შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.
შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა „დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.
ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)
სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)
დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)