ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

AutoSharing Option
ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რიგებში ბრწყინვალედ გამოსვლას აგრძელებს და "პარტენოპეის" ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. "კვარას" ანგარიშზე სერია A-ს 11 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

წარმოგიდგენთ 14 ქართველი ფეხბურთელისგან შემდგარ სიას, რომლებმაც ევროპულ ლიგებში (არ იგულისხმება: რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და უკრაინის ჩემპიონატები) დიდ წარმატებას მიაღწიეს.

1) კახა კალაძე ("მილანი", "ჯენოა")

კახა კალაძე ამ მომენტისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია. ყოფილმა მცველმა "მილანთან" ერთად სერია A, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი,
იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ) მოიგო. კახა "როსონერის" "ოქროს წლებში" უდიდეს როლს თამაშობდა და გუნდის შეუცვლელი წევრი იყო, კარიერის დასასრულს კი რამდენიმე წელი "ჯენოაში" გაატარა. ჯამში 247 მატჩი სერია A-ში, 70 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 83 თამაში საქართველოს ნაკრებში.

Sportall.Ge

2) ლევან კობიაშვილი ("ფრაიბურგი", "შალკე", "ჰერტა")

ლევან კობიაშვილმა "ფრაიბურგში" 5 წელი გაატარა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემდეგ კი "შალკესა" და "ჰერტაში" ითამაშა. გელზენკირხენელთა რიგებში ლევანმა ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-თან ჰეთ-თრიკი შეასრულა და 2005/06 წლების სეზონში გერმანული გუნდი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. "კობიმ" გერმანიის ჩემპიონატში ჯამში 531 მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრებში კი 100 მატჩი გამართა.

Sportall.Ge

3) ზურაბ ხიზანიშვილი ("დანდი", "რეინჯერსი", "ბლექბერნი", "ნიუკასლი", "რედინგი", "ქაისერისპორი")

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა "რეინჯერსის" რიგებში შოთა არველაძესთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგო, კარიერის უდიდესი ნაწილი კი პრემიერლიგაში გაატარა. "ბლექბერნის" რიგებში კარგი სეზონი ჩაატარა და გუნდმა მე-6 პოზიცია დაიკავა. "თეთრ-ლურჯები" მომდევნო ორი წელი უეფას თასზე გამოდიოდა. სათამაშო დროის სიმცირის გამო ზურამ კარიერა იჯარის წესით ჯერ "ნიუკასლში", შემდეგ კი "რედინგში" განაგრძო. ქართველმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 62, ხოლო საქართველოს ნაკრებში 91 მატჩი გამართა.

Sportall.Ge

4) თემურ ქეცბაია ("ანორთოსისი", აეკ-ი, "ნიუკასლი", "ვულვზი", "დანდი")

აეკ-ში ჩატარებული 3 წარმატებული სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიამ კარიერა "ნიუკასლში" განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და "კაჭკაჭების" რიგებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. შემდეგ იყო "ვულვერჰემპტონი", "დანდი" და 5 წელი კვიპროსის ჩემპიონატში. თემურმა პრემიერლიგაში 76 მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების მაისური კი 52 შეხვედრაში მოირგო.

Sportall.Ge

5) ალექსანდრე იაშვილი ("ფრაიბურგი", "კარლსრუე")

საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა 10 წელი "ფრაიბურგში" გაატარა, ბუნდესლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ კი გუნდი არ მიატოვა და მიუხედავად არაერთი მსურველისა, ასპარეზობა რანგით დაბალ ლიგაში განაგრძო; 2007 წელს კი "კარლსრუეს" შეუერთდა. იაშვილმა გერმანიის ჩემპიონატში ჯამში 481 შეხვედრა ჩაატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 67 მატჩია.

Sportall.Ge

6) გიორგი ქინქლაძე ("მანჩესტერ სიტი", "აიაქსი", "დერბი ქაუნთი")

ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა გიორგი ქინქლაძეა. "ქალაქელთა" გულშემატკივრებს "ქინქი" დღემდე უყვართ. გიორგიმ მანჩესტერული კლუბისთვის არაერთი მატჩი მოიგო, ბოლომდე უერთგულა და პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ გუნდი არ დატოვა. ქინქლაძემ ძალები "აიაქსშიც" მოსინჯა, თუმცა მწვრთნელთან უთანხმოების გამო მოედანზე დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა. რამდენიმე სეზონი "დერბიში" გაატარა, საიდანაც კვიპროსის "ანორთოსისს" მიაშურა. პრემიერლიგაში ჯამში 102 შეხვედრა ჩაატარა, საქართველოს ნაკრების ღირსება კი 54-ჯერ დაიცვა.

Sportall.Ge

7) ლევან ყენია ("შალკე", "სლავია")

ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, ლევან ყენიას ევროპული კარიერა ხანმოკლე გამოდგა. ყენია 18 წლის ასაკში "შალკეს" შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდა და გერმანული კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო ჩვეული ფორმის დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ლევანმა ერთ სეზონში "შალკესთან" ერთად გერმანიის თასი მოიგო და ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა; საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯამში 29 მატჩი ჩაატარა, ახლა კი გერმანულ "იურდინგენთან" ერთად ობერლიგაში გამოსვლას განაგრძობს.

Sportall.Ge

8) კახა ცხადაძე ("აინტრახტი", "მანჩესტერ სიტი")

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა კახა ცხადაძემ კარიერის საუკეთესო პერიოდი ბუნდესლიგაში, "აინტრახტის" რიგებში გაატარა, სადაც 64 მატჩი გამართა. შემდეგ იყო "ალანია" და 2 წელი "მანჩესტერ სიტიში". "ქალაქელებს" იმ პერიოდში საუკეთესო დრო არ ედგა და პრემიერლიგაში დასაბრუნებლად იბრძოდა. საქართველოს ნაკრების მაისურით ცხადაძემ 31 მატჩი ჩაატარა, 2015/16 წლებში კი ეროვნულ გუნდს წვრთნიდა.

Sportall.Ge

9) ლევან მჭედლიძე ("პალერმო", "ემპოლი")

ლევან მჭედლიძემ სერია A-ში 6 სეზონი გაატარა, ორი "პალერმოში", ოთხი კი "ემპოლიში". მართალია, ის არასდროს ყოფილა ვარსკვლავი - იტალიის ჩემპიონატის 75 მატჩიდან 55-ში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა ორივე გუნდის მაისურით არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, მაგალითად, ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" წინააღმდეგ. ტრავმების გამო მისი კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ისურვებდა. ლევანი ახლა 32 წლისაა და უკვე მესამე წელია საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. მჭედლიძემ საქართველოს ნაკრების მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა. თუ სასურველ ფორმას აღიდგენს, არაა გამორიცხული, ვილი სანიოლმა ფორვარდს კიდევ ერთი შანსი მისცეს.

Sportall.Ge

10) გურამ კაშია ("ვიტესი", "სლოვანი")

გურამ კაშიამ ერედივიზიონში, "ვიტესის" რიგებში 8 წელი იასპარეზა. ამ პერიოდის განმავლობაში არნემელთა გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელი და ლიდერი გახდა. "ვიტესში" ჯამში 293 მატჩი ჩაატარა და 2017 წელს ჰოლანდიის თასის გამარჯვებული გახდა. კაშიამ ძალები MLS-შიც მოსინჯა, დღესდღეობით კი "სლოვანის" მაისურს ირგებს და 35 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების კაპიტანია.

Sportall.Ge

11) გოგა გახოკიძე (პსვ, "ტვენტე")

ქართველ გარემარბ გოგა გახოკიძეს ევროპულ ლიგებში ბევრი არ უთამაშია - 58 მატჩი პსვ-ში და 53 "ტვენტეში", მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში "ეინდჰოვენის" იმ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, სადაც რუდ ვან ნისტელროი, მატია კეჟმანი, არიენ რობენი, მარკ ვან-ბომელი და პარკ ჯი-სუნი თამაშობდნენ. გახოკიძე პსვ-სთან ერთად 2001 და 2003 წლებში ერედივიზიონის გამარჯვებული გახდა. გახოკიძეს საქართველოს ნაკრებში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

Sportall.Ge

12) ლევან ცქიტიშვილი ("ფრაიბურგი", "ვოლფსბურგი", "პანიონისი")

ლევან ცქიტიშვილმა "ფრაიბურგში" თამაში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო და ამ გუნდში 7 წელი გაატარა. ცქიტიშვილი ბუნდესლიგა 2-ის გამარჯვებულიც გახდა, შემდეგ კი იყო წარუმატებელი იჯარა "ვოლფსბურგში". ეროვნული გუნდის ღირსება 58-ჯერ დაიცვა.

Sportall.Ge

13) გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია")

გიორგი მამარდაშვილი, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია, ევროპულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, "მამარდა" ჯენარო გატუზოს გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მეკარეა, 2021/22 წლების სეზონში კი ესპანეთის სუპერთასის ფინალშიც იასპარეზა, სადაც "ვალენსია" "ბეტისთან" დამარცხდა.

Sportall.Ge

14) შოთა არველაძე ("ტრაბზონსპორი", "აიაქსი", "რეინჯერსი", "ალკმაარი", "ლევანტე")

შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით). შოთი "აიაქსის" ნამდვილი ვარსკვლავი იყო, ამსტერდამელთა რიგებში 96 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, შოტლანდიის ჩემპიონატში ადგილობრივ დონეზე ყველა ტიტული მოიგო, 35 წლის ასაკში კი ლა ლიგაშიც იასპარეზა და ტრავმის გამო "ლევანტეს" მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. არველაძე ევროპულ ლიგებში 15 წლის განმავლობაში გამოდიოდა, ჯამში 447 მატჩში 244 გოლის გატანა მოახერხა, რაც ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელია. ფორვარდმა საქართველოს ნაკრებში 61 შეხვედრა ჩაატარა.

Sportall.Ge

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაშია ამ სიაში არ უნდა იყოს, ლგპტ დამცველი ფეხბურთელია
irakli
10:02 25-10-2022
66
ცხადაძე ჯობდა კალაძეს ბევრად,კალაძეს გაუმართლა მილანში მალდინის გვერდით რომ თამაშობდა.
გრიშა
11:40 25-10-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული