ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბერიკა შუკაკიძე და "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი

საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელმა ბერიკა შუკაკიძემ უეფას მესამე ტურნირის კონფერენციათა ლიგის შესახებ ისაუბრა და იმ უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პროექტი ქართულ ფეხბურთს მოუტანს.

- ამას გარდა, ვიცით, რომ მალე დაიწყება უეფას მესამე ტურნირი. როგორ შეაფასებდით ახალ შეჯიბრებას, კონფერენციათა ლიგას, კარგი იქნება თუ არა ქართული კლუბებისთვის და რატომ?
- ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი ემპირიული მტკიცებულებები და ფაქტები. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსები, ფაქტობრივად, არ გვაქვს. არაფერს ვამბობ ჩემპიონთა ლიგაზე.

"საბურთალოს" გაუმართლა წელს და
საოცარი შანსი მიეცა, ისე კი, ასეთი შესაძლებლობები ქართულ კლუბებს არ აქვთ. ჩემპიონთა ლიგაზე რომც მოვხვდეთ, ხომ წარმოგვიდგენია, ჩვენი ფინანსური რესურსების მქონე კლუბმა რა შეიძლება გააკეთოს იქ, რა ანგარიშებით შეიძლება წავაგოთ და ეს არათუ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ ნეგატიურად იმოქმედებს ფეხბურთის განვითარებაზე.

სწორი პოზიცია გახლავთ ეს: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ. ევროპელები გვეუბნებიან და ამას ჩვენც კარგად ვხედავთ: საქართველოში კლუბები 2 მილიონ ევროს ხარჯავენ, ევროპული კლუბები კი 10 მილიონიდან იწყებენ და 500-ს სცდებიან. ამიტომ, ჩვენ ვერ ჩამოგვყავს ხარისხიანი ლეგიონერები, ვერანაირად ვერ ვართ მათთან კონკურენტუნარიანები, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვჭირდება და გვინდა მეტი ევროპული თამაშის ჩატარება, მეტი გამოცდილება. მეტი თამაში ძველი ფორმატით შეუძლებელი იყო. ამ ჩემპიონატით, ამ გუნდებით, ჩვენ უფრო შორს ვერ წავალთ.

გახსოვთ შარშანდელი "ტორპედო", წლევანდელი "დინამო" და "საბურთალო" ძალიან კარგები იყვნენ და რას მივაღწიეთ? ვერსად ვერ მოვახერხეთ გასვლა. "აბერდინთანაც" კი, რომელიც "რეინჯერსთან" და "სელტიკთან" 0:5-ს აგებს, იმათთან წავაგეთ და თან, წაგებასაც გააჩნია.

კონფერენციის ლიგა კი გვაძლევს მეტი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას. ჩვენი და ჩვენზე ცოტა უფრო მაღალი დონის კლუბებთან შეხვედრები გვექნება. ნურავინ იფიქრებს, რომ მაგალითად, "ატალანტასთან" ჩატარებული 2 შეხვედრით ჩვენი კლუბებისა და ფეხბურთელების დონე აიწევს.

დაინახეთ, როგორ გაუჭირდა ძალიან კარგ "დინამოს" ლამის დაშლილ "ფეიენოორდთან". ამიტომ, ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის ჯობს ვეთამაშოთ ჩვენი და ჩვენზე ოდნავ მაღალი კლასის გუნდებს და თუ ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლება, არის ჩემპიონთა ლიგის გზა და იქიდან შეეძლება ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე მოხვედრა.

სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს საშუალება, ჰყავდეს საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის რამდენიმე კლუბი და თუ იქნება რომელიმე, შეეძლება ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და თუ იქიდან გამოვარდება, ევროპა ლიგაზე მიაღწიოს შედეგს. რეალურად უნდა შევხედოთ, საქართველოს არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვს იმისა, რომ ჩემპიონთა და ევროპა ლიგაზე იყოს წარმოდგენილი. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს არის უტოპია, წარმოუდგენელი ამბავი.

ამ მესამე ტურნირის შექმნით ყველაფერი ლოგიკური გზით განვითარდება. ჩვენ გვექნება ის, რაც გვსურდა, ანუ მეტი თამაში შედარებით თანაბარი დონის კლუბებთან და ფინანსურადაც მეტი რესურსის მიღება შეგვეძლება.

ქართველი გულშემატკივარიც აღარ დაიზაფრება ამდენი წაგებით, რადგან ქართველები ისეთ გუნდებთან მოგებებს ვიყავით შეჩვეულები და "დინამო" ისეთ კლუბებს უგებდა,  როგორებიც "ლივერპული", მაშინდელი "ფეიენოორდი" იყო,  "რეალი", "ინტერი" არის. ეს მაყურებელი არ გპატიობს "მარიბორთან" წაგებას, არადა, ამ გუნდის საოპერაციო ბიუჯეტი 21 მილიონი ევროა. ეს დაახლოებით 70 მილიონი ლარია და ამდენ ფულს ჯამში ყველა ქართული კლუბი არ ხარჯავს.

ამიტომ, ამ შეჯიბრებაზე უფრო მეტად ვირწმუნებთ საკუთარი შესაძლებლობების, ახალგაზრდებს განვითარების მეტი შანსი ექნებათ. ასევე, სამწუხაროა, რომ ნორმალური დონის ლეგიონერიც ვერ მოგვყავს. დაინახეთ, "არარატ-არმენიას" რა დონის ლეგიონერები ჰყავდა. ვარსკვლავი იქ არავინ ყოფილა და ბოლოს "დუდელანჟთანაც" წააგეს და გამოვარდნენ. თუმცა, ამ ლეგიონერებს 10-15 ათასი ევრო აქვთ ხელფასები და აი, ამ დონის ფეხბურთელების ჩამოყვანაც არ შეგვიძლია. ჯერ, რომ ჩამოვიყვანოთ, კარგად გამოჩნდა, რომ ეს არაფრის გარანტია არ იქნება, მაგრამ, ფაქტია, რომ არც შეგვიძლია.

შორს რომ არ წავიდეთ, "აბერდინს" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა, მოედნის ყველა წერტილში იყვნენ. ჩვენ როგორ მოგვიგეს და მერე "რიიეკასთან" ისე გამოვარდნენ, გოლიც ვერ გაუტანეს და ორივე თამაში წააგეს.

ფეხბურთს ორი ძირითადი დანიშნულება აქვს: ფინანსური და სოციალური. ერთი მხრივ, ეკონომიკური მოგება უნდა მოგვიტანოს და მეორე მხრივ, ხალხი უნდა გაართოს და ასიამოვნოს. ჩვენი ფეხბურთი ვერცერთს ვერ ასრულებს, არც ფული მოაქვს და არც ხალხს ანიჭებს ბედნიერებას. ფაქტია, თამაშებზე მაყურებელი არც კი დადის. როცა რაღაც რიგზე არაა, უნდა შევცვალოთ ბევრი რამ. თუ ჩვენ არ ვიცით, არაა სირცხვილი, მოვიწვიოთ სპეციალისტები, ექსპერტები. თუ ეკონომიკის დარგში ჩამოგვყავს ექსპერტი, ფეხბურთში არ შეიძლება?! რასაც ვხარჯავთ, მართალია, "კაპიკებს" ვხარჯავთ, თუმცა უნდა განვსაზღვროთ სტრატეგია, საით წავალთ, რას უნდა მივაღწიოთ.

ფონდის საქმიანობამ რა შედეგი გამოიღო, ძნელი განსასაზღვრია. ამიტომ, აუცილებელია, რომ სტრატეგიასა თუ ფონდის საქმიანობას ჰქონდეს შეფასების გაზომვადი ინდიკატორები. წარმოუდგენელია, არსებობდეს პროგრამა და არ ჰქონდეს შეფასების კრიტერიუმები.

ხშირად ჩემი ნათქვამი უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა ვლაპარაკობ იმას, რაც არის რეალური. სხვა გუნდებისკენ არ გავიშვერ ხელს, "ჩიხურაზე" ვიტყვით. ვერც მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აფინანსებს ფეხბურთს, "ჩიხურა" ვერც ეკონომიკური და ვერც სოციალური ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს.

სიამოვნებას ჩვენ ვერ ვანიჭებთ ხალხს და ფულსაც იმდენს ვაგენერირებთ, რომ წლიდან წლამდე "სული მივიტანოთ". ეს არის თვალნათელი, ობიექტური რეალობა. ამის შეფასება და გაზომვა ყველას შეუძლია.

ჩვენი პრობლემა ის გახლავთ, რომ თანამედროვე ფეხბურთიდან შორს ვართ. გარდა ამისა, ვერც ფეხბურთის თანამედროვე განვითარების რიტმში ჩავსხედით. სლოვენია განვითარდა, სლოვაკეთი, ლუქსემბურგიც კი და ამ რიტმში უნდა ჩავსხდეთ. სამწუხაროდ, ფორმულა მე არ გამაჩნია. მაგრამ ვიცით, რა გააკეთეს ნიდერლანდებში, როცა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

ეს ტრაგედიად ჩაითვალა და შეკრიბეს ძველი ფეხბურთელები, ექსპერტები, შექმნეს სამუშაო ჯგუფი და გააანალიზეს, რატომ დაემართათ ეს მათ და ახლა კი ვხედავთ, რა თაობა მოდის მათ ნაკრებში. იმ სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი პოლიტიკის შედეგი არიან ეს ფეხბურთელები.

კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს: არეულები ვართ რეალობასა და სასურველს შორის. მაყურებელი გვთხოვს იმას, რაც ამ თანხებით შეუძლებელია. "ყარაბაღი" ხარჯავს 23 მილიონ ევროს, დაახლოებით მაგდენს "ნეფტჩი". აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის არცერთი გუნდი არ ხარჯავს 3 მილიონ ევროზე ნაკლებს. ეს 10 მილიონი ლარია დაახლოებით და მაინც არავინ დადის იმათ თამაშებზე. "ყარაბაღს" აქვს შედეგები, "ნეფტჩიც" ახლოს იყო, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, იმდენს ვერ მივაღწევთ, რასაც აზერბაიჯანული კლუბები ახერხებენ. იმიტომ, რომ არ გვაქვს იმდენი ფული.

თუმცა ერთი რამ არის: მე ვთვლი, რომ მე-2, მე-3 და ა.შ. ლიგებში დახარჯული თანხები, ძალიან ახლოსაა წყალში გადაყრილ ფულთან. ამ ლიგებში ძალიან ბევრი ასაკოვანი ფეხბურთელი თამაშობს და ვერ ვხვდები, ამან რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. ზოგადად, ეს ლიგები არსებობენ იმისათვის, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებმა მიიღონ შევსება, მაგრამ...

ბანალურ ჭეშმარიტებას ვიტყვი - თანხის უმრავლესობა ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში უნდა ჩავდოთ და გარკვეული პერიოდით დავიცადოთ. მე-3 და მე-4 ლიგებში სულ ბავშვები უნდა თამაშობდნენ. ასე განვითარდებიან ისინი და უმაღლესი ლიგის კლუბებიც შეივსებიან. თუ "ჩიხურა" ამ ლიგაში მოხვდება, ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ.

როცა ამ რეგიონის კლუბებში იქნებიან ბავშვები, მაყურებელიც მეტი მივა და ის თანხები, რომლებიც 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელების ხელფასებში იხარჯება, მათ განვითარებას მოხმარდება. ჯობს, რესურსები მათ კვებასა და ფიზმომზადებაში ჩავდოთ.

შესანიშნავი იდეაა GFF-ის აკადემიები. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი ფეხბურთელი აღზარდო და მერე სხვადასხვა კლუბში გაუშვა და ასე ხდება კიდეც. ეს ბავშვებიც უნდა მიეჩვიონ მაყურებლის წინაშე თამაშს. თბილისში მაყურებელი არ დადის, რეგიონებში ცოტა ბავშვი თამაშობს, არადა, მათი განვითარებისთვის აუცილებელია მაყურებლის თვალწინ თამაში.

როცა ბავშვთა ფეხბურთზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ფიზიკური მომზადების მწვრთნელების ჩამოყვანას, თუნდაც სერბეთიდან. მათი მოწვევა ძვირი არ ჯდება და მათ შეუძლიათ ეფექტიანად იმუშაონ ახალგაზრდა ფეხბურთელების ფიზიკურ განვითარებასა და ნუტრიციაზე. რეგიონებში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ  ბავშვს არ აქვს საშუალება, იკვებოს სწორად. ფენოვან ხაჭაპურსა და გამოფიტულ საკვებზე გაზრდილი ფეხბურთელს ვერც კუნთოვანი და ვერც ძვლოვანი სისტემა ვერ განუვითარდება, ის ათლეტი ვერ დადგება, თანამედროვე ფეხბურთი, კი ათლეტების თამაშია.

უმაღლეს ლიგაში მოსული ფეხბურთელების უმრავლესობას ხერხემალი აქვს დაზიანებული, კუნთოვანი სისტემა გადაგვარებული აქვს და ბუნებრივია, უჭირს-  ვერ აკეთებს ბევრ აჩქარებას, ვერ იგებს ორთაბრძოლებს, ძალაც აკლია.

გასათვალისწინებელია, რომ უბრალოდ ფულის დახარჯვა შედეგს არ მოგვიტანს. ბავშვთა ფეხბურთში უნდა შევქმნათ მწვრთნელებისა და ფიზმომზადების მწვრთნელების ძლიერი სკოლა, მეკარეების სკოლა.

ამ სფეროებში მიზნობრივად უნდა ჩაიდოს თანხა და მოთამაშეებმა ფეხბურთის თანამედროვე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. ამის პარალელურად, ბუნებრივია, სტადიონებსა და მინდვრებს უნდა მივხედოთ.

- უშუალოდ "ჩიხურას" რაც შეეხება, რა მდგომარეობაა კლუბში?
- ძალიან გაგვიჭირდა ევროპა ლიგიდან ისეთი წაგების შემდეგ ეროვნულ ლიგაზე გადმორთვა. ამას ტრავმები დაემატა, ცენტრალური მცველი მამასახლისი დაგვემტვრა, არდაზიშვილიც არ იყო მწყობრში და საერთოდ, ძირითადი გუნდის 6 ფეხბურთელს ჰქონდა ტრავმა (სულ 19 ფეხბურთელი გვყავს). 13 ფეხბურთელზე გაიარა ამდენმა თამაშმა. დაიღალნენ ისინიც. ამის შედეგი იყო ბოლო წუთებზე გაშვებული გოლები "დილასთან", "სიონთან", "ტორპედოსთან". რომ არა ეს დაკარგული ქულები, ახლა ევროპა ლიგის ზონაში ვიქნებოდით. წინ ყველა 6-ქულიანი თამაში გველოდება, ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნულ ლიგაში დაძაბულობამ იმატა, თუმცა თამაშის დონის ამაღლებაზე საუბარი თავის მოტყუება იქნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერც დინამო და ვერც ზესტაფონი ვერ გავიდოდნენ ევროტურნირების ძირითად ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბებს შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ ინფრასტრუქტურის მხრივ, მაინც ვერ შეძლებდნენ შედეგის მიღწევას. შესაძლოა ერთხელ მართლაც მომხდარიყო შემთხვევით. რგებოდათ ისეთი ბადე როგორიც მაგალითად საბურთალოს ჰქონდა წელს და გამძვრალიყვნენ მაგრამ ეს იქნებოდა აბსოლიტურად ალოგიკური შემთხვევითობა. 5 თუ არა მინიმუმ 4 კლუბი მაინც უნდა იყოს ჩემპიონატში დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობებისა და დონის. კონკურენტუნარიანი გარემო თუ არ შეიქმნა, მხოლოდ ერთი, თუნდაც წელში გამართული გუნდი მაინც ვერ იქნება ევროტურნირების შესაბამისი დონის. აგერ 2004-ში დინამო ხომ გავიდა უეფას თასზე, რა გუნდები გამოყარა მაშინ ეხლა ოცნებას გავს ეს. მაგრამ მაშინ მოთამაშეებიც ძლიერი ყავდა დინამოს, დსთ-ს თასიც ქონდა მოგებული და ჩემპიონატიც უფრო კონკურენტუნარიანი იყო. დინამო, ტორპედო, კოლხეთი, ოლიმპი, ლოკომოტივი, თბილისის თბილისი, ვიტ-ჯორჯია, ამერი, ზესტაფონი... გახსოვთ რა თამაშები იყო? მაგრამ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, ჯგუფშიაც ყველა თამაში წავაგეთ, ეროვნულ ჩემპიონატშიც ნელნელა მოისპო კონკურენტუნარიანი გარემო და დაგვრჩა ეს რასაც ეხლა შევყურებთ.
ეს კაცი სწორს ამბობს ყველაფერს. გულშემატკივარსაც უკვე წაგებულისა მენტალიტეტი დაგვჩემდა და იქნებ ამ ახალმა ფორმატმა მართლა საჩვენოდ იმუშაოს.
ანესთეზეოლოგი
14:12 10-10-2019
1
გამიხარდა რომ ფეხბურთში ასეთი ანალტიკური უნარების მქონე სპეციალისტი გვყავს.
გიორგი
13:15 10-10-2019
0

სიახლეები პოპულარული