"ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა?" - საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე კვარაცხელიაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებს აქტიურად უწყობს ხელს და იგი აგენტ მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობს. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ახლა აქტუალური ირაკლი აზაროვის თურქეთში ჩაშლილი ტრანსფერიცაა. ასე რომ, ნუკრისთან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- მამუკა ჯუღელის მიმართ საქართველოში ისევ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ბევრი კრიტიკაა, რაც კვარაცხელიას არშემდგარმა ტრანსფერმა უფრო გააღვივა. რატომ დარჩა ხვიჩა "რუბინში"?

- მამუკა ჯუღელი გვერდით უამრავ ქართველ ფეხბურთელს დაუდგა, მათ შორის, მეც. მისი კრიტიკა იმის გამო, რომ კვარაცხელია ახლა "ბაიერნში" არ თამაშობს, საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანების მხრიდანაა.
ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა? გასულ ზაფხულს რეალური სატრანსფერო წინადადება არ ყოფილა. "რუბინი" თავად ყიდულობს ფეხბურთელებს 7 მილიონ ევროდ და უფრო მეტად. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, საკუთარი ლიდერი უფრო ნაკლებად გაასხვისოს?

- ჩვენთან ინტერვიუში ჯუღელმა "ტოტენჰემზე" ისაუბრა. კიდევ რა ვარიანტები არსებობდა?
- შესაბამისი შეთავაზება რომ ყოფილიყო, კლუბი მას აუცილებლად განიხილავდა, რადგან ხვიჩას ტრანსფერი მათ ინტერესებშიც იყო. ვხედავთ, რომ არსებული პანდემიური ვითარების გამო დიდი გარიგებები იშვიათია, გუნდები უფრო იჯარაზე მუშაობენ.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" ინტერესს, ის არსებობდა, მაგრამ ტრანსფერისთვის ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი. ეს ჯუღელმა ძალიან კარგად იცის. რადგან პრემიერლიგის კლუბია, ეს არ ნიშნავს, რომ კვარაცხელია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაბარგებულიყო, მერე იქ კეინის და სონის კონკურენციას უპირობოდ დაძლევდა, გუნდს მოერგებოდა და ა.შ. რამდენიმე თვეში უკან რომ დაბრუნებულიყო, ამაზე არ გვიფიქრია?

ხვიჩას ბოლომდე სწამს თავისი აგენტის, მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭირო და ფეხბურთელისთვის უკეთესი იქნება.

- იწერება, რომ ყაზანელებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს, რათა ტრანსფერს ხელი შეშლოდა. ამავდროულად, ე.წ. შავ თანხას მიუთითებენ...

- ეს ტყუილია... კვარაცხელიას აქვს თავისი ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია და იმაზე მეტს ვერავინ მოითხოვს. ხვიჩას იაფად და უამბიციო გუნდში არავინ გაუშვებს და ამის სურვილი პირველ რიგში, თავად მას არ აქვს.

"ტრანსფერმარკეტზე" დაფიქსირებული ფასით ვერ იხელმძღვანელებ, მოლაპარაკებების დროს სხვა ნიუანსები არსებობს. რეალობა ისაა, რომ ხვიჩას ხელოვნურად არავინ აყოვნებს.

- არსებობს თუ არა მოლაპარაკებები ამჯერად და შეგვიძლია თუ არა რომელიმე გუნდზე საუბარი? ისევ პრემიერლიგის კლუბებზე იწერება - "ვულვზი", "ევერტონი"...

- გარკვეული მოლაპარაკებები არის, რისი წინასწარ თქმა არ შემიძლია, თუმცა გადამწყვეტი არაფერია. ბევრი ჭორიც იწერება. "კვარას" ტრანსფერზე ევროპაში ლიცენზირებული აგენტებიც მუშაობენ. ზამთარში მოკლე დროა და დიდი ტრანსფერები არ კეთდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ რომელიმე კლუბი ფორსმაჟორულ სიტუაციაში იყოს და ხვიჩამ გუნდი ახლავე შეიცვალოს. ამის შანსი მომავალ ზაფხულს მეტად იქნება.

- იმ საუბრებმა, რაც ზაფხულში იყო, მოახდინა თუ არა გავლენა კვარაცხელიას თამაშზე - მას ნაკლებად წარმატებული საკლუბო სეზონი აქვს და შეგვიძლია თუ არა ფეხბურთელის მხრიდან ერთგვარ შინაგან პროტესტზე ვისაუბროთ, რომელიც კლუბის არშეცვლას უკავშირდება?
- რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას იქონიებდა, თუმცა ვიცნობ ხვიჩას, თავისი საქმე უყვარს. არანაირი პროტესტი არ ამართლებს. ამით ფეხბურთელმა რა უნდა მოიგოს? "რუბინი" ვერ იქნება მხოლოდ კვარაცხელიაზე დამოკიდებული, ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით უთამაშია. მან უნდა გააგრძელოს ძველებურად თამაში. კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- კიდევ ერთი მსჯელობაა, რომ შესაძლოა, კვარაცხელიას აგენტს მისი ტოპ-კლუბებში გასხვისება სურდეს, თუმცა შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდეს...
- ვის არ უნდა ხვიჩამ უკეთეს ლიგაში ითამაშოს, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგაა, თუნდაც ფინანსური, ასევე პრესტიჟის თვალსაზრისით. მამუკა ჯუღელს გაუჭირდა ისეთი ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ევროპულ ტრანსფერზე იმუშავებს? არიან წარმომადგენლები. ვიღაცას ჰგონია, მივიდეს პირობითად "ბრაიტონის" ოფისში და ფეხბურთელი შეიძინეთო? ძალიან ბევრ დეტალს აქცევენ ყურადღებას, ცხოვრების რეჟიმს, დამოკიდებულებებს. მილიონებს ზერელედ არავინ გადაიხდის.

აგენტებს ავტორიზაცია აქვთ და მუშაობენ იტალიასა და ინგლისში. ერთ-ერთი გასულ წელს დუბაიში გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო გახდა.

ხვიჩას ყველაფერი გააჩნია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სტაბილურობა და უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელია საჭირო. მაგალითისთვის ირანელი აზმუნი ავიღოთ. წლებია, რუსეთის ჩემპიონატში 15 გოლზე ნაკლებს არ იტანს, მაგრამ მისი ტრანსფერი ვერ ხერხდება. ასე რომ, მარტივი არაა ეს საკითხი.

- ირაკლი აზაროვის ტრანსფერის ჩაშლას ვნებათაღელვა მოჰყვა. თურქული მედია ბათუმელთა მხრიდან თანხის მომატებაზე წერს, თუმცა ქართულ კლუბს სხვა ვერსია აქვს...
- ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მიზეზი კარგად ახსნა. ის პირობა, რაც თურქებმა გამოაგზავნეს და გუნდი ამას ელოდა, ადგილზე ჩასვლის შემდეგ შეიცვალა - 40%-ით შემცირდა და ამით როგორც კლუბი, ისე ფეხბურთელი დაზარალდებოდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბათუმელთა მხრიდან არანაირი დამატებითი მოთხოვნა არ ყოფილა. აზაროვი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, არაერთი წინადადება აქვს და ის ვინმეს არ უნდა აჩუქონ. ყველაფერს თავისი ფორმები გააჩნია.

ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია, თავისი ფასი იცის და ისეთი დამოკიდებულება არ ჰქონია, რომ აუცილებლად დარჩეს. როგორ უნდა წახვიდე "ტრაბზონში" და იმაზე დაბალი ხელფასით ითამაშო, ვიდრე "დინამოში", როცა ჰამშიკი და ჟერვინიო მილიონებს იღებენ. ვიღაც იტყვის, 18 წლის ბიჭი ხელფასზე არ უნდა ფიქრობდესო, მაგრამ აქ თვითშეფასების საკითხი ხდება. თავად აზაროვმა თქვა, რომ სხვა შეთავაზებას დაელოდება ან ბათუმში ზაფხულამდე დარჩება. ამ დონის მარცხენა მცველი ძალიან მოთხოვნადია. არ მაქვს განცდა, რომ ტრაგედია მოხდა.

- რადგანაც აზაროვის აგენტიც მამუკა ჯუღელია, ხოლო ირაკლის მიმართ ინტერესი "კრასნოდარს" აქვს, ქართველი გულშემატკივრები მასაც რუსულ საკლუბო მომავალს უწინასწარმეტყველებენ...
- აზაროვის შესახებ არა მხოლოდ "კრასნოდარმა", სხვა რუსულმა კლუბებმაც იციან, თუმცა ლეგიონერებზე ლიმიტი არსებობს და თავს იკავებენ. თუნდაც, რუსეთში წავიდეს, ამაში ტრაგედია რა იქნება. ასე გადავიდა კვარაცხელია, იქ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და უფრო დიდი ინტერესები გაჩნდა.

- წინა ინტრვიუებში ბერიაშვილისა და ხაბულიანის მიმართ დაინტერესებაზე ვისაუბრეთ, ახლაც ხომ არ შეგვიძლია ვინმეზე თქმა, ვისი ტრანსფერიც იგეგმება?
- ამ ეტაპზე, ვერავის დავასახელებ. საქართველოში არაერთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. მაგალითად, "საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილი მომწონს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი რუსეთში ტრანსფერი იგეგება, თუმცა ამისგან ტრაგედიას რატომ ქმნიან, ეს არ მესმის.

თითქმის ყველა გუნდთან ვთანამშრომლობთ. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. უამრავ დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, დროულ ტრანსფერსაც.

- საკმად დიდი ხანია, გია გრიგალავაზე არაფერი გვსმენია, ზურიკო დავითაშვილი კი როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში მშვენიერ ფორმაშია...

- გრიგალავა ჯერჯერობით უგუნდოდაა. "როტორში" ჩარიცხვის ვარიანტი იყო, მაგრამ უარი თავად თქვა. იმედია, ზამთარში ახალ კლუბს იპოვის.

ზურიკოს რთული პერიოდი ჰქონდა, როცა არ უმართლებდა. ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულებები აქვს. ახლა კარგად გამოიყურება. "არსენალი" აუტსაიდერია, მაგრამ აწყობილი ინფრასტრუქტურით და დიდი ბიუჯეტით, ზურიკოთი კი ყველა კმაყოფილია.

- არიან ქართული გვარის ფეხბურთელები, რომელთა საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე საუბრობენ, მაგალითად, კონსტანტინე მარადიშვილი...
- მარადიშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მხოლოდ გვარი საკმარისი ვერ იქნება. ჯიქიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ რუსეთში დაიბადა, მენტალურად იქ უკეთ გრძნობს თავს. როგორ შეიძლება, ვინმემ ეროვნულ ნაკრებში ძალდატანებით ითამაშოს? ამის სურვილი თავად მას უნდა ჰქონდეს. ვისთანაც ასე იქნება, ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად დაელაპარაკება და საქართველოს ნაკრებს გააძლიერებენ.

- ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილის მიმართ დიდი მოლოდინებია, თუმცა "ვალენსიაში" ახლა ნაკლებად ენდობიან...

- მამარდაშვილს რაც შეეხება, მან მოთმინების უნარი უნდა გამოიმუშაოს. გიორგიმ შანსი მიიღო, თუმცა ძალიან ცუდია, რომ თამაშის შესაძლებლობა ახლა არ ეძლევა. წარმომიდგენია, მაგის გულში რა ხდება. ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყოს და იქ არავინ დაჩაგრავს.

- ნაკრების ძირითადი მეკარე ისევ გიორგი ლორიაა. ჩვენი ფეხბურთელები წლის ბოლოს კარგ ფორმაში შევიდნენ, შვედები დაამარცხეს და ახლა "ერთა ლიგისთვის" ემზადებიან...

- ვეთანხმები იმას, რომ ლორია ნაკრების პირველი მეკარეა. სანიოლი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. სტაბილურია, დღე და ღამე ვარჯიშობს და კარიერას წარმატებით აგრძელებს. ფრანგმა მწვრთნელმა წელი კარგად დაიწყო და ასევე დაასრულა. შედეგი მაინც ყველაფერს ამბობს. თუკი ამბიცია გვაქვს, "ერთა ლიგის" ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, დანარჩენი შემდეგ ვნახოთ.

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

მკითხველის კომენტარები / 30 /
რუსეთთან არანაკლები დაძაბული ურთიერთობა ააქვთ დანარჩენ მსოფლიოს, მაგარამ ძალიან კარგად ვაჭრობენ ერთმანეთში და თანამშრომლობენ,ეს აქ ამბობენ უაზრო ტელევიზიები რო რუსეთი ასე და რუსეთი ისეო, რომლებიც თვითონ სწორედ რუსეთიდან წამოსული ფულით ფინანსდებიან,ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის რუსეთი ვინ არის, უაზრო პატრიოტიზმი აქ საჭირო არ არის, ფეხბურთელს თუ კარგ კლუბიდან და კარგი წინადადებით მიმართავენ რუსეთიდან რატომ არ უნდა წავიდეს იქ სათამაშოდ,კვარაცხელია და კიდევ ბევრი ქართველი ფეხბურთელი რუსეთიდან არ გამოჩნდნენ.კვარაცხელიამ კი უნდა იშრომოს ჯერ კიდევ ბევრი რადგან თავისუფლად აიყვანონ ევროპულმა კარგ კლუბებმა ყოველგვარი შიშების გარეშე.ჯუღელმა კი ფაქტია ეს ბიჭი გზაზე დააყენა,მაგალითად დინამომ კვარაცხელია ისე გაუშვა ვერც კი გაიგეს ბოლომდე რა ტალანტთან ქონდათ საქმე.
vinmes
16:51 14-01-2022
6
რა არადექვატური შეფასებებია. ანუ რუსეთია ჩიხი, მაქედან ვერ გახვალ და დინამოდან გაშვებული კვარაცხელია რუსთავიდან ნოტინგემ ფორესტში წავიდოდა
150-ის მძღოლი
13:58 14-01-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული