემპიონატზე მუშაობდით. შეგიძლიათ შეადაროთ ჩვენი და მათი ფეხბურთის დონე?
- ყაზახეთის ჩემპიონატი უფრო ძლიერია, განსაკუთრებით ლიდერი გუნდებით და ლეგიონერებით, რომლებთან ერთად თამაშით ადგილობრივებს პროგრესირების საშუალება აქვთ.
რაც შეეხება ნაკრებებს, ჩემის აზრით, სატურნირო მდგომარეობა ყოველთვის ასახავს ძალთა თანაფარდობას. საქართველო პირველ ადგილზე შემთხვევით არ გავიდა. მისი ფეხბურთელები ძირითადად საზღვარგარეთ თამაშობენ და მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, რაც რა თქმა უნდა, დიდი პლუსია.
რაც ყაზახეთის ეროვნული გუნდი სტანიმირ სტოილოვმა ჩაიბარა, წინსვლა დაეტყო. ეს ცალსახაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ თქვენს გუნდს მომავალი აქვს.
- რომ შემოგთავაზონ, ყაზახეთის ნაკრებს ჩაიბარებდით?
- ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა მიზნებსა და ამოცანებზე.