დღეს, 21 ივლისს, კონფერენს ლიგაზე ორი ქართული კლუბი ითამაშებს. თუკი ბათუმის "დინამო" აქ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო გადაერთო, "საბურთალო" ევროპის რანგით მესამე ლიგაში მონაწილე ქართული გუნდებიდან ერთადერთია, რომელმაც პირველი ეტაპი დაძლია.
ვინ უფრო მალე დაძლია შოკი?
ბათუმის "დინამო" პოლონეთის ჩემპიონ "ლეხზე" კარგ ფორმაშია, ძირითად დროში შეხვედრა დიდი ხანია, არ წაუგია, თუმცა ბრატისლავის "სლოვანთან" დამატებითი ტაიმების ბოლოს დრამატულად დამარცხდა. ამ შოკიდან გამოსასვლელად მათ საკმარისი დრო ჰქონდათ. რაც შეეხება "ლეხს", მათ ბოლო დროს ყველგან წააგეს - ჩემპიონთა ლიგაზე, ქვეყნის სუპერთასსა და ჩემპიონატში.
პოზნანელთა ნიდერლანდელმა თავკაცმა ვან დერ ბრომმა მატჩამდე განაცხადა, რომ 3 მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური სიმყარე მარტივი არაა, თუმცა ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მოახლოებულ დაპირისპირებაზე სრული კონცენტრაციის გამო მათ ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრა გადაადებინეს.
ცვლილებები შემადგენლობაში
გია გეგუჩაძის გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კაპიტანი მამუკა კობახიძე უბრუნდება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გიორგი რეხვიაშვილი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს. არადა, როცა საშუალება ეძლევა, ის მშვენივრად გამოიყურება, თუმცა ძირითადი შემადგენლობის წევრად მაინც არ მოიაზრება. სხვა მხრივ, განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არაა. მიუხედავად გასვლითი მატჩისა, საინტერესოა, ბათუმელთა თავკაცი ტაქტიკას ხომ არ შეცვლის და ჯოვინო ფლამარიონის გვერდით, რომელიც ახლა კარგ ფორმაში არაა, მეორე ფორვარდსაც ვიხილავთ. ბოლო დროს ვიორგი ფანცულაიას ნაკლები ნდობა აქვს. მშვენიერ ფორმაში მყოფ ზურიკო დავითაშვილისგან ისევ კარგ შეხვედრას ველით.
რაც შეეხებათ პოლონელებს, ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს. მოსალოდნელია, რომ ქართველ მეტოქეებთან გიორგი წიტიაშვილსაც შედარებით ბევრი დრო მიეცემა. ის ჯერ კიდევ ახალწვეულად მიიჩნევა.
ქართულ კლუბს ნამდვილად შეუძლია სტუმრად მეტ-ნაკლებად მისაღებ შედეგს მიაღწიოს. ამ ბარიერის დაძლევა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს საკმაოდ დაგვაახლოებს.
მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ.
თითქოს აუტსაიდერი "საბურთალო"...
როცა ის ქართული კლუბები მარცხდებოდნენ, რომლებიც წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდნენ, ამ დროს ერთი გამოჩნდებოდა ხოლმე, რომლისგანაც ამას უფრო ნაკლებად ველოდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდა. წლების განმავლობაში ასეთი გუნდი საჩხერის "ჩიხურა" იყო, ბოლოს კი თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" ერთრაუნდიანი ბარიერის დაძლევით გაგვახარა. თუკი წელს ველოდით, რომ თბილისის "დინამო" ესტონურ მეტოქეს იოლად აჯობებდა, შევცდით, "საბურთალომ" კი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და საკუთარ მოედანზე მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა. თბილისურ კლუბს შეუძლია ტექნიკური, სწრაფი და შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზოს. ამის რესურსი ნამდვილად აქვთ, თუმცა ლაშა ნოზაძის მეტოქე სერიოზული და გამოცდილია - რუმინული "სტიაუა". მათმა მთავარმა მწვრთნელმა ხაზი იმას გაუსვა, რომ რუმინელთათვის ეს პირველი ოფიციალური მატჩია და ამის გამოყენება ნამდვილად შეგვიძლია, თანაც თბილისურ დაპირისპირებაში. "საბურთალოს" რთული მისია აქვს, მაგრამ ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ ლაღად და თანამედროვედ ითამაშონ და მეტოქეს არაფერი დაუთმონ.
წინა მატჩის გმირს, მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს, გუნდში სერიოზული კონკურენტი მიუყვანეს, ბექა ქურდაძე, თუმცა ცვლილებას არ ველით. ირაკლი სიხარულიძე გასატანად ისევ შემართულია. გიორგი გოჩოლეიშვილს სასტარტო შემადგენლობაში მოვიაზრებთ, ოთარ და გიზო მამაგეიშვილებს კი დრო მეორე ტაიმში უნდა მიეცეთ.
მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი "სილქ უნივერსალზე" იქნება.
ბათუმის "დინამოს" მეტოქე ცუდ ფორმაში - ნაკლები ნდობა კვეკვესკირსა და წიტაიშვილს
გია გეგუჩაძე: არ მგონია, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ხვალ გაირკვეს
https://twitter.com/dtsgtr2/status/1550069415206690816