ლევან ბაჯელიძე: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა ბოლოს ერთად, დღეს, როგორც ველოდით, რთული შეხვედრა გამოვიდა. მით უმეტეს, რომ ბელორუსი, რომელიც სპეციალურად ელიტ-რაუნდის მოსამზადებელი ეტაპისთვის შევარჩიეთ სპარინგად, საკმაოდ ძლიერი გუნდია. უპირველესად, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით.
დღევანდელი შეხვედრა კი, ძირითადად, ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრის პირველი 20 წუთი, თუმცა, ქართველებმა გოლის გატანა მხოლოდ 82-ე წუთისთვის მოახერხეს, 0-1. მატჩის დანარჩენი დრო გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძელი გუნდი გააქტიურდა და მასიურ შეტევაზე გადმოვიდა. თუმცა, ჩვენი ნაკრები დამატებული ცენტრალური მცველის ხარჯზე გაძლიერდა, კარის მშრალად შენახვაც მოახერხა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც.
საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი (კაპიტანი), მეგი ეჯიბია, ანა წულაია, ნათია დანელია, მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე, ლიზი მწყერაშვილი, ნათელა წოწერია.
სათადარიგო მოთამაშეები: ლანა მჟავია, ანა აკობიძე, მეგი გოცირიძე, ანა ძაძუა, მარიამ რომანჩუკი, სალომე თოდუა, ქეთევან ცაავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის გადის მოსამზადებელ ეტაპს. მის ფარგლებში ქართველი გოგონები 21-25 თებერვლის ჩათვლით მინსკში იმყოფებიან და დღევანდელი შეხვედრის გარდა, კიდევ ერთ სპარინგს 24 თებერვალს გამართავენ. შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდებიან და მცირედი შესვენების შემდეგ მომდევნო, ამჯერად აზერბაიჯანის 17 წლამდე გოგონათა გუნდის წინააღმდეგ თამაშებისთვის კვლავ თბილისში, 9 მარტიდან შეიკრიბებიან.
ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებში გამოძახებულები არიან:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);
მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე", თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);
ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბილისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი);
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).
საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17 წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველმა 17 წლამდე გოგონებმა პირველად შეძლეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით