მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 26 იანვარს ევრო 2022-ზე მეორე მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გუნდის კაპიტან ზვიად კუპატაძესთან ერთად ონლაინპრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„მოწინააღმდეგე ძალიან ძალისმიერი და ტექნიკურად გამართული გუნდია, რომელიც ხშირად იყენებს მეხუთე მოთამაშის უპირატესობას. ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკას, რომელსაც მათ დავუპირისპირებთ. უეფას რეიტინგში ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე წინაა. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდათ საკვალიფიკაციო ეტაპზე.
პირველი ადგილი დაიკავეს ისეთ ძლიერ ჯგუფში, სადაც რუმინეთი და სერბეთი ჰყავდათ. საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, თუმცა ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუსტი მოწინააღმდეგე გამორიცხულია. ასეთ დონეზე ყველა თამაში ძალიან მაღალი დონისაა.

ვიცი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და თამაშის საწყისი წუთები ბევრ რამეს გვიჩვენებს. ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად მზად ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბრძოლისუნარიანობას მოედანზე. ასე რომ, არც ერთი მილიმეტრი არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსები, რომ ვიფიქროთ წარმატებაზე. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შევძლოთ.

საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს და თითქმის იგივე შემადგენლობა გვექნება, რაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყო. ფსიქოლოგიურად გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. აქამდე მოვედით და ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. თუ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, მეტად გასახარი იქნება. კარგი განწყობაა და გუნდში ზედმეტი დაძაბულობა არ არის. მხოლოდ ის იგრძნობა, რომ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მაქსიმუმის არგაკეთების შემთხვევაში შედეგის მიღწევა ძნელი იქნება“.

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „მეტოქე ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ხშირად იყენებენ მეკარის ჩართვას. აზერბაიჯანთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. სხვა მონახაზი და სულ სხვა სურათი იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას, რადგან ფუტსალში ამას დიდი უპირატესობა მოაქვს. ასე რომ, ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ. ვიცით, 5/4-ზე როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად ვიბრძოლებთ და მოგებისთვის ვითამაშებთ. შანსები 50/50-ზეა და ყველაფერს სათამაშო ნიუანსები გადაწყვეტს. ვიცით, რა თამაშს შემოგვთავაზებს მეტოქე. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველით. მთავარია, რომ მწვრთნელის მონახაზი შევასრულოთ და მატჩი ჩვენთვის კარგი შედეგით დასრულდება".

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), აზერბაიჯანთან შეხვედრაში განაცხადში არ იქნება და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადება.

26 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა
საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინა

საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინა 26 იანვარს, თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და აზერბაიჯანს შორის 23:30 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფში ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატება საქართველოს ნაკრებს, გვჯერა თავს არ დაზოგავთ და გაგვახარებთ!

პ.ს. შურიან და ბოღმიან ხალხს რა გამოლევს? მტრებიც საკმაოდ გვყავს ქვეყანაში ეს დიდი ხანია ვიცით. ჩვენ დალოცვილ მიწაზე ჩვენ მტერს ჩვენი პური და წყალი არამად უნდა შეერგოს.
G.LA
13:57 26-01-2022
0
მივმართავ ქვემო კომენტარის ავტორს,რომელიც ცრუ პროგნოზს წერს და ერთი ადგილი მიაყენე,აზერების ფულზე რომ ლაპარაკობ,მაშინ ყველაფრის ჩემპიონები უნდა იყვნენ თუ ყიდვაზეა საუბარი! ჩვენ ვიგებთ დღეს! საქართველო გავა ქვეჯგუფიდან!!!
ზურა
14:14 26-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული