"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

AutoSharing Option
პედაგოგების თვალით დანახული ხვიჩა კვარაცხელია

"ენერგიული, ნიჭიერი, სხარტი, კეთილი, გონიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, უბრალოებით გამორჩეული"... - ასე ახასიათებენ 169-ე სკოლის პედაგოგები ხვიჩა კვარაცხელიას. იმ პატარა ბიჭით, სკოლის დერეფნებში ბურთით რომ დარბოდა, დღეს არა მხოლოდ მშობლიური სკოლა, სამშობლოც ამაყობს, ამ სტატიით კი სულ სხვაგვარ ხვიჩა კვარაცხელიას გაგაცნობთ.

მანანა მერაბიშვილი, პედაგოგი:
- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ. მე-5 კლასში იყო ხვიჩა, როდესაც მის კლასში შევედი და სკოლის დასრულებამდე ამ კლასის ხელმძღვანელი ვიყავი. ერთად 8 წელი გავატარეთ.

- ბავშვობაში ხვიჩა როგორი იყო, რა
თვისებებით გამოირჩეოდა?

- ძალიან ენერგიული, ნიჭიერი, გონიერი, ყოველთვის სწრაფი აზროვნებით გამოირჩეოდა. რომ გითხრათ, ხელში სულ წიგნი ეჭირა და ძალიან კარგად სწავლობდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ხვიჩა სტადიონზე ბევრ დროს ატარებდა, სულ ვარჯიშობდა, მაგრამ როცა გაკვეთილზე იყო, კარგად მოსმენა იცოდა, ახსნილსაც ადვილად იმახსოვრებდა. XI კლასში რომ იყო, 4 საგანში გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ხვიჩა ამ დროს უკვე ყაზანის "რუბინში" თამაშობდა და წარმოიდგინეთ, მისთვის გამოცდები როგორი რთული ჩასაბარებელი იქნებოდა. სკოლაში ძალიან ყურადღებიანი დირექცია გვყავს. ხვიჩას ყოველთვის ვუწყობდით ხელს. მანამდე ექსტერნი გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა, მაგრამ მიკვირს, ბიჭმა, რომელიც სულ სტადიონზე იყო, როგორ ჩააბარა ფიზიკისა და ქიმიის გამოცდები, როცა მისი თანაკლასელები, რომლებიც მთელი წელი ემზადებოდნენ და ამ საგნებს ბევრ დროს უთმობდნენ, გამოცდიდან ატირებულები გამოდიოდნენ. ხვიჩა ყოველი გამოცდის ჩაბარებას გაღიმებული მახარებდა, "ჩავაბარე, მასწ!" მისი გონიერება და სწრაფი აზროვნება მოედანზეც კარგად ჩანს. ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, მაგრამ სიკეთით არ გამოირჩევიან? ხვიჩა თბილი, ძალიან კეთილი და უხვი ადამიანია.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- არა მხოლოდ ხვიჩა, მთელი ოჯახი ასეთია. სხვათა შორის, მის ძმას, თორნიკესაც მე ვასწავლი. მასაც დიდი ფეხბურთის თამაში უნდა, გაკვეთილებს ამ მიზეზით ხშირად აცდენს, მაგრამ როცა სკოლაში მოდის, იგრძნობა, რომ ძმასავით ჭკვიანი და გონიერია. როცა გაკვეთილზეა, ყოველთვის ყურადღებით მისმენს. რამდენადაც ვიცი, ოჯახი წარმოშობით წალენჯიხიდანაა. ხვიჩა ჩავიდა წალენჯიხაში და იქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. თუ ზუსტი ინფორმაცია მაქვს, თითო ოჯახს 500 ლარი გადასცა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხვიჩა უბრალოებით გამორჩეულია. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სკოლაც აქვეა, კლასელების უმრავლესობაც მეზობელია და როცა თბილისში ჩამოდის, ხვიჩა მათ ურეკავს, იკრიბებიან სკვერში და საუბრობენ. ერთ კლასელს სოფელი აქვს ხარაგაულში, იქაც ერთად იყვნენ წასულები. ბავშვობის მეგობრებთან მუდმივად აქვს ურთიერთობა. ხვიჩას კლასი ყოველთვის მეგობრული იყო., ეს ნაწილობრივ ჩემი დამსახურებაც არის, ბავშვები სულ დამყავდა ექსკურსიებზე, თეატრებში... მოზარდებს განსხვავებულ გარემოში ურთიერთობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, იქ ერთმანეთს სხვაგვარად ეჩვევიან, ერთად მღერიან, ცეკვავენ, ილხენენ... მეტად უმეგობრდებიან... სკოლა რომ დაასრულეს, მეორე წელს მთელი კლასი და მათთან ერთად მეც, ხვიჩამ რესტორანში დაგვპატიჟა, ღირსეულად გვიმასპინძლა. გადამეტებულ ნათქვამად არ მიიღოთ, ხვიჩასნაირ პიროვნებას დღეს ძნელად თუ შეხვდებით, ნაკლს ვერ უნახავთ.

- არასდროს გაუბრაზებიხართ?
- არა.

- ხვიჩას საცოლე ჰყავს, მის რჩეულს იცნობთ?
- ხვიჩას საცოლე ახლახან გავიცანი, სრულიად შემთხვევით, უბანში სადედამთილოსთან ერთად შემხვდა. მაკას (ხვიჩა კვარაცხელიას დედა) ძალიან კარგად ვიცნობ, გვერდიგვერდ კორპუსებში ვცხოვრობთ, ერთმანეთს მაღაზიაშიც ხშირად ვხვდებით. მაკამ გოგონა გამაცნო, ხვიჩას შეყვარებულიაო. ძალიან ლამაზი, "სვეცკი" გოგონაა. ინტელექტუალი ჩანს, კარგად აღზრდილი. ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავდეს. სხვათა შორის, ხვიჩას ვეუბნებოდი ხოლმე: იცოდე, შენ ფეხბურთის თამაში მე გასწავლე-მეთქი. პატარა რომ იყო, სკოლაში ბურთი მოჰქონდა, შესვენებაზე დერეფანში ათამაშებდა. კლასის ხელმძღვანელი ვიყავი და შესვენებაზე კლასს უყურადღებოდ არ ვტოვებდი. ხვიჩა მისკენ მიმავალს რომ დამინახავდა, ბურთს ჩემკენ აგორებდა, თან მეძახდა, - "დაარტყით, მასწ!" ასე ვთამაშობდით (იცინის). სხვა ბავშვები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, მათ დამრიგებელი ფეხბურთს არ ეთამაშებოდა. სანამ გაკვეთილზე შესვლის ზარი დაირეკებოდა, ვთამაშობდით. თავს მატყუებინებდა, ვითომ რამე შემეძლო და თან მაგულიანებდა: "მიდით, მასწ, დაარტყით!"


მკითხველის კომენტარები / 6 /
2000 იანების მერე დაბადებულ ბავშვებს მოუწიათ კარგ მასწავლებლებში და თბილ გარემოში სწავლა. აბა 90 იანების ბავშვებს კი ულაწუნებდნენ მასწავლებლები როცა მოუნდებოდათ :)
ბავშვის ცემა და თმით თრევა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მასწავლებლები იგივე დარჩნენ, უბრალოდ დაემორჩილენ იმ სიტუაციას, რომ აღარ შეიძლებოდა ბავშვზე თითის დაკარება, ბევრი ასაკოვანი მასწი მხვდება და უკმაყოფილო არიან, ბავშვს სიტყვას ვეღარ ეტყვიო, ანუ ცემა რომ აღარ შეუძლიათ და ლანძღვა იმით არიან უკმაყოფილო.
ხვიჩასთან რა შუაშია მაგრამ სიტყვას მოჰყვა ;))
!!
04 ოქტომბერი 2022 11:53
0
Ხვიჩა არის ქართული ფეხბუთის მომავალი ლეგენდა და მსოფლიო ფეხბურთის საქრთველო ხარობს თითოელი შენი თამაშით
Tete1234
03 ოქტომბერი 2022 20:21
0
ეს სკოლა, ხვიჩას მასწავლებელო (მანანა მერაბიშვილო) სანამ თქვენ მოხვიდოდით მჭედლიძემ, მესხმა, ცქიტომ, ხიზანებმა და ისე, თოკო შენგელიას დედამ და კიდევ ბევრმა სხვამ დაასრულა. ისე, ამ სკოლაში დიდი მიშა მესხის და ლუარას (ამ სკოლის დირექტირის, ვინც ამავე სკოლის მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა გაწირა) ინიციატივით, საფეხბურთო კლასიც იყო ავაზადან, ხოდა გია გაწერელია იყო იმ კლასის დამრიგებელი... ჰოო, კიდევ, დინამოელებთან ხშირად ეწყობოდა ხოლმე აქ მოსწავლეთა შეხვედრები... იმართებოდა რაიონული შეჯიბრები (ვიდრე, დარბაზს და აზუსს ჩამოშლიდნენ) ასე თუ ისწავლეთ სკოლოს დერეფანში ბურთის გაგორება, ნაღდად არ მგონია... ყოველ ჩემთხვევაში, ჩემს დროს, ეს სკოლის კანონებით აკრძალული იყო. ხო,კიდევ, კვარას, სკოლა უკვე დამთავრებული (2017-2018 წლებში) ჰქონდა, როცა "რობინში' წავიდა, თან კარგა ხნის... მესმის, რომ ხვიჩა, ახლა კარგად გასაყიდი თემაა, მაგრამ პირადი პოპულარიზებისთვის, რომ ნაკლები მოიტყუოთ, თქვენივე მოსწავლეებისთვის კარგი იქნება.... ამასთან, არ მგონია ფეხბურთელებს, სკოლის დამთავრებისას რაიმე პრობლემა შეჰქმნოდათ... ყოველ შემთხვევაში ამ სკოლაში, ნებისმიერი მმართველობის დროს... და კიდევ, ცოტა კვარას, რომ ფეხბურთის თამაში აცადოთ და ყველამ "ფეხი არ გამოჰყოთ", არა?
169-ე სკოლელი
03 ოქტომბერი 2022 19:14
6
.სიდა სად არის ეს სკოლა- ეს მაინდერესებდა ? სად მდებარეობს?= რომლე უბან
ილია
04 ოქტომბერი 2022 09:14
0
ადამიანის უპირველესი ღირსება, ეს მისი მორალური ფასეულობებია, რაც უხვად ყოფილა ხვიჩაში ყველაფერთან ერთად და ეს ძალიან გვახარებს! უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
03 ოქტომბერი 2022 17:26
0
რა თბილი სტატიაა. მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ხვიჩას აღზრდაში. ჭკვიანი რომ იყო ხვიჩა სკოლაში, ეს მინდორზეც ეტყობა. მე არ მჯერა იმის რომ"ოროსანმა" ბავშვმა, დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუნდაც სპორტში.
შოთა
03 ოქტომბერი 2022 11:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული