"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან

AutoSharing Option
"საბურთალოს" ყოფილმა მწვრთნელმა ომათ თეთრაძემ Match Tv-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუს იმ მონაკვეთებს, სადაც ის ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, "საბურთალოში" გატარებულ პერიოდზე და ჩვენი ფეხბურთელების რუსეთის პრემიერ ლიგაში შესაძლო თამაშზე საუბრობს.

-თქვენი აზრით, გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში?

-ვფიქრობ, გაუმჯობესდა. ახალგაზრდობა ბოლო წლებში ვითარდება. ნახეთ, რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ახლა ევროპაში. საქართველოს ნაკრებს თუ გადავხედავთ, 95% ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობს, იქ იმდენი რუსი არ არის. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის დონემ აიწია.

დიახ, ახალგაზრდობა ყოველთვის კარგი
იყო, მაგრამ იმავე ეროვნულ გუნდს ოდნავ განსხვავებული შედეგები ჰქონდა, თუმცა შემადგენლობა სახელებით უფრო ძლიერი იყო. დიდი ალბათობით, ეს ფეხბურთისადმი დამოკიდებულებით არის განპირობებული. მძიმე დრო საქართველოში უკვე წავიდა და ამავეს თქმა ფეხბურთზეც შეგვიძლია. 

-მიუხედავად ამისა, ჯერაც არ შეგიცვლიათ პოზიცია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ძალები რუსეთში უნდა მოსინჯონ...

-ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთის ჩემპიონატი ხომ ძალიან რთული სათამაშოა. საქართველოსაც კარგი მომზადება აქვს, მაგრამ RPL უფრო მაღალ დონეზეა. კარგი სკოლაა.

ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი - ხვიჩა კვარაცხელია, რომლისთვისაც რუსეთის ლიგაში თამაში მხოლოდ სარგებელის მომტანი იყო. მას შემდეგ ევროპაში ბევრად უფრო გაუადვილდა. კვარაცხელიას ახლა ამ დონეზე თამაში რუსული ფეხბურთის დიდი დამსახურებაა.

- რატომ დატოვეთ ქართული კლუბი?

-არ ვიტყუები. უკვე ვგრძნობდი, რომ " რაღაც"დავკარგე. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი: გუნდში ერთი ქართველი კარგია, მაგრამ ორი ბევრია (იცინის). აქ კი მთელი გუნდია.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს შესვენება გვქონდა. ბიჭები გავუშვი, შესვენების შემდეგ შევკრიბე ისინი და ვიგრძენი, რომ გუნდში რაღაც ისე არ იყო.

მერე პატრონს მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ ვერ გავუმკლავდი. ანუ იმ დროს უკვე მინდოდა გუნდის დატოვება, თუმცა გვქონდა შანსი ჩემპიონობისთვის გვებრძოლა - პირველ ადგილს სამი ქულით ჩამოვრჩებოდით.

ამიტომ ხელმძღვანელობას რამდენჯერმე შევხვდით. მივხვდი, რომ " რაღაც"დავკარგე და მიზეზი ვერ ვიპოვე. ბოლოს გადავწყვიტე, რომ უნდა წავსულიყავი. მე ვუთხარი მფლობელს: "თუ თასის ან ჩემპიონატის მოგება გინდა, მე უნდა წავიდე". ასე დავტოვე კლუბი. მათსავე სასიკეთოდ, თუმცა მართლა არ უნდოდათ ჩემი გაშვება.

-პირადად თქვენ სად გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად შინაგანი გრძნობებიდან გამომდინარე - რუსეთში თუ საქართველოში?

-ჩემთვის სულ ერთია. რუსეთიც და საქართველოც ჩემი სახლია. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. ყველაფერი, რაც მაქვს, ჩემმა ქართულმა აღზრდამ მომცა. მაგრამ რუსეთმაც ბევრი მომცა. რუსეთში 21 წლის ასაკში მოვედი. ესეც ჩემია. მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა.

-საქართველო ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა?

- რა თქმა უნდა, ქვეყანა იცვლება. ყოველწლიურად პროგრესირებს, წინ მიიწევს, მიუხედავად ყველა სირთულისა. ერთ ადგილას არავინ დგას. ყველა ვითარდება. პოლიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკას განზე დავტოვებ. მაგრამ ჩამოსვლისთანავეც კი ყოველთვის შეგიძლიათ იგრძნოთ რა ხდება ქვეყანაში.

-როცა 2023 წელს იქ მუშაობდით, იგრძენით რამდენით მეტი რუსი იყო საქართველოში?

-პრინციპში, საქართველოში ბევრი რუსი იყო. ასევე ბევრი იყო ბელორუსი და უკრაინელი. და ყველა მშვიდად ცხოვრობს. ანუ არ არსებობს ისეთი რამ, რომ ადამიანები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.

საკუთარი წესდებით უცხო ქვეყანაში წასვლა არასწორია და ამის უფლებას საქართველოში არავინ მოგცემთ. ოდესღაც ჩემი წესდებით რუსეთში რომ მოვსულიყავი, ვინ მომცემდა რაიმეს უფლებას? - ასეთი რამ ყოველთვის ადამიანის ცნობიერებაზეა დამოკიდებული.

ანუ პოლიტიკა პოლიტიკაა და უბრალო ხალხისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქართველები ძალიან მეგობრულები, სტუმართმოყვარეები არიან, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არც არის საჭირო. ასე რომ, ახლა რუსები თავს კომფორტულად გრძნობენ საქართველოში. დიახ, ყოველთვის შეიძლება იყოს სადღაც ადამიანების კატეგორია, რომელიც რუსების წინააღმდეგ ყვირის. ასეთი ხალხი ყველა ქვეყანაშია. მაგრამ არა დიდი რაოდენობით. გულთან არ მიიტანოთ.

-ქართველებიდან თუ გქონიათ რაიმე პრეტენზია, რადგან დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობთ და მუშაობთ?

-არანაირი. საქართველოში რუსული ნომრებით მანქანითაც კი დავდივარ. უპრობლემოდ ჩავრბივარ ქვეყანაში და მერე თავისუფლად შემიძლია წამოვიდე. საყვედურები არასოდეს ყოფილა. თუმცა, როცა მანქანას ვატარებ, არავინ იცის, რომ მე ვმართავ. პრობლემები არ არის. შეიძლება მილიონიდან ერთმა თქვას რამე, მაგრამ ეს ადამიანი ავად იქნება".

შეხსენებისთვის, თეთრაძე ახლა რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარი "უფას" მთავარი მწვრთნელია.
მკითხველის კომენტარები / 39 /
აბა დევნილებს გვკითხე როგორი დამოკიდებულება გვაქვს რუსებთან და რუს "ლტოლვილებთან",ყველა ქართველის სახელით რატომ ლაპარაკობ ომარ??
სამაჩაბლოელი
15:29 13-02-2025
7
ეგ ყველაფერი მათ მოუყევი, ვინც "ჩეკას" მიერ დახოცილი მშობლებისა და შვილების ცხედრებიც კი ვერ დაიტირა! 9 პარილს ალესილი ნიჩბებით დაჩეხილი ქართველების ოჯახებს, მათ ვისაც აფხაზეთში თვალწინ გაუუპატიურეს და დაუწვეს ჯალათებმა უცოდველი ქალიშვილები, შინდისში ჩახოცილი ბიჭების მშობლებსა და შვილებს მოუყევი, მამა-პაპისეული საკარმიდამოდან გამოყრილ და ათწლეულობით მშობლიურ მიწას მოწყვეტილ დევნილებს! სია ულევი და თვალუწვდენელია. თემურ ლენგს არ დაუტრიალებია იმდენი უბედურება საქართველოში, რაც რუსეთმა და მისმა დამქაშებმა დაატრიალეს. თუნდაც იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში პროპაგანდით მეთოდურად რეცხენ ვაი ქართველთა ტვინებს, სადაც არ გაუვიდათ - აწამეს, დახვრიტეს, დაატუსაღეს, გადაასახლეს და მიიღეს "ახალი ქართველი", იგივე "გრუზინი", საჯიშედ გამოყვანილი, გაწვრთნილი, ნახედნი და მორჩილი. სტომაქშევსებული, უდარდელი, უდრტვინველი, აუჩქარებელი, არხეინი, სახეცვლილი აზროვნებით, მენტალობითა და აღრეული ფასეულობებით ანდა სულაც ფასეულობებისგან დაცლილი. ტკბილ და მაძღარ მონობას ვინც ქადაგებს, ისაა თავისუფალი აზროვნების და თავისუფლად შობილი ადამიანის უპირველესი მტერი. ვინც რუსეთსა და საქართველოს ერთ პრიზმაში განიხილავთ, ერთმორწმუნეობას იჩემებთ, რუსეთის წიაღში აყვავებული საქართველოსა და თავაწეული ქართველის მითს ჩარხავთ - ყველანი რუსეთის მოციქულები ხართ და შესაბამისი სათავსოც გელით მიწისქვეშეთში. ლუციფერის ალესილი სამკაპა და გავარვარებული კუპრი არ მოკლდებოდეს თქვენს სათუთ საჯდომებს. ამინ!
რუსეთს რა?!...
13:36 13-02-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული