ლევან კობიაშვილი: ჩვენს ეროვნულ გუნდს კონკურენციის გაწევა ყველა ნაკრებისთვის შეუძლია - მთავარი მატჩი 2020 წლის მარტში გვაქვს!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ხვალ ჩასატარებელი სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა თავისი ფეისბუქის გვერდით პირდაპირ ეთერში გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.

ლევანმა თქვა, რომ საქმისთვის არ არის კარგი, რომ კონკურენტი არა ჰყავს, მაგრამ რეალობა ასეთია, მიუხედავად ამისა, არანაკლებ მოტივირებულია, ვიდრე ეს იყო 2015 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც პირველად აირჩიეს პრეზიდენტად და თავის გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ქართული ფეხბურთი წარმატებული იყოს.

მან ყურადღება გაამახვილა სტადიონების კეთილმოწყობაზე. კერძოდ, თქვა, რომ მთელ ამ პროცესს სფფ ფინანსურად ვერ გასწვდება, თუ ადგილობრივი
ხელისუფლება არენებს მოაწესრიგებს, მზად არიან მოედნის საფარი დრენაჟითურთ სრულად შეცვალონ და გულშემატკივრებს მოუწოდა ამ საკითხში მეტად ჩაერთონ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვონ სტადიონების რეკონსტრუქცია.

კობიაშვილს პირველი და ასაკობრივი ნაკრებების შეფასება სთხოვეს. "იწყება ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი, სულ სხვა სიტუაციაში ვართ, მოწინააღმდეგები გაცილებით ძლიერები არიან. სირთულეები იქნება, მაგრამ მგონია, ყველაფერი ისევე როგორც ერთა ლიგაზე, ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარი ის კი არაა, ვინ არის ჩვენი მეტოქე, არამედ ჩვენ როგორ ფორმაში ვიქნებით. ეს ადრეც ვთქვი. მთავარია ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ და კონკურენციის გაწევა ყველა ნაკრებისთვის შეგვიძლია. თავისთავად ეს რთული იქნება. თუნდაც პირველი მატჩი შვეიცარიასთან, რომლის დონე ყველამ კარგად ვიცით. იგივე ირლანდია, დანია და ა.შ. მთავარია, წინსვლა გავაგრძელოთ. ეტაპობრივად გავიზარდოთ როგორც გუნდი. ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე შემოემატა ეროვნულ გუნდს.

მთავარია, ფსიქოლოგიურად როგორ მივალთ 2020 წლის მარტის შეხვედრისთვის, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბელარუსთან მატჩისთვის პოზიტიური განწყობით უნდა მივიდეთ.

ასაკობრივი ნაკრებების შედეგებით გარკვეულწილად უკმაყოფილო ვარ. თუმცა, ალექსანდრე იაშვილის ხელმძღვანელობით სისტემური ცვლილებები განვახორციელეთ და ადრე თუ გვიან ეს შედეგს გამოიღებს. კონკრეტულად თუ მეკითხებით, განსაკუთრებით ქვედა ასაკობრივი გუნდებით უკმაყოფილო ვარ".

საინტერესო კითხვა დაუსვეს ნაკრების ამხანაგურ მატჩებთან დაკავშირებით. აი, რა უპასუხა მან:"შესარჩევ ტურნირზე ხუთგუნდიან ჯგუფში მოვხვდით და ამხანაგური მატჩების ჩატარება ამიტომ გახდა საჭირო. ორი ფანჯარაა მხოლოდ. ექვსგუნდიანი ჯგუფის გუნდებს ასეთი მატჩები არა აქვთ. პირველ ფანჯარაში ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, მეორე ფანჯრისას ვის შევხვდებით ვერ გეტყვით, რადგან გარკვეული ჯერ არ არის".
მკითხველის კომენტარები / 2 /
აღდგომა და ხვალეო.
sdfffff
02:48 15-02-2019
0
მიდი კობი,მტრების ჯინაზე უნდა წავიდეთ წინ.ფეხბურთი ნომერ პირველი იყო,არის და იქნება საქართველოში.წარმატებები ქართულ ფეხბურთს(რათქმაუნდა დანარჩენ სპორტის სახეობებსაც)
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული