პორტუგალიური O JOGO-ს ინფორმაციით, "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა სანტოსი კარიერას "პორტუში" გააგრძელებს.
28 წლის ფეხბურთელს "მარიტიმუსთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა რენეს გასხვისებაზე თანახმაა და "პორტუსთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
რენემ პორტუგალიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი სეჟიო კონსეისაოს ყურადღება 10 ივნისს, "დრაგაუზე" გამართულ მატჩში მიიპყრო, რომელშიც "პორტუმ" "მარიტიმო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გარდა ამისა, პორტუგალიის პრიმერა ლიგის მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად რენე ლიგის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი "ზესტაფონში" 2013 წელს ჩაირიცხა, 2015 წელს კი თბილისის
"დინამოში" გადავიდა. დედაქალაქურ კლუბში თამაშის დროს აქტიურად მიდიოდა საუბრები რენეს ნატურალიზაციასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე. თბილისური კლუბის რიგები ბრაზილიელმა 2017 წელს დატოვა და კარიერა სამშობლოში განაგრძო. 2019 წლიდან კი "მარიტიმუში" გამოდის.