"დავუყვირე, აქედან ცოცხლებმა უნდა გავაღწიოთ-მეთქი; ვხედავდი, ზოგი ფანჯრიდან ხტებოდა, ზოგი აივნიდან" - ხატია ჭყონია მიწისძვრის ეპიცენტრში მომხდარ ამბავს ჰყვება

AutoSharing Option
33 წლის ქართველი ფეხბურთელი ხატია ჭყონია მიწისძვრისას თურქეთის სწორედ იმ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც ეპიცენტრი იყო. 3 დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება არ ხერხდებოდა. ხატია სოციალურ ქსელებში გუშინ გამოჩნდა.

3 თვეა, რაც საქართველოს ქალთა ნაკრების თავდამსხმელი ქალაქ ჰატაის საფეხბურთო კლუბში მიიწვიეს. ამ დროის განმავლობაში მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

- ხატია, პირველ რიგში, გილოცავთ გადარჩენას. ძნელი წარმოსადგენია, რა მძიმე დღეები გაიარეთ...
- მადლობა. კი, მართლაც წარმოუდგენლად საშინელი დღეები გავიარეთ. თამაშიდან მოვედით იმ საღამოს, დაღლილები ვიყავით და დასაძინებლად მალევე დავწექით. დილის 4 საათი
იქნებოდა, უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა. რამდენიმე წამში კი სახლმა რწევა დაიწყო. მაშინვე მივვარდი მეგობრებს და მათი გაღვიძება დავიწყე. დავუყვირე, უნდა გამოვფხიზლდეთ და აქედან ცოცხლებმა გავაღწიოთ-მეთქი. შოკი ჰქონდათ...

რამდენიმემ ფანჯრიდან გადახტომა სცადა. ვუყვიროდი, ნუ გეშინიათ, ერთად თუ ვიქნებით, არაფერი მოგვივა, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი. ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და ვცდილობდით, კარის ქვეშ ვმდგარიყავით, მაგრამ შეუძლებელი იყო. ბიძგები თანდათან ძლიერდებოდა და კედლიდან კედელზე გვახეთქებდა. ამ დროს მსუბუქად დავშავდით ყველანი. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბეთ და ხელჩაკიდებულებმა გამოვაღწიეთ გარეთ. ძალიან რთული იყო მესამე სართულიდან ჩამოსვლა, გვეშინოდა კიბეზე ჩამოსვლის, მაგრამ ძალა მოგვეცა და შევძელით. სასწაულებრივად გადავრჩით...

ვუყურებდი, ჩემ თვალწინ წამებში როგორ იბზარებოდა კედლები, შემდეგ კი იყო საშინელი ხმები. მიწის გასკდომის, ლეწვის, ნგრევის, კივილის... ვხედავდი, რომ ზოგი ფანჯრიდან ხტებოდა, ზოგი აივნიდან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
უყოჩაღია ნათიას! მთავარია რომ გადარჩა. ვულოცავ მას და ყველა მის ახლობელს.
გიორგი
16:05 10-02-2023
0
გადარჩენილებს მთელი ცხოვრება გაყვება შიში, სტრესი, მათი თვალებიდან არასდროს წაიშლება ის საშინელი წუთები, ეს შიში ბევრჯერ გაუფრთხობთ ძილს...
რეალისტი
16:59 10-02-2023
1

სიახლეები პოპულარული