სფფ-ის განცხადება დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ მშენებლობას. როგორც იცით, ძველი სტადიონის ადგილას იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა. ტერიტორია ფედერაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2020 წელს გადმოეცა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების მანძილზე არსებობდა საფეხბურთო სტადიონი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ფეხბურთი ეთამაშა და აქტიურად დაკავებულიყო სპორტით. დღესდღეობით კი ეს სტადიონი მიტოვებული და უფუნქციოა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს არსებული
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და ძველი, ფუნქციადაკარგული საფეხბურთო მოედნების ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მოწყობა წარმოადგენს.

ასე იყო ყველა იმ პროექტის შემთხვევაში, რომლებიც ფედერაციის მიერ განხორციელდა თბილისის თუ საქართველოს მასშტაბით. მაგალითისთვის, გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოზე, ფოთში, ასევე, ვაკეში, სადაც არაერთ ინვესტორს სურდა სტადიონის ადგილას კორპუსების აშენება, თუმცა მაინც შევძელით ბავშვებისთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სტადიონის შენარჩუნება. ფედერაციის მიერ აშენებული ინფრასტრუქტურის გამოყენება კი უფასოდ შეუძლია ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს, ასევე - მოყვარულთა და ქალთა გუნდებს. ასე იქნება დიდი დიღმის შემთხვევაშიც.

დიდი დიღმის ამ ტერიტორიაზე, თანამედროვე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის თხოვნით, უამრავმა ადამიანმა მოგვმართა. თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. ჩვენ, საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, ყველა ადამიანის აზრი გაგვეთვალისწინებინა. არაერთი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ მიერ წარმოდგენილ საინიციატივო ჯგუფთან. ჩვენი მხრიდან, გავითვალისწინეთ ყველა მათი თხოვნა, მათ შორის, სტადიონის გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შევთანხმდით, რომ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაკეთებული უამრავი დათმობისა, სრულად უგულებელყოფილ იქნა ჩვენი შეთავაზებები და მშენებლობასთან დაკავშირებით მოხდა სხვადასხვა არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

ჩვენს მთავარ მიზანს ფეხბურთის განვითარება და ბავშვებისთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. სურვილის შემთხვევაში კი, მზად ვართ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ დაინტერესებულ პირებს და პირადად გავცეთ პასუხი არსებულ შეკითხვებს".

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ვიცი ზუსტად რა ხდება დიდი დიღმის შემთხვევაში,მაგრამ ვინც სპორტული მოედნების აშენებას ეწინააღმდეგება,ყველა ერის მოღალატეა,როგორ შეიძლება სამშობლო და მომავალი თაობა გიყვარდეს და სპორტს ეწინააღმდეგებოდე,არ მესმის.
საქართველო
04:33 01-12-2021
1
გაუგონარი ამბავი ხდება უბანში. მაგ ადგილიდან ზუსტად 50 მეტრში ატადიონზე დიდი პარკია, მაგრამ არ გვყოფნის კიდე გვინდაო, ძაღლები სად ვასეირნოთო, გეგონება ადგილი არ იყოს მაგისთვის საკმარისი. თან ის ხალხი ვინც მაგას აპროტესტებს, სახლის წინ ეზოები აქვთ შემოღობილი და მაგას არ გაეკაროთო გაიძახიან. ოთხფეხა მეგობრებს ბავშვებზე წინ აყენებენ, რაზეა საერთოდ ლაპარაკი.
Jaba
17:26 01-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული