ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში კაცნაკლულმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად ნულოვან ფრეს მიაღწია "სლოვანთან". ბრატისლავური კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ საქართველოში რევანშისთვის მერყევ მდგომარეობაში მყოფები მიემგზავრებიან, რადგან აგურის მოედანზე (ასე იწოდება მათი სტადიონი "ტეჰელნე პოლე") სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მასპინძელთა გუნდის მცველმა იური მედვედევმა გააკეთა.
"იმედგაცრუებულები ვართ, გვაპატიეთ. ტაიმზე მეტი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ვეთამაშეთ, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. 0:0 ძალიან ცუდი შედეგია, სხვა ანგარიშის იმედი გვქონდა. ეს სირცხვილია, მაგრამ არაფერია დაკარგული. წინ მეორე მატჩი
გვაქვს და გამარჯვება გვსურს. გასატანად რამდენიმე მომენტი გვქონდა, მეც მქონდა ერთი ძალიან კარგი შანსი და არც ვიცი, მეკარემ როგორ ამიღო ბურთი.
თამაშში გარდატეხის შეტანა გვმართებდა, სწრაფად ვმოქმედებდით, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ბოდიშს ვუხდით არენაზე მოსულ გულშემატკივრებს. ვწუხვართ. ასეთი თამაშით ვერავინ ვერ იქნება კმაყოფილი. იმედი მაქვს, ყველაფერს ბათუმში გამოვასწორებთ", - ციტირებს მედვედევს sport.aktuality.