ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

AutoSharing Option
ხშირად იწვევს ხოლმე ადამიანთა უკმაყოფილებას, როცა ქართულ ფეხბურთზე საუბრისას ვიხსენებთ საბჭოთა კავშირს და ამ მოქმედებას მაშინდელი სოციალური წყობისადმი ნოსტალგიური განწყობის შექმნის მცდელობას მიაწერენ ხოლმე. თუმცა საკითხისადმი ეს უფრო ზედაპირული და რეაქციული დამოკიდებულებაა, რადგან ქართული ფეხბურთი 1989 წელს არ დაბადებულა, საქართველოში ფეხბურთს 100-წლიანი ისტორია აქვს და მისი უდიდესი და საუკეთესო დრო საბჭოთა კავშირის პერიოდზე მოდის. გვინდა თუ არ გვინდა, ეს რეალობაა და თუ ვინმეს მისი შეცვლა სურს, შეუძლია კოსმოსში პარაპლანით გაფრენა სცადოს, რადგან ამ საქმეში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე რეალური
წარსულის ცვლილების მცდელობისას.

სწორედ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა ფეხბურთელი, რომელსაც ეს სტატია ეხება. სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის ისტორიაში ყოფილან დიადი მოთამაშეები, რომელთა კარიერაც დიადმა მწვრთნელებმა დაანგრიეს. მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნასა და 80-იანი წლების მეორე ნახევრამდე არსებულ ნაკრებს (ისევ გვიწევს სსრკ-ის ნაკრების გახსენება, რადგან ქართველი ფეხბურთელებიც ამ ნაკრების წევრები იყვნენ და სხვა ეროვნული გუნდი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავდა) ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეეძლო, რომ არა მის ხელმძღვანელობაში მყოფი პირების არაპროფესიონალური მიდგომა და სამწვრთნელო შტაბში არსებული სრული ანარქია.

ეს ტექსტიც იმ პერსონაჟს ეხება, რომლის უკანაც უდიდესი ხელოვანი იდგა, ვისაც ყველგან აღმერთებდნენ, სადაც მისი თამაში ჰქონდათ ნანახი. განსაკუთრებით კი, მთელ სსრკ-ში, რომლის ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდობის ნამდვილი კერპი იყო. თუ ვინმე გამონაკლისი გახლდათ, მაინც დიდ პატივს სცემდა ყიფიანს.

როცა თბილისის "დინამოს" 10-იანის თამაში გვახსენდება, მისი სტილის მქონე მოთამაშეებს შორის საუკეთესოს პოვნას თუ ვეცდებით, გონებაში აუცილებლად ზინედინ ზიდანი ამოტივტივდება. თუმცა ზიზუმდე ადრე დავით ყიფიანი ალამაზებდა სტადიონს: მოედნის ცენტრში, სიღრმეში თამაშობდა, მისი დანიშნულება კი შეტევების მართვა, ზუსტი და მწვავე გადაცემების გაკეთება იყო. თუმცა ყიფიანის მთავარი "სავიზიტო ბარათი" საოცარი ტექნიკა გახლდათ: ძალიან მსუბუქი, რბილი, დახვეწილი. დავითს ნებისმიერი ფეხბურთელის მოტყუება შეეძლო. სტადიონები მისი არტისტული თამაშის სანახავად ივსებოდა.

თბილისის "დინამო" ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო, თუმცა ყიფიანთან ერთად ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდა. მათ ხომ საბჭოთა ბრაზილიელებს ეძახდნენ. გუნდში თამაშობდა ბომბარდირად დაბადებული შენგელია, უჭკვიანესი მცველი ჩივაძე, ტექნიკისა და სისწრაფის სიმბოლო დარასელია, ფლანგის დრიბლიორი გუცაევი. თუმცა მთავარი ფიგურა მაინც ყიფიანი იყო. მასთან ერთად "დინამო" 1978 წელს სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, 6-ჯერ დაასრულა ჩემპიონატი საპრიზო პოზიციაზე და გაიმარჯვა თასების მფლობელთა თასზე.

ყიფიანი სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, "დინამოს" შემადგენლობაში კი 115 გოლი გაიტანა, რაც იმდროინდელი ნახევარმცველებისთვის საოცნებო რიცხვი არის. ნაკრებში კი არაფრის გაკეთების შანსი არ მისცეს და მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. დიადმა მხატვარმა არც ამ 19 თამაშში შეირცხვინა თავი და 7 გოლი მაინც გაიტანა. თუმცა უსამართლობამ და არაპროფესიონალიზმმა ფეხბურთიდან წასვლა აიძულა.

30 წლის ასაკში ყიფიანი უკვე შეეჩვია იმ ფაქტს, რომ სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელები უპირატესობას თავიანთ ფეხბურთელებს ანიჭებდნენ. ეს კი განსაკუთრებით ლობანოვსკის ეხებოდა, რომელიც დიადი მწვრთნელი იყო, თუმცა ასეთივე პიროვნული თვისებებით არ გამოირჩეოდა. ის ნაკრებში უკრაინელებს, პირდაპირი მნიშვნელობით, მიათრევდა და სხვა საბჭოთა ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელებს ეროვნული გუნდის მიღმა ტოვებდა. იგივე ეხებოდა ბესკოვსაც, თუმცა მცირედ ნაკლები დოზით.

"ლობანოვსკი და ბესკოვი საკუთარ გადაწყვეტილებებში ყოველთვის ობიექტურები არ იყვნენ. როგორ შეიძლება ეროვნული გუნდი ჩაიბარო და ნაკრებში 15 ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მიიყვანო?! დავიჯერო, კიევის "დინამოს" სათადარიგო ფეხბურთელები თბილისელთა ძირითადის მოთამაშეებზე უკეთესები იყვნენ? ესპანელები ამბობდნენ: თუ სსრკ-ის ნაკრებში ყიფიანი ვერ ხვდება, ვინ ჯადოქრები ჰყავთ გუნდში?!" - გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.

შემადგენლობითა და პოტენციალით სსრკ-ის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო. გუნდი წარმატებასაც აღწევდა, როცა მართლაც საუკეთესოებს ათამაშებდნენ. თუმცა ლობანოვსკი საკუთარ საყვარელ მოთამაშეებს აყენებდა და მათ სხვა კლუბებიდან გიჟივით მორბენალ ფეხბურთელებს უმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სსრკ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესკოვი იყო, გადაწყვეტილებებს მაინც ლობანოვსკი იღებდა.

უსამართლობის აპოთეოზი კი 1982 წელი გახდა, როცა ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ყიფიანი მსოფლიო თასზე არ წაიყვანეს. მალევე დავითმა კარიერაც დაასრულა.

ცხადია, ზინედინ ზიდანს სხვა ისტორია აქვს. ის ყოფილა მსოფლიო თასის ფინალის გმირი, ყოფილა ანტიგმირიც, თამაშობდა უფრო მაღალი დონის კლუბში. ცხადია, ფრანგს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ასახელებენ, როცა ყიფიანი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში არ შეიყვანეს, მაგრამ...

და მაინც, როგორ ფიქრობთ, ქართველი ზიდანი უფრო სწორი ეპითეტი იქნებოდა თუ ფრანგი ყიფიანი?

მკითხველის კომენტარები / 23 /
არ მიყვარს სხვა და სხვა თაობის ფეხბურთელთა შედარება. ყიფიანი თავის ასპარეზზე საუკეთესო იყო, მაგრამ ზიდანი მსოფლიო ვარსკვლავი იყო.თან თაობებთან ერთად ტექნიკა უფრო იხვეწება. ყიფიანს არავისთან შედარება არ შეიძლება. ყიფიანი ყიფიანია და ზიზუ ზიზუა.დღეს უაზრობაა კამათი გაიტანდა თუ არა ყიფიანი 1998 წლის ბრაზილიის ნაკრებს ფინალში 2 გოლს. ეს უკვე ფანტასტიკის სფეროს.
ავთანდილი
10:43 29-07-2020
1
დიდება დავით ყიფიანს!
დიდება სტალინს!
aburjga
20:41 28-07-2020
0

სიახლეები პოპულარული