ფეხბურთის ფედერაციამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უპასუხა

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო. დარწმუნებული ვართ, რომ მოხდა ქალბატონი პრეზიდენტის არასწორი ინფორმირება და მისი შეცდომაში შეყვანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოსთან ერთად ევროპის 7 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ამას გარდა, ბოლო წლების განმავლობაში,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით და ორგანიზებით, აქტიურად ხორციელდება პროექტები, იმისათვის, რომ მოხდეს ქალთა ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და დონის ამაღლება როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთის დონეზე. ჩამოყალიბდა 4 ეროვნული ნაკრები; უკვე მეხუთე წელიწადია, რეგულარულად ტარდება ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც დასაწყისისთვის 6, 2017 წლიდან კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 გუნდი მონაწილეობს; მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2019 წელს პირველად გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ქალთა შორის.

სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას ჩართული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდაც ადასტურებს. 2015 წელს, მოთამაშე გოგონების რაოდენობა 300 გახლდათ, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული ციფრი 1400-მდე გაიზარდა. ამას გარდა, სასკოლო პროექტებში ჩართული გოგონათა რაოდენობა 3600-ს აჭარბებს.

ასევე, აღსანიშნავია ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. ყოველწლიურად იმართება გოგონათა სასკოლო პირველობა; გასული წლიდან კი 15-წლამდე ასაკის გოგონათათვის უფასოდ იმართება რეგულარული საფეხბურთო ვარჯიშები და დაინტერესებულ გოგონებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ფეხბურთში. 2019 წელს ასევე პირველად გაიმართა ფუტსალის სასკოლო ლიგა გოგონათა შორის.

ზემოაღნიშნული პროექტები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ხორციელდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების სწორად და სრულფასოვნად ინფორმირება, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა ასეა, რაც წერია სიმართლეა.
DAVE
22:56 17-01-2020
7
კობიაშვილის მსგავსი პარაზიტი ფედერაციაში ჯერ არავინ ყოფილა.
მხოლოდ ყბედობა
09:48 18-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული