მიაღწიეთ შედეგს - თქვენ ეს შეგიძლიათ! - "ფეიენოორდი" სულაც არაა უნაკლო გუნდი

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" "ფეიენოორდთან" მომავალმა შეხვედრებმა დიდი მოლოდინი შექმნა და ბუნებრივია, აჟიოტაჟიც გამოიწვია.

ყველას ამ გუნდების 38 წლის წინანდელი მატჩები გაახსენდა და ძველ გულშემატკივრებს როტერდამში ავსტრიელი ფრანც ვიორერის არათუ არაკვალიფიციური, არამედ აშკარად მიკერძოებული მსაჯობა.

პარადოქსი იყო - სსრკ-ს ვერ ვიტანდით, უცხოეთში კი რუსებად მიგვიჩნევდნენ და ხშირად არბიტრები მეტოქეს უდგებოდნენ. გაიხსენეთ თუნდაც 1977/78 წლების სეზონში უეფას თასზე "გრასჰოპერსთან" ციურიხში მიშელ კატიბჯანის (იგივე კატიბჯიანის - სომხური ფესვების მქონე ფრანგის) მსაჯობა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით განთქმული შოთა ხინჩაგაშვილიც კი გამოიყვანა წყობილებიდან.

ჩვენ ხშირად გვიყვარს საკუთარის განდიდება, მაგრამ ის გუნდი მართლაც დიადი იყო, არა მარტო მიღწევებით, არამედ ლამაზად თამაშით. ბურთი თითქოს სხვანაირად დაგორავდა მოედანზე, განუმეორებლად. ქართულად, ეს სხვა რამ გახლდათ, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. ეს უნდა ცოცხლად გენახა, შეგეგრძნო.

1972 წელს ევროტურნირებზე "დინამოს" "ტვენტესთან" დებიუტს დავესწარი (ე.წ. ჯუნგლებში ვიჯექი). იმ დღიდან ძირითადი შემადგენლობის, 1976 წლიდან კი დუბლების თითქმის არც ერთი მატჩი არ გამიცდენია და თამამად შემიძლია ვთქვა, "ფეიენოორდთან" "დინამომ" საუკეთესოდ ითამაშა, თუმცა მასზე კლასით გაცილებით დიდი გუნდები დაუმარცხებია და იმაზე მეტს იმსახურებდა, ვიდრე 1981 წელს თასების მფლობელთა თასის მოგება იყო - წესით, 1979/80 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო, მაგრამ სტარტზე ჯერ "ლივერპულს" შევხვდით, შემდეგ კი "ჰამბურგს".

მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ აღიარა, რომ ევროპაში იმჟამად ყველაზე ლამაზად სწორედ "დინამო" თამაშობდა.


Sportall.Ge

დღეს სრულიად სხვა რეალობაში ვართ, "ფეიენოორდიც" სხვაა და მით უმეტეს, "დინამოც". საბედნიეროდ, აღარ ვართ საბჭოეთის ნაწილი და საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ძველ "დინამოელებს" კლასით ვერ შეედრებიან, საზღვარგარეთ ასპარეზობენ, პატარა და მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნის კლუბები კი ვერ ახერხებენ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევას.

ეს სამწუხარო რეალობაა და ამაში გასაკვირი არაფერია. ვისაც ძველი "დინამო" ახსოვს, კითხვა მინდა დავუსვა - საქართველოს დღევანდელი ნაკრებიდან ვის აიყვანდა ნოდარ ახალკაცი ძველი "დინამოს" თუნდაც დუბლებში?..

და რა შანსი აქვს ამ ვითარებაში დღევანდელ "დინამოს" "ფეიენოორდთან"? ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ჰოლანდიური ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა დიდი არაა, ფავორიტები არ ვართ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი, როგორც იქნა, ჩისკომ გუნდს დაამსგავსა და თამაშს თამაშზე იგებს. თუმცა, ჯერ იგებს დაბალი დონის მეტოქეებთან. დიდებული გოლები გაიტანა ლევან შენგელიამ "გაბალასთან", მაგრამ "ფეიენოორდი" ბურთის ასე თავისუფლად მიღების, დამუშავების და კარში დარტყმის საშუალებას არ მისცემს.


ყურადღებით ვუყურე ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში "ფეიენოორდის" "სპარტასთან" შეხვედრას. უნდა გითხრათ, ეს სულაც არაა უნაკლო გუნდი, უამრავი დეფექტი აქვს - შეტევაში წასულს ზურგი უშიშვლდება. "სპარტამ", რომელმაც მაღალდისციპლინირებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ორჯერ დაიჭირა კონტრშეტევაზე, ვინაიდან ნახევარდაცვის ხაზს დაუბრკოლებლივ გადადიოდა, მეტოქის მცველები ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და გამოცდილი მეკარე კენეტ ვერმეერიც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. თან, "ფეიენოორდის" ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ბოტეგინმაც ტრავმა მიიღო და უცნობია, ითამაშებს თუ არა 8 აგვისტოს.

იაპ სტამის კრებულმა ვერც საკონტროლო მატჩები ვერ ჩაატარა დამაჯერებლად - დამარცხდა "ზალცბურგთან" (1:3), "პანათინაიკოსთან" (0:3) და "საუთჰემპტონთან" (1:3), დაუზავდა "ანჟერს" (2:2) და მხოლოდ მეორე ბუნდესლიგის "დარმშტადტს" სძლია (2:1).

ბოლო 6 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 14 გაუშვა. ასე რომ, დაუმარცხებელი სულაც არაა, მაგრამ ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - შეუძლია კი "დინამოს" მაღალ ტემპში ეთამაშოს და წნეხს გაუძლოს? თუ თუნდაც "სპარტას" დონეზე ორგანიზებული იქნება, "დე კუიპზე" არ შედრკება და მეტ-ნაკლებად სასურველ შედეგს მიაღწევს, შანსი გაუჩნდება, რამეთუ განმეორებით მატჩში "დინამოს" სტადიონი უთუოდ გაივსება, გულშემატკივარი გულმხურვალედ უქომაგებს და ერთ და ორ დაპირისპირებაში, თუნდაც შენზე უფრო ძლიერ მეტოქესაც შეიძლება მოუგო.

Sportall.Ge

დარწმუნებული ვარ, ჩისკო თავის თანაშემწეებთან ერთად დეტალურად შეისწავლის მოწინააღმდეგეს და მასთან საბრძოლველად სწორ სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევს, გუნდიც თამაშამდე არ გატყდება და ეგებ ცოტა ფორტუნამაც გადმოგვხედოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ხშირად ბევრი რამ დეტალებზე და გამართლებაზეცაა დამოკიდებული.

ჩვენს ფეხბურთელებს დასაკარგი არაფერი აქვთ, წაგებისთვის დიდად არავინ არ განსჯის. დაე, ითამაშონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავი და ახსოვდეთ, ფეხბურთის ყველა ქართველი გულშემატკივარი და არაგულშემატკივარი 8 აგვისტოს მათი გულშემატკივარი, მათი ქომაგია. ბიჭებო, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და მიაღწიეთ შედეგს - თქვენ ეს შეგიძლიათ!

P.S. ეს წერილი რომ დავასრულე, ლევან შენგელიასთან azerisport.com-ის ჟურნალისტის ინტერვიუ გამახსენდა, რომელმაც ჰკითხა: "ალბათ, თუ მესამე რაუნდში გახვედით, იქ ჰოლანდიის "ფეიენოორდს" შეხვდებით. დიდი ალბათობით, "დინამო" იქვე გაჩერდება?" ეს არ იყო კითხვა, ეს უფრო სურვილია ზოგიერთებისა და იქნებ ამ "ზოგიერთებს" გავუცრუოთ იმედი.

altეროვნული ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" როი მაკაის 6 უპასუხო გოლი აჩვენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
მოუთმენლად ველი ფეიენორდთან თამაშს.ძალიან მაინტრესებს თუ როგორ ითამაშებს დინამო მთელი მატჩის განვმალობაში.ჩვენი გუნდი ხომ არ არის შეჩვეული 90 წუთი მაღალ ტემპს და ამასთან ერთად პრესინგის წინააღმდეგ თამაშს.წარმატებებს ვუსურვებ თბილისის "დინამოს" ფეიენორთდანთან ორრაუნდიან დაპირისპიებაში!
გიოშა
21:31 05-08-2019
0
ცხონებული ნოდარი მასწავლებელი დღევანდელი ნაკრებიდან არავის არ აიყვანდა.
ჯარჯი
22:07 05-08-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული