8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე

AutoSharing Option
15 აგვისტოს თბილისის "დინამოსა" და როტერდამის "ფეიენოორდს" შორის "დინამო არენაზე" ჩატარებული ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქართული კლუბებისთვის ევროთასებზე ბოლო მატჩი გამოდგა.

ამ შეხვედრით ქართული კლუბების გამოსვლა ევროთასებზე დასრულდა და შეგვიძლია ჩვენი კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები და გამომუშავებული თანხები დავთვალოთ.

უეფას კოეფიციენტების რეიტინგში საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის 1 ქულა იწერება, ხოლო ფრისთვის - 0.5. რადგან საქართველოს ევროთასებზე 4 წარმომადგენელი ჰყავს, ეს ქულები 4-ზე იყოფა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის ქართული კლუბი 0.25 ქულას იღებს, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულას.

ერთი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან იწყებს, ხოლო 3 - ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

"საბურთალო"

დავიწყოთ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "საბურთალოს" ასპარეზობით.

"საბურთალომ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო. საბურთალოელების მეტოქე მოლდოვური "შერიფი" იყო. პირველი მატჩი ქართველებმა 3:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:3 დამარცხდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" ზაგრების "დინამოს" შეხვდა. პირველი მატჩი "საბურთალომ" შინ 0:2 წააგო, ხოლო საპასუხო - 0:3.

ამის შემდეგ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც თითქოს სასურველი მეტოქე "არარატ-არმენია" შეხვდა. პირველი მატჩი "საბურთალომ" სტუმრად 2:1 მოიგო, თუმცა შინ 0:2 დამარცხდა და ევროთასებს გამოეთიშა.

"საბურთალომ" ევროთასებზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ 2-ის მოგება შეძლო, 4 კი წააგო.

მათი სარეიტინგო ქულები კი ასე გამოიყურება:

  • "შერიფთან" - 0.25 ქულა მოიპოვეს (1 მოგება, 1 მარცხი)
  • ზაგრების "დინამოსთან" - 0 ქულა (2 წაგება)
  • "არარატ-არმენიასთან" - 0.25 ქულა (1 მოგება, 1 მარცხი)

  • ჯამში: 0.5 ქულა

რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, "საბურთალომ" 3 ეტაპზე იასპარეზა და ჯამში უეფასგან სეზონის ბოლოს 940 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 3 042 216 ლარია.

აქ კი შეგიძლიათ კონკრეტულად ნახოთ, რომელ ეტაპზე რა თანხა გამოიმუშავა "საბურთალომ":

  • ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო
  • ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 380 000
  • ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

  • ჯამში: 940 000 ევრო

თბილისის "დინამო"

ახლა კი თბილისის "დინამოზე" გადავიდეთ, რომლის გამოსვლა შეგვიძლია ყველაზე უკეთესად შევაფასოთ.

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორულ "ენგორდანს" შეხვდა და პირველ მატჩში შინ 6:0 მოუგო, ხოლო სტუმრად - 1:0.

მეორე ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" სტუმრად 2:0 სძლია და შინ 3:0 მოუგო.

მესამე ეტაპზე როტერდამის "ფეიენოორდთან" სტუმრად ანგარიშით 0:4 დამარცხდა, ხოლო შინ 1:1 ითამაშა.

"დინამო" ევროთასებზე ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ერთხელ ფრე ითამაშა და 4-ჯერ მოიგო.

"დინამოს" სარეიტინგო ქულები ასე გამოიყურება:

  • "ენგორდანთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)
  • "გაბალასთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)
  • "ფეიენოორდთან" 0.125 ქულა (1 მოგება, 1 წაგება)

  • ჯამში: 1.125 ქულა

ამდენი მოგების მიუხედავად, "დინამომ" "საბურთალოზე" ნაკლები გამოიმუშავა და ეს იმით არის განპირობებული, რომ "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზა, სადაც უფრო მეტი დაფინანსებაა.

საერთო ჯამში, თბილისის "დინამომ" 780 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 2 528 791 ლარია.

"დინამოს" მიერ გამომუშავებული თანხები კონკრეტულ ეტაპზე:

  • ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 000 ევრო
  • ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000
  • ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

  • ჯამში: 780 000 ევრო

საჩხერის "ჩიხურა"

შემდეგი გუნდი სოსო ფრუიძის საჩხერის "ჩიხურაა", რომელმაც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ფოლას" სტუმრად 2:1 სძლია, ხოლო შინ კვლავ ამავე ანგარიშით დაამარცხა.

"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე შოტლანდიური "აბერდინი" გახლდათ. ფრუიძის გუნდმა შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად მტკივნეული მარცხი (0:5) იწვნია და ევროთასებს გამოეთიშა.

"ჩიხურამ" ევროთასებზე 4 ჩატარებული მატჩიდან 2 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და 1 წააგო.

"ჩიხურას" სარეიტინგო ქულები ასე გამოიყურება:

  • "ფოლასთან" - 0.5 ქულა (2 მოგება)
  • "აბერდინთან" - 0.125 (1 ფრე, 1 წაგება)

  • ჯამში: 0.625 ქულა

რაც შეეხება ფინანსებს, "ჩიხურამ" 500 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 1 620 903 ლარია.

"ჩიხურას" მიერ გამომუშავებული თანხები კონკრეტულ ეტაპზე:
  • ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 240 000 ევრო
  • ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000

  • ჯამში: 500 000

ქუთაისის "ტორპედო"

სამწუხაროდ, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა.

"ტორპედოს" ევროთასების წინ ფინანსური კრიზისი დაეწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

"ტორპედო" პირველ ეტაპზე კახა ცხადაძის "ორდაბასს" შეხვდა და პირველ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი შინ 0:2 წააგო.

ქუთაისელებმა სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვეს, თუმცა უეფასგან პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 000 ევროს მიიღებენ, რაც დღევანდელი კურსით 778 138 ლარია.

ქართული კლუბების საერთო მონაგარი

თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" მოპოვებული ფრით საქართველოს რეიტინგში 0.125 ქულა დაუმატა.

ამ დროისთვის საქართველოს უეფას რეიტინგში 2.25 ქულა აქვს, რაც ქართული კლუბების მიერ დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

ბოლო ხუთი წლის შედეგების დაჯამებით, საქართველოს 5.75 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით 45-ე ადგილზე იმყოფება.

ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "დინამო" (თბ) - 1.125 ქულა (4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება)
  • "ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)
  • "საბურთალო" - 0.5 ქულა (2 მოგება, 4 მარცხი)
  • "ტორპედო" - 0 ქულა (2 მარცხი)

  • ჯამში: 2.25 ქულა

ქართული კლუბების მიერ გამომუშავებული თანხა:

  • "საბურთალო" - 940 000 ევრო
  • თბილისის "დინამო" - 780 000
  • საჩხერის "ჩიხურა" - 500 000
  • ქუთაისის "ტორპედო" - 240 000

  • ჯამში: 2 460 000 ევრო

იყო თუ არა წლევანდელი სეზონი უკეთესი წინაზე? ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. თუ შევადარებთ სარეიტინგო ქულებს, დიახ, იყო, რადგან გასულ სეზონში 1.625 ქულა მოიპოვეს, რაც წლევანდელთან შედარებით 0.625-ით ნაკლებია.

თუმცა გასულ სეზონში "ტორპედო" პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. წელს მესამე ეტაპზე ორი კლუბი გვყავდა, მაგრამ პლეი-ოფში ვერც ერთი ვერ გავიდა.

სარეიტინგო ქულების მხრივ ნამდვილად უკეთესი შედეგი გვაქვს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, "საბურთალოს" მიერ სომხურ "არარატ-არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა ყველაფერი დაჩრდილა.

"საბურთალოს" დებიუტს ევროთასებზე კარგსაც ვერ დავარქმევთ, გუნდმა 6-დან 4 მატჩი წააგო. უფრო მეტი სარეიტინგო ქულის მოპოვება "ჩიხურამაც" კი შეძლო, რომელიც მეორე ეტაპიდან გავარდა.

ერთადერთი კარგი, რაც "საბურთალოს" ამ ევროთასებიდან დარჩა, ალბათ, გამოცდილებაა, თუმცა მაგაშიც დარწმუნებულები არ ვართ და ასევე - ის ფული, რომელსაც უეფასგან სეზონის ბოლოს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაც ქუთაისის ტორპედოს დამართეს, იმის მერე ქართული ფეხბურთის წინსვლის იმედი თუ კიდევ აქვს ვინმეს ნამეტანი ოპტიმისტი ყოფილა. ყველაზე შეკრული და დაბალანსებული გუნდი ბოლო წლებში საქართველოში მარტივ მამრავლებად დაშალეს. კახა ჩხეტიანს მთელი შრომა და ამაგი წყალში ჩაუყარეს და მაინც ყველაზე კარგი შედეგი ამის ფონზე ტორპედომ დადო!!! მეამაყება ტორპედო მისი ერთგული გულშემატკივრებით!!! მეამაყება, რომ იმერლებს ასეთი გუნდი გვყავს!!! ვერ წაგვართმევენ რაც ჩვენია, ჩვენი კი ჟინი და მამულიშვილობაა!!! მიეცით კახა ჩხეტიანს მეტი გასაქანი, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი ვითხოვ ამას!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ევთანაზია ქართულ ფეხბურთს!!! კობიაშვილ-კალაძეც დაისვენებენ ამ შემთხვევაში და ჩვენც!!!
გიგა
17 აგვისტო 2019 09:39
2
ტორპედო 2 წაგებულ თამაშში აიღებს 778 000 ლარს. გუნდი დაიშალა ტურნირამდე 1 კვირალაქისით ადრე ხელფასების გაუცემლობის გამო. ამ თანხის ნახევარი რომ მიეცათ ბიჭებისთვის დარწმუნებული ვარ რომ შეჭამდნენ ორდობასს[თითოს დაახლოებით 20 000 ლარი ხვდება]. ეს წაგებული თამაშებიდან და თუ გავიდოდნენ შემდეგ ეტაპზე ,ის კიდე სხვა თანხებია. ეხლა იქნებ ვინმემ ამიხსნას რას აკეთებს ამ დროს ფედერაცია,ქალაქის მთავრობა [ფანკლუბმა რომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო ვიცით].
ირაკლი ქუთაისი
18 აგვისტო 2019 15:37
0
მთელი წლის ფინანსები და ეკიპირება დაფინანსებულია?
ddgfdf
17 აგვისტო 2019 02:47
0
რა ფულის ჩარიცხვა ამათ მე რომ ვიყო დავაჯარიმებდი ანტი ფეხბურთისთვის ტორპედოს გარდა
zurabi
16 აგვისტო 2019 16:38
7
ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხს მინდა შევეხო. როგორც ვხედავთ, ყოფილმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა (არ ვგულისხმობ რუსეთსა და უკრაინას) გადაწყვიტეს, რომ ყავდეთ მინიმუმ 1 ისეთი დონის კლუბი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ტურნირებზე. შედარებით ადრე ეს იყო რიგის სკონტო, ამჯამად კი თითქმის ყველა ქვეყანას ყავს მინიმუმ თითო ასეთი დონის კლუბი. შერეფი, ბატე, ასტანა, ფახთაქორი, ყარაბაღი და ეხლა უკვე მრავალეგიონერიანი არარატიც შეუერთდა მათ რიგებს. აზერებმა საერთოდ ჯოკერი შექმნეს. ადგა სახელწიფო და შექმნა ერთი შედარებით მაღალბიუჯეტიანი კლუბი, რომელსაც დაარქვა მისთვის პოლიტიკურად მტკივნეული მხარის, ყარაბაღის სახელი და მოიყვანა ნორმალური ლეგიონერები. შედეგი სახეზეა, გუნდი უკვე გაუშინაურდა ევროტურნირებს. ამით აზერბაიჯანელებმა ორი კურდღელი დაიჭირეს, ერთი სპორტული და მეორე პოლიტიკური - მიიღეს მაღალი დონის შემოსავლიანი კლუბი, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და პლიუს მსოფლიოს უჩვენეს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. დარწმუნებული ვარ იგივეს იზამენ სომხები. და სწორედ აქ ჩნდება ერთი ლოგიკური შეკითხვა:
რატომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე ძლიერნი ამა ქვეყნისანი? რატომ არ არის სურვილი რომ იგივე გააკეთოს სახელმწიფომ? რომ შექმნას (ან გააძლიეროს) ერთი ისეთი კლუბი, რომელიც ქვეყნის სახელს ღირსეულად გაიტანს საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროში? ამას ხომ არამხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს! როგორ ვერ უნდა შეძლოს სახელმწიფომ თუნდაც ერთი ასეთი კლუბის შემნა და რჩენა? აქ არ არის საუბარი უმაღლესი დონის მრავალმილიონიან კლუბებზე. თუ კი ეს მოხდება, სხვა შედარებით შეძლებული კლუბების მეპატრონეებიც იძულებულნი გახდებიან უფრო მეტად გააძლიერონ თავიანთი კლუბები. რადგან სხვაგვარად ეროვნულ ლიგაშიც კი ვღარ მიარწევენ შედეგს. ეს კი გარკვეულწილად აწევს ეროვნული ლიგის დონეს და გაზრდის მისდამი ინტერესს. მთავარია იყოს მსგავსი პროექტის სურვილი და ამ ყველაფრის შექმნა რეალურია...
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
16 აგვისტო 2019 16:28
2
მიმაჩნია რომ სახელმწიფო არაა ვალდებული შექმნას მაღალბიუჯეტიანი კლუბი ხალხის ხარჯზე,ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში და ბიზნესი უნდა დაინტერესდეს ასეთი კლუბის შექმნით! ასეთია ევროპული პრაქტიკა და უნდა მივბაძოთ მათ! სახემწიფომ უნდა გააკეთოს ბავშვთა აკადემიები და იმფრასტრუქტურა!
კახა
16 აგვისტო 2019 19:06
0
სწორია. ყარაბაღის მსგავსადაა საქმე კვიპროსის ანორთოსისის შემთხვევაში. ეს კლუბი ქ. ფამაგუსტას გუნდია, კვიპროსის ეს ქალაქი 1974 წლიდან თურქებს უკავიათ, თუმცა, გუნდი კვიპრიოსელებმა გააცოცხლეს და დღემდე აცოცხლებენ, თანაც საკმაოდ ნორმალურადაც. ათიოდე წლის წინ ევროპაშიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო თუ გახსოვთ.
16 აგვისტო 2019 18:02
0
ყველა გამოხმაურება
ჩიხურა და ფრუიძე მაინც სულ წუწუნებენ.
s..s
16 აგვისტო 2019 15:57
0
საბურთალომ ჰანდიკაპებში იმდენი იშოვნა 8 მილიონს რამე საქველმოქმედო ფანდში გადარიცხავს, მაინც არაფერი შეეტყობათ
lasha
16 აგვისტო 2019 14:53
4
საბურთალოს რა ვუთხარი მე ასეთი შანსი გაუშვეს ოოოხ! ხეჩიკაშვილი გაკვირვებული როა რატო გაბრაზდა ხალხიო, იმიტომ ტარას გუნდს ასეთი შანსი ქონდა და გაძლიერების მაგივრად, ჯგუფში შესვლის ამბიციის მქონე გუნდი ისეთ ფეხბურთელებს ამატებდით საბურტალო 2 ისთვის თუ გამოდგება!
gio
16 აგვისტო 2019 14:48
0
ტორპედოს პრეზიდენტი ჩაჩავა გაგიწევთ კონსულტაციას, არ დაგზარდებათ, თუ როგორ უნდა მოიხმარო ფული, დანარჩენებმაც კი იცით, მაგრამ ეგ ყველაზე მიზანდასახული გამოდგა
llcl
16 აგვისტო 2019 14:40
3
ამ 8 მლნ ს კიდევ საბურთალოს ლევად ნაშოვი ათჯერ 8 მლნ და გამოვიდა 88 მილიონი.
ტოტტი
16 აგვისტო 2019 14:26
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული